საზოგადოება

თბილისში 3 ახალი საბაგიროს აშენება იგეგმება

მერიის საცობებისგან განტვირთვის გეგმა თბილისში საბაგირო ხაზების განვითარებას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, 2017 წელს დასრულდება რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო ხაზის მშენებლობა. ასევე, დაგეგმილია საბაგირო ხაზების პროექტირება სამგორი-ვაზისუბნის, დელისი-ნუცუბიძისა და მეტროსადგურ უნივერსიტეტიდან ბაგებისა და წყნეთის მიმართულებით. საცობებისგან განტვირთვის გეგმის მიხედვით, ახალი საბაგიროების პროექტირება 2017 წელს უნდა მოხდეს.

როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საუბრისას აცხადებს, რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო ხაზის მშენებლობა ამ ეტაპზე ტექნიკურ ეტაპზეა.

„ტექნიკური საკითხი საკმაოდ რთულია და ამიტომ ვადებს ვერ ვიტყვით, პროექტი აუცილებლად უნდა შედგეს. ასევე მომავალ წელს რამდენიმე ახალ მიმართულებებზე გამოვაცხადებთ, რომლებსაც სჭირდება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება“, – ამბობს ლექვინაძე.

წყარო: ბიზნესკონტაქტი