18/05/2024
Latest:
მსოფლიო

რუსეთში მიკროკრედიტების გაცემაზე შეზღუდვები წესდება

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ერთ კლიენტზე განუსაზღვრელი რაოდენობის სესხების გაცემა აუკრძალოს. მარეგულირებელი აპირებს განსაზღვროს სესხების რაოდენობის და ერთი მსესხებლისთვის ხელშეკრულების გაგრძელების ლიმიტი. ცენტრალური ბანკის განცხადებით, ეს თავიდან აგვაცილებს სიტუაციებს, როდესაც მსესხებელი ერთ კრედიტს ახალი კრედიტის ხარჯზე იხდის და, შედეგად, დავალიანების მახეში აღმოჩნდება.

ამჟამად რუსეთში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხები, რომელთა წლიური საპროცენტო განაკვეთი 40%–დან იწყება, ბაზრის 44%–ს შეადგენს. სესხები ,,ხელფასამდე” (ერთთვიანი კრედიტი 30 ათას რუბლამდე) კი 18%–ს.

ამასთან, ცენტრალური ბანკის წარმომადგენლის განმარტებით, ,,ხელფასამდე” სესხების დღიური ღირებულება შესაძლოა 2%–ს აღწევდეს, რადგან მათი არდაბრუნების რისკი მაღალია.

რუსეთში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 4 მილიონი კლიენტიდან 13%–ს ორი და მეტი სესხი აქვს, საბანკო სექტორში კი ასეთი მსესხებლების წილი 17,6%–ია.

MoneyMan –ის გენერალური დირექტორი ბორის ბატინი აცხადებს, რომ ერთ ადამიანზე გასაცემი კრედიტების რაოდენობის შეზღუდვა ჭარბი დაკრედიტების პრობლემას ვერ გადაჭრის.
ფინანსური ომბუდსმენის პავლე მედვედევის აზრით კი მსგავსი შეზღუდვა პოპულისტური და უაზრო ზომაა, რადგან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტთა 80% არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ბანკის კრედიტის დაფარვა. ,,იმის ნაცვლად, რომ მათ რესტრუქტურიზაცია შევთავაზოთ, თავს ვაჩვენებთ, თითქოს მათ უფლებებს ვიცავთ. მსესხებლებს უნდა დავეხმაროთ იმით, რომ გავუმარტივოთ სასამართლოებზე წვდომა ფიზიკური პირების გაკოტრების შესახებ კანონის ფარგლებში”, – აცხადებს მედვედევი.

ჭარბი დაკრედიტების პრობლემა მდგომარეობს არა მიკროსესხების რაოდენობაში, არამედ დავალიანების ტვირთის მოცულობაში – დარწმუნებულია ბაზრის კიდევ ერთი წარმომადგენელი ალექსანდრ არიფოვი. მისი თქმით, აუცილებელია ყველა საფინანსო ინსტიტუტს უფრო პასუხისმგებლიანი პოლიტიკა ჰქონდეს მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების თვალსაზრისით, და საკითხი უფრო გლობალურ დონეზე გადაწყდეს.

ცენტრალური ბანკი კი აცხადებს, რომ მოქალაქეთა დავალიანების ტვირთის შემცირებას ხელს შეუწყობს მიკროსაფინანსო სფეროში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად, 29 მარტიდან. დარიცხული პროცენტები და სესხთან დაკავშირებული სხვა გადასახადები სესხის ოთხმაგ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. რუსეთის ცენტრალური ბანკი მომავალში აპირებს ამ კოეფიციენტის ორმაგ მოცულობამდე შემცირებას.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]