17/05/2024
Latest:
საზოგადოება

,,რუსთავი2″–ის დროებითი მმართველების პირველი გადაწყვეტილება

,,რუსთავი2″–ის დროებითი მმართველები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ ა.წ. 5 ნოემბრის საქალაქო სასამართლოს განჩინების თაობაზე საზოგადოების გამოხმაურებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვართ ჟურნალისტები და მედია–მენეჯერები. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებაში არ არსებობდეს კითხვები „რუსთავი 2“–ის დროებით მმართველებად ჩვენი დანიშვნის ირგვლივ.

შესაბამისად, ვინაიდან, საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინება არ არის საბოლოო, ექვემდებარება გასაჩივრებას ჯერ პირველ ინსტანციაში, ხოლო შემდგომ სააპელაციო სასამართლოში და არსებობს სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ტელევიზიის დროებით მმართველებად ჩვენი დანიშვნის გადაწყვეტილება შეიცვალოს, ჩვენ ვაპირებთ, დაველოდოთ გასაჩივრების შედეგებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლოს ეს განჩინება გაივლის გასაჩივრების ყველა ეტაპს და მიიღებს საბოლოო სახეს, მხოლოდ ამის შემდეგ მივიდეთ ტელევიზიაში და შევასრულოთ ხსენებული განჩინებით ჩვენზე დაკისრებული უფლება–მოვალეობები.

ასევე, ვინაიდან, ამ ეტაპზე, „რუსთავი 2“–ის გენერალურ და ფინანსურ დირექტორებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება, მზად ვართ გავიზიაროთ მოქმედი პარტნიორების, კერძოდ ყარამანიშვილების სურვილი და მათ მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ კანდიდატს დაუყოვნებლივ მივანიჭოთ სრული უფლებამოსილება ტელეკომპანიის მართვის საკითხებში.

შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ყარამანიშვილების კანდიდატურას, რომ არ შეიქმნას ტელეკომპანიის საქმიანობაში სამართლებრივი ვაკუუმი და შესაბამისად, ტელეკომპანიას არ შეექმნას გარკვეული პრობლემები საქმიანობაში. ჩვენ, „რუსთავი 2“–ის დროებითი მმართველები ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებულები, რომ ტელეკომპანიამ შეუფერხებლად განაგრძოს მაუწყებლობა. ეს საქართველოს საზოგადოების უმთავრესი დაკვეთაა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის დროებითი მმართველები დავით დვალი რევაზ საყევარიშვილი