როგორი იქნება ბათუმის უეფას სტანდარტების სტადიონი
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ სტადიონის მშენებლობის ტერიტორია დაათვალიერა. მინისტრს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია შპს „სტადიონის“ დირექტორმა გიორგი ზირაქაშვილმა გააცნო.
ბათუმში უეფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობის მიზნით, შპს „სტადიონმა“ სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების შემდეგ, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა განხორციელდება და სატენდერო პირობებთან მისი თავსებადობის შემთხვევაში საზედამხედველო მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულება გაფორმდება.
მომდევნო ეტაპზე, ტენდერში გამარჯვებული ტექნიკური ზედამხედველობის კომპანიის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება, რის შემდეგაც მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები დაიწყება.
„ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის განხორციელება ახალ ეტაპზე გადავიდა. სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის მიზნით ელექტრონულ ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ. ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის განხორციელების პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. სტადიონის მშენებლობას საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება და მე მინდა ვუთხრა მათ, რომ ქალაქს მალე აუცილებლად ძალიან მაღალი სტანდარტების სტადიონი ექნება“ – განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.