როგორ მიმდინარეობს აჭარაში ტურისტული ზაფხული
აჭარაში ტურისტული ინდუსტრია ყოველთვის იყო და დარჩება ბიზნესის და ზოგადად ეკონომიკის წამყვან ძალად, აქ კერძო ინვესტიციების დიდი ნაწილი სწორედ ტურიზმზე მოდის, 2015 წლის მონაცემებით ინვესტიციებში ტურიზმის პროცენტული მაჩვენებლი 39 %-ს შეადგენს. ამ ფონზე, უდიდეს ყურადღებას ითხოვს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობა, რომელიც სახელმწიფო ინიციატივების მთავარი კურატორია რეგიონში. გთავაზობთ, იმ საქმიანობების მოკლე აღწერას მიმართულებების მიხედვით, რა შედეგებსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მიმდინარე წელს მიაღწია.
მარკეტინგული აქტივობები
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდას, ტურისტული პროდუქტების იდენტიფიცირებას, დივერსიფიკაციასა და განვითარებას.
მარკეტინგული ღონისძიებები და პიარ-აქტივობები სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ ბაზრებზე არის სწორედ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საქმიანობისა, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს რეგიონის, როგორც ტურისტული დესტინაციის პოპულარიზაციასა და ტურისტების მზარდ სტატისტიკას რეგიონში.
2015 წელს ტურიზმის დეპარტამენტმა სარეკლამო კამპანია აწარმოა 10 სამიზნე ქვეყნის 20-ზე მეტ ქალაქში (ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, თურქეთი, ისრაელი, პოლონეთი, ლიტვა, საქართველო). სარეკლამო კამპანიები მოიცავდა გარე რეკლამას ბილბორდებსა და ეკრანებზე ხალხმრავალ ადგილებში.
გარდა ტრადიციული მარკეტინგული ღონისძიებებისა, დეპარტამენტი წლის დასაწყისიდან დღემდე 11 ქვეყანაში (ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი, ლიტვია, ბელორუსია, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო), ახორციელებს რეგიონის ონლაინ რეკლამირებას სოციალური მედია ინსტრუმენტებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
PR აქტივობები
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევითა და ორგანიზებით 2015 წელს უკვე ჩატარდა 19 საინფორმაციო ტური, რომლის ფარგლებშიც დეპარტამენტმა უმასპინძლა 98 ჟურნალისტსა და 79 ტუროპერატორს (სულ 177 ტურიზმის დარგის პროფესიონალი). გამოქვეყნდა 100-მდე სარეკლამო ხასიათის სტატია ჩვენს სამიზნე ქვეყნებში, ასევე გადაღებულ იქნა არაერთი სატელევიზიო სიუჟეტი აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის შესახებ.
წელს პირველად, სარეკლამო ხასიათის პიარ-აქტივობებს ვახორციელებთ არამარტო სეზონამდე პერიოდში, არამედ ივლისი-აგვისტოს ცხელ დღეებშიც. უახლოეს მომავალში დეპარტამენტი უმასპინძლებს ჟურნალისტებს თურქეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიიდან.
უკვე მივიღეთ მონაწილეობა 14 საერთაშორისო გამოფენასა და სხვადასხვა საერთაშორისო დონის ღონისძიებებსა და ეკონომიკურ ფორუმებში, სადაც მუდმივად ვახდენდით რეგიონის პოპულარიზაციას. სპეციალურ სტენდებში განახლებული სარეკლამო-საინფორმაციო მასალების წარმოჩენასთან, პრეზენტაციებთან ერთად იმართებოდა საქმიანი შეხვედრები სამიზნე ქვეყნების ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან, განხორციელდა სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობა და დაიგეგმა სამომავლო პროექტები. წლის ბოლომდე 25 ასეთ გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას.
სტატისტიკა
ზრდის დადებითი ტენდენცია გვაქვს იანვარ-ივნისის სტატისტიკაში. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე ტურიზმის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემებით, რომლის მიხედვითაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, რადგან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შარშანდელი წელი ტურუსტთა რაოდენობით იყო ყველაზე გამორჩეული წელი, ასევე იმ რეალობას, რომ ჩვენს სამიზნე ქვეყნებში არასახარბიელო სოციალურ-პოლიტიკური ვითარებაა, ეს მცირედი ზრდა, ისევე როგორც ზოგიერთი ქვეყნის მიხედვით იგივე ნაკადის შენარჩუნება, ნამდვილად კარგი შედეგია. როგორც ხედავთ, ივნისის თვის მაჩვენებლები არა თუ შენარჩუნდა, არამედ მცირედი ზრდაც (0,44 %) დაფიქსირდა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პროცენტული ზრდის მაჩვენებლებით გამოირჩეოდა ყაზახეთი (+ 9,4 %), ბელორუსია (+ 7,9 %), ლიტვა (+ 3,1 %), რუსეთი (+ 2,3 %) და ისრაელი (+ 2,3 %).
