04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველო არაბული ინვესტიციების ახალ ტალღას ელის

რა შედეგები უნდა მოჰყვეს კვირიკაშვილის ვიზიტს დუბაიში

არაბეთი, შესაძლოა, ეკონომიკის სფეროში საქართველოსთვის მნიშვნელოვან პარტნიორად იქცეს.
სულ ახლახანს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ ქვეყანაში ვიზიტი და აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრესთან შეხვედრა ძალზე საინტერესოდ და ნაყოფიერად შეაფასა.

შედეგად, უახლოეს მომავალში გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან სპეციალური ჯგუფი გვეწვევა, რომელიც შეისწავლის კონკრეტულ მიმართულებებს ინვესტიციების განსახორციელებლად. ასევე, ხელი შეეწყობა საქართველოდან ჩვენი პროდუქციის ექსპორტს ამ ქვეყანაში.

თავის მხრივ, არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ საჭიროა მეტი ინვესტიცია საქართველოში, უფრო მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და უფრო მეტი ინტერესის გამოჩენა საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი.

,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის განვითარება. არაბთა გაერთიანებული საემიროები არის ქვეყნის დინამიური, სწრაფი განვითარების შესანიშნავი მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი ვიზიტის მიზანია თქვენს ქვეყანასთან და კომპანიებთან უფრო მჭიდრო პარტნიორობის დამყარება”, – აღნიშნა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის, დეველოპერული კომპანია ,,ემ კვადრატის”, ,,ჯინო ფერედაიზისა” და სხვა მსხვილი ქართული კომპანიების წარმომადგენლები. რაც შეეხება არაბულ მხარეს, მათგან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა Majid Al Futtaim Holding; DP world; sharap Group; strada; Ontime Grup-ი.

დუბაის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, ასევე, გაიმართა გალა-დაჯილდოება. ჯილდო აღმოსავლეთ ევროპის, თურქეთისა და დსთ-ს ქვეყნებში საუკეთესო საინვესტიციო პროექტისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტისათვის მიენიჭა.

რა სახის ინვესტიციებს ელის საქართველო არაბეთიდან და რომელი სფეროთი დაინტერესდებიან არაბები საქართველოში?

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა კაპანაძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ რომის იმპერიიდან ცნობილია, რომ ფულს სუნი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ყველა ინვესტიცია მისასალმებელია, თუკი ეს არ არის უკანონო შემოსავლების – ნარკოტრაფიკის ან იარაