,,თანაინვესტირების ფონდის მთავარი მიზანია მსხვილი უცხოელი ინვესტორებისთვის ძლიერი საინვესტიციო პლატფორმის შეთავაზება”
,,ენერგეტიკის მიმართულებით არსებული საინვესტიციო პროექტების ღირებულება 150 მლნ დოლარიდან იწყება და 750 მლნ დოლარსაც კი აღწევს”
ტელეკომპანია CNBC-მ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის საინვესტიციო მიმართულების მმართველ დირექტორს, ირაკლი მენაბდეს უმასპინძლა. ინტერვიუს ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის საქმიანობას, საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატს და მასზე BREXIT-ის შესაძლო გავლენას. ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას.
ირაკლი მენაბდეს განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებასთან ერთად იზრდება ფონდის როლიც უცხოელ ინვესტორთა მოზიდვის კუთხით. “ფონდის სახით ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სოლიდური კერძო საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოსვლით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორთათვის ძლიერ ადგილობრივ პარტნიორს წარმოადგენს. ფონდს შეუძლია მოიძიოს და ინვესტორებს შესთავაზოს კომერციულად მიმზიდველი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ ამონაგებს ინვესტიციაზე (IRR).
ჩვენ განვიხილავთ მინიმუმ 5 მლნ ამერიკული დოლარის ჯამური საინვესტიციო მოცულობის პროექტებს, რომელთა IRR მაჩვენებელი 17%-ს აღემატება. ენერგეტიკის მიმართულებით გვაქვს რამდენიმე მიმდინარე საინვესტიციო პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობები 150 მლნ ამერიკული დოლარიდან იწყება და ერთ-ერთი პროექტის შემთხვევაში 750 მლნ ამერიკულ დოლარს აღწევს. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი მსხვილი უცხოელი ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის ფონდის სახით ძლიერი საინვესტიციო პლატფორმის შეთავაზებაა”, – განაცხადა ირაკლი მენაბდემ.
CNBC-ის ჟურნალისტი საქართველოზე BREXIT-ის ფაქტორის შესაძლო გავლენითაც დაინტერესდა. მენაბდეს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე გავლენა არ ჰქონია.
“აღნიშნულ თემაზე საუბრისას ვფიქრობ ორ ძირითად საკითხს უნდა შევეხოთ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო უცხოელ ინვესტორთათვის მიმზიდველ ქვეყნად რჩება. ამაზე მიუთითებს 2016 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით გაორმაგებულია.
რაც შეეხება უშუალოდ BREXIT-ის ფაქტორს, მოგახსენებთ, რომ საქართველოში ბრიტანული ბიზნესები მრავალი წელია წარმატებით ოპერირებენ და ვფიქრობ, ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ რეფერენდუმს არანაირი გავლენა არ ექნება.
ხსენებულ ბიზნესებზე და არც ბრიტანეთისა და საქართველოს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე. თუმცა რასაკვირველია, საქართველოდან ვაკვირდებით პროცესის განვითარებას და ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ურთიერთობის ის ოპტიმალური პლატფორმა, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ჩამოყალიბდება”, – განმარტა მენაბდემ.
ინტერვიუს მსვლელობისას, ირაკლი მენაბდემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზეც ისაუბრა. CNBC-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რამდენად მიმზიდველია ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის მას შემდეგ რაც ბრიტანეთმა დატოვა გაერთიანება, ირაკლი მენაბდემ განაცხადა”
“ევროკავშირთან ძალიან საინტერესო ურთიერთობები გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აქტიურად გააგრძელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) ასოცირების შეთანხმების უნიკალური კომპონენტია, რომელიც ევროკავშირთან განსაკუთრებული პარტნიორობის საშუალებას გვაძლევს. შეთანხმების შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფო ახორციელებს ყველა საჭირო სტრუქტურულ რეფორმას, რათა მაქსიმალურად თანხვედრაში ვიყოთ ევროკავშირის რეგულაციებთან.
ეს არის სწორი გზა ქვეყნის განვითარებისთვის და საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისთვის, განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა ქვეყნისთვის, რათა მოხდეს პროდუქციის და მომსახურების ექსპორტისთვის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. მაგრამ, რაც მთავარია ეს პარტნიორობა გვაძლევს გადასახადებისგან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას მრავალი ქვეყნისგან შემდგარ ბაზართან, რომელიც ჩვენთვის DCFTA-ს წყალობით ერთიან სავაჭრო სივრცედ იქცა”, – განაცხადა ირაკლი მენაბდემ.
გიორგი კაპანაძე