ბოლო წლებში ტურისტების სტატისტიკური ზრდის მაჩვენებელი ხშირად უფრო ნაკლებად გვეჩვენება, ვიდრე ქალაქში შემოსული ტურისტების რეალური რაოდენობაა. სასტუმრო ინდუსტრიის უპრეზედენტო განვითარებასთან ერთად რეგიონში მომრავლდა კერძო სექტორის მიერ ბინების, აპარტამენტებისა თუ სასტუმრო სახლების შეთავაზება, რითაც ძალიან ბევრი უცხოელი თუ შიდა ტურისტი სარგებლობს. ტურიზმის დეპარტამენტში 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე აქტიური სამუშაოები გატარდა ტურიზმის სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებისა და ტურისტული კვლევების წარმოების საქმეში. წელს პირველად, აგვისტოს თვეში, განხორციელდება განთავსების ობიექტების სრული აღწერა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ტურიზმის დეპარტამენტის დაარსებიდან დღემდე. დაიწყება ახალი მეთოდოლოგიით სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შემდგომი ანალიზი. ყოველივე ეს კი, საშუალებას მოგვცემს 2016 წლიდან ჩვენს სტატისტიკურ მონაცემებში ჩართული იყოს კერძო სექტორი, რაც ტურისტების რაოდენობის ბევრად უფრო რეალურ სურათს შექმნის. აღსანიშნავია, რომ ტურისტული ბაზრის კვლევა მოიცავს როგორც შიდა სამომხმარებლო ბაზრის კვლევას, ისე უცხოელ ვიზიტორთა კვლევებს.
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო
ტურიზმის დეპარტამენტის ბაზაზე არსებულ ბათუმის ტურისტული სააგენტოში სრული რეორგანიზაცია მიმდინარეობს. სრულიად იცვლება სააგენტოს ფუნქციები და იგი ამიერიდან ორიენტირებული იქნება რეგიონის იმ ტურისტული პოტენციალის ათვისებაზე, რომელიც უკავშირდება მთიან აჭარას და აქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს.
ბოლო წლებია ტურიზმის დეპარტამენტმა აქტიური მუშაობა დაიწყო ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე, კერძოდ სოფლად ტურიზმის, ღვინის ტურიზმისა და ფრინველების ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას, ისე მთიანი აჭარის მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას.
2013-2014 წლებში დეპარტამენტმა მოახდინა 10 ახალი ტურისტული მარშრუტის შედგენა და მარკირება. პროექტი გულისხმობდა ნიშნულების განთავსებას ყველა მარშრუტზე და აჭარის ერთიან ეკოტურისტულ რუქის დამზადებას (ელექტრონული და საბეჭდი ვერსიები). 2015 წლის სეზონამდე სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის საშუალებით ტურიზმის დეპარტამენტმა მოახდინა შემუშავებული და მარკირებული მარშრუტების მონიტორინგი და მათი 2015 წლის ტურისტული სეზონისთვის მზაობის შემოწმება. მარკირების დასრულების შემდეგ მოხდა ამ არსებული 5 ტურისტული მარშრუტის სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისათვის პრეზენტაცია, საინფორმაციო ტურების მოწყობა. წელსვე მოხდა ველობილიკის ახალი მარშრუტის მარკირება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციის წევრი გახდა.
მიმდინარე წლის 4 ივნისს კვიპროსში ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციის (Eurogrtes) 2015 წლის გენერალურ ასამბლეაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ფედერაციის ასოცირებულ წევრად მიიღეს. ფედერაციაში გაწევრიანებულია ევროპის 27 ქვეყნის 35 პროფესიული ორგანო. ფედერაცია წარმოადგენს დაახლოებით 500 000 მიკრო საწარმოს, რომლებიც 5-დან 6,5 მილიონამდე საწოლ ადგილს ითვლის.
ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციაში გაწევრიანებით აჭარის ტურისტული მეურნეობები მოხდება სოფლად ტურიზმის საერთაშორისო საინფორმაციო ბაზაში. აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს საშუალება მიეცემა მიიღოს ევროპული გამოცდილება, დანერგოს ევროპული/საერთაშორისო სტანდარტები და მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის სხვადასხვა აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის სოფლად ტურიზმის განვითარებას, ისე აჭარის რეგიონის სოფლად ტურიზმის ცნობადობის გაზრდას ევროპის მასშტაბით.
სერვისები
2015 წლის სეზონზე რეგიონის მასშტაბით 8 ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ემსახურება. წელს პირველად, საინფორმაციო ცენტრები ერთიანი დიზაინის (საქართველოს დროში ფერებში) ქვეშ მოექცა.
