01/03/2024
Latest:
საზოგადოება

რომელ ხაზებზე დაინიშნება თბილისში ახალი ავტობუსები

მძღოლი მკაცრად დაისჯება, თუ გათბობა-კონდიცირება ჩართული არ ექნება

ახალ ავტობუსები კონდიცირების სიტემით არის აღჭურვილი, – ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “ჩემი კითხვის” ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ახალი ავტობუსები ასევე შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე ადაპტირებული იქნება.

“მიკროავტობუსებს რაც შეეხება, მოგვიწია ინტენსიური მუშაობა, რომ კონდიცირება ყოფილიყო ჩართული. კომპანიას მძღოლებთან სხვა ურთიერთობა აქვს და მოუწია შეღავათების გაწევა მიკროავტობუსებისთვის, რომ კონდიცირება ჩართულიყო, თუმცა დამატებითი სამუშაოების ჩატარება მოგვიწია და მძღოლების დაახლოებით 70%-ს ჩართული ჰქონდა კონდიცირება. რაც შეეხება ახალ ავტობუსებს, ისინი თბილისის კლიმატზე მორგებული კონდიცირებით იქნება აღჭურვილი, ავტობუსის მძღოლს აქვს მოჭრილი ხელფასი, მას არ დასჭირდება თქმა, რომ კონდიცირება ჩართოს, რადგან ეს მას არ დააწვება. დამატებით მუშაობს მონიტორინგის სამსახური და მკაცრი სასჯელი იქნება, თუკი საჭირო დროს გათბობა ან კონდიცირება ჩართული არ იქნება”, – აღნიშნა მუმლაძემ.

მისივე განცხადებით, ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე მხოლოდ #61-ე მარშრუტზე ივლის. როგორც მუმლაძემ აღნიშნა, სულ 143 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, მათი ნაწილი დაემატება არსებულ ავტობუსებს, ნაწილი კი ძველებს ჩაანაცვლებს.

“რეალურად, პრობლემა არის ის, რომ პიკის საათებში არის ტრანსპორტის სიმცირე. უკვე ვიცით, ამ პრობლემას როგორ ვებრძოლოთ. ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი 28-ში შემოვა. რაოდენობა დღეს დედაქალაქში ავტობუსების არის 512, რომელიც გადის ხაზზე, ავტობუსების დამატების შემდეგ კი ეს რაოდენობა გაიზრდება 600-მდე და გადაჭედილი აღარ იქნება. ავტობუსები იქნება კომფორტული და დატვირთვა გაიზრდება”, – განაცხადა მუმლაძემ.
მისივე თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ ყველა ავტობუსი მომავალი წლის თებერვლის ბოლომდე შემოიყვანოს.

“ახალ ავტობუსებს მომზადებული კომპანია დახვდება აქ, რომელიც დაამონტაჟებს სალარო აპარატებს, ასევე მოხდება მძღოლების დატრენინგება. პირველ 10 ავტობუსს ალბათ 5-6 ოქტომბერს გავუშვებთ ხაზზე, #61 ავტობუსის მარშრუტზე”, – აღნიშნა მუმლაძემ.