28/04/2024
Latest:
საზოგადოება

ვანო ჩხარტიშვილი – ჩემი ადგილი ბიზნესშია და არა პოლიტიკაში

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი უარყოფს გავრცელებულ ხმებს, პოლიტიკაში მისი შესაძლო ჩართვის   თაობაზე და აღნიშნავს, რომ მისი ადგილი იყო და  არის  ბიზნესში. კონკრეტულ გეგმებზე კი იგი  მედიასთან ახლო მომავალში ილაპარაკებს.

ვანო ჩხარტიშვილი ქართულ ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა. მისი ქონება 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული და ბოლო წლების მილიონერთა სიის მუდვივი წევრია. ივანე მიხეილის ძე ჩხარტიშვილი 1964 წლის 30 იანვარს ოზურგეთში დაიბადა. პირველი შრომითი გამოცდილება მშობლიური ოზურგეთის რაიონში მიიღო. 1980-1982 წლებში ის ლიხაურის ჩაის ფაბრიკის მუშა იყო. 1982 წელს მან სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე განაგრძო, რომელიც 1987 წელს დაამთავრა. 1990 წელს დაასრულა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1987-დან 1990 წლამდე ის თბილისის საქალაქო საბჭოსთან არსებული ახალგაზრდული გაერთიანების დირექტორი იყო. 1990-1991 წლებში საქართველოს საქალაქო სამმართველოს სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 1991-1993 წლებში „ბინსოცბანკის” კრწანისის განყოფილების უფროსია, 1993-1994 წლებში კი – სააქციო კომერციული ბანკის, „კრწანისის” გამგეობის საბჭოს თავმჯდომარე.

1994-1995 წლებში ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს შემნახველი ბანკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა, მოგვიანებით – მისი პრეზიდენტი და „ახალი ქართული ბანკის” დირექტორი. 1995-1996 წლებში ის „გაერთიანებული ქართული ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარეა, 1996-1999 წლებში კი – „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 1999-2000 წლებში იგი საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეა, ხოლო 2000-2001 წლებში – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი. 2001-2004 წლებში ჩხარტიშვილი საქართველოს „გადამხდელთა კავშირის“ თანათავმჯდომარეა. 2003-2004 წლებში მან ახალ ასპარეზზე გადაინაცვლა – ტელეკომპანია „მზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 2004 წლიდან კი, ის ისევ ბიზნესშია.

2007 წელს ვანო ჩხარტიშვილმა „ვი თი ბი ბანკი ჯორჯიაში” საკუთარი აქციების წილი ათეულ მილიონობით დოლარად გაყიდა და „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის – საქართველოს“ აქციონერი გახდა.

2003 წლიდან იგი ბენზინის ბიზნესშია ჩაბმული და ამ სფეროში საკმაო წარმატებასაც მიაღწია. იგი იყო აზერბაიჯანული სანავთობო გიგანტის „სოკარის“ საქართველოში შემომყვანი.  „სოკარ ენერჯი ჯორჯია” 2006 წელს დაფუძნდა. მისი წილი საქართველოს ბენზინის ბაზარზე 70 პროცენტზე მეტია, ხოლო დიზელის ბაზარზე – 60 პროცენტამდე. კომპანიამ საქართველოში რამდენიმე შვილობილი კომპანია დააფუძნა – „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”, „სოკარ ჯორჯია გაზი”, „სოკარ ჯორჯია სეკიურითი”. „სოკარ ენერჯი ჯორჯია” შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა. საზოგადოების დამფუძნებლებს შორის იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია, კომპანია „პეტრო ტრანსი” და ივანე ჩხარტიშვილი, რომლის წილიც იყო– 24,6 პროცენტი, ამ კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი ყულევის პორტისა და ტერმინალების განვითარება. აღნიშნული წილი ბიზნესმენმა სარფიანად ათეულობით მილიონ დოლარად გაყიდა

ივანე ჩხარტიშვილს ეკუთვნის ასევე კომპანია Smart Capital Georgia , რომელიც რეგიონში ნავთობის გადაზიდვის ერთ- ერთი სხვილი მოთამაშეა.

ვანო ჩხარტიშვილი, წლების წინ, ტელეკომპანია „მზის” ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელიც 2003 წელს გაიხსნა. 2003 წლის სექტემბერში ის ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

ვანო ჩხარტიშვილი საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა. 2003 წელს ოზურგეთში სკათედრო ტაძარი იქნა აშენებული , ხოლო 2006 წელს მისი ინიციატივით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოსთან ქართული საეკლესიო სიმღერებისა და საგალობლების განვითარების ცენტრი შეიქმნა, რომლის ბაზაზე დაფუძნდა უნილკალური ქართული სიმღერისა და გალობის უმაღლესი სასწავლებელი.