წელს პირველად, ჩვენს საინფორმაციო ცენტრებში ტურისტებს შეეძლებათ ფასდაკლებების ბარათის შეძენა, რომელიც სხვადასხვა სერვისს გააერთიანებს, კერძოდ ერთთვიანი ბარათი მოიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის 15 ბილეთს, ტელეფონის სიმ-ბარათს, 5%-იდან 30%-მდე ფასდაკლებებს რეგიონის ტურისტულ ობიექტებში (სასტუმროები, კაფე-რესტორნები, ატრაქციები). წელს პირველად, ბულვარის შესასვლელში მდებარე საინფორმაციო ცენტრი ტურისტებს ბარგის შენახვისა და ბათუმის ღია ბარათების გაგზავნის სერვისს სთავაზობს. საინფორმაციო ცენტრი საბაგირო გზასთან 24 საათიანი სერვისით ემსახურება ქალაქის სტუმრებს. ამოქმედდა ასევე ცხელი ხაზი, რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მიმდინარე წელს მუშაობა დაასრულა ახალ, მობილურ მოწყობილობებთან თავსებად, სამენოვან ოფიციალურ ტურისტულ პორტალზე, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მენიუთი და ინფორმაციებითაა გამორჩეული. რეგიონში ჩამომსვლელ ნებისმიერ მსურველს შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს ჩვენთან ჩამოსვლა, განთავსება, აირჩიოს ტურისტული მარშრუტი, ისარგებლოს ეკოტურისტული რუქით, დაინტერესდეს მიმდინარე ღონისძიებებით და ა.შ
სერვისის მიმართულებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2015 წელს კვლავ გააგრძელა დასაქმებული კადრების გადამზადების პროექტი. გადამზადდა განთავსების და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების მმართველი და საშუალო რგოლი. სულ 155 ადამიანი.
წელს პირველად ტრენინგებში მონაწილეობას ღებულობდა უცხოელი ტრენერები (კანადა, თურქეთი, გერმანია).
შედეგები
- 2015 წლის სეზონს აჭარა ახალი ტურისტული ობიექტებით შეხვდა. უახლოეს წარსულში რეგიონში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები Hilton Batumi(247 ნომერი), “Leogrand Hotel & Casino” (180 ნომერი) გაიხსნა. იანვრიდან დღემდე ბათუმს 16 ახალი სასტუმრო შეემატა, რაც დამატებით 594 სასტუმრო ნომერი და 1057 ადგილია. წლის ბოლომდე ეს ციფრი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
- სულ ამ ეტაპზე რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში 292 სასტუმრო, 6690 სასტუმრო ნომერი და 14 846 ადგილია.
ჩვენი მონაცემებით, 2080 დამატებითი ადგილი 2015 წლის ბოლომდე გაჩნდება სასტუმრო სექტორში, ხოლო 2016 წელს მათ რიცხვს კიდევ 1100 სასტუმრო საწოლი შეემატება. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში ბათუმში მსოფლიო ბრენდების სასტუმროების მომრავლებასთან ერთად შეინიშნება საშუალო კლასის სასუმტორების, აპარტ-ოტელებისა და გესთჰაუზების მომრავლებაც, რაც უდავოდ ახალი სასიხარულო ტენდენციაა ტურისტული რეგიონისათვის.
- ვითარდება კვების ობიექტების სექტორიც: 2015 წლის ბოლო 6 თვეში 20-მდე ახალი კაფე-რესტორანი გაიხნა, რომლებიც 1200-მდე ადამიანს იტევს და ქართული და ევროპული სამზარეულოების ფართო არჩევანით გამოირჩევა.
- რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში სულ მალე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კურორტი “გოდერძი”, რომელიც იქნება ოთხ სეზონზე გათვლილი კურორტი და პირველი ტურისტების მიღებას უკვე 2015 წლის ბოლოდან შეძლებს.
კურორტზე სახელმწიფოს მხრიდან მთავარი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დამამამთავრებელ ეტაპზეა, აგვისტოს თვიდან გოდერძზე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა აქტივობის დაწყება. 2016 წლისთვის შექნილი იქნება ისეთი საინვესტიციო გარემო, რომ კურორტს შეეძლება 3500-მდე ადამიანის ერთდროულად მიღება და მომსახურება, თუმცა ამ პოტენციალის ბოლომდე ასათვისებლად საჭირო იქნება კერძო სექტორიდან შესაბამისი ინვესტიციების განხორციელება.
- 2015 წლის სეზონზე დამატებითი ჩარტერული და რეგულარული ფრენები ხორციელდება პოლონეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პოლონეთში სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, მოლაპარაკებები აწარმოა ერთ-ერთ უმსხვილეს პოლონურ ტურ-ოპერატორთან “Rainbow Tours”-თან (http://www.rainbowtours.pl/, რომლის შედეგადაც 2015 წლის სეზონისათვის კომპანია პოლონეთის სამი ქალაქიდან (ვარშავა, კატოვიცე, პოზნანი) ჩარტერულ ფრენების ფარგლებში მგზავრთა რაოდენობის 30%-ით გაზრდას ვარაუდობს. ორმაგდება ჩარტერული ფრენები ცხელ სეზონზე ისრაელიდან და უკრაინიდან. დღევანდელი მონაცემებით, ბათუმის აეროპორტში უცხოელი ვიზიტორები განსაკუთრებით გაზრდილია შემდეგი ქვეყნებიდან: უკრაინა (+52%), ყაზახეთი (+92%), აზერბაიჯანი (+46%) , ბელორუსია (+21%) და რუსეთი (+8%).
ანასტასია კაპანაძე