მსოფლიო

რუბლის გაუფასურების გამო რუსეთმა ხორბლის ექსპორტი შეწყვიტა

ხორბლის რუსმა მწარმოებლებმა, რუბლის კურსის არასტაბილურობის გამო, პროდუქციის ექსპორტი შეწყვიტეს. მათ ახალი საექსპორტო კონტრაქტების გაფორმება რუბლის კურსის სტაბილიზაციამდე შეაჩერეს.

„მეხორბლეები დააკონსერვებენ უცხოეთში ხორბლის მიწოდებას და დაელოდებიან, ვიდრე კურსი არ დასტაბილურდება. სხვა ხარჯებს არაფერი ზღუდავს – სასუქის ფასი ასევე დოლარის კურსზეა მიბმული,“– განაცხადა რუსეთის მეხორბლეთა კავშირის თავმჯდომარემ არკადი ზლოჩევსკიმ.

მისი თქმით, მართალია ხორბალზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა საბაჟო გადასახადი, რომელიც დოლარის კურსზეა დამოკიდებული, ყველანაირ კონკურენტუნარიანობას სპობს.

რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შეზღუდვის შედეგად საქართველოში  პურის გაძვირებას გამორიცხავს მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა, რომელიცაცხადებს, რომ  დაახლოებით 2 თვის მარაგი ქვეყანაში ყოველთვის არსებობს, აქედან გამომდინარე, ეს რისკი პურპროდუქტების ბაზარზე არ არსებობს.

მარაგების გარდა, რუსეთიდან უკვე წამოსულია ხორბლით დატვირთული გემები და ისინი საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა. შედეგად, არსებულ მარაგებს ესეც მიემატება.

სილაგავას თქმით, თუ რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა  არ მოხსნა და რუსული ხორბლის ფასი ევროპულს გაუტოლდა, შესაძლოა საქართველომ ხორბლის მოწოდების  დივერსიფიცირება მოახდინოს და ევროპულ ბაზარზე გადაერთოს. ასევე განიხილება იმპორტი უკრაინიდანაც.

მისი თქმით, დღეს რუსული ხორბლის იმპორტის შეზღუდვაზე მნიშვნელოვანი  ფაქტორია ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში.

სილაგავა აცხადებს, რომ  წისქვილკომბინატები და პურის კომპანიები კონკურენციიდან და ზოგადად, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე, შემჭიდროებულ ფასებში მუშაობენ. შედეგად,  პურზე ფასის ზრდა ამ ეტაპზე  არ მოხდება.

commesrant.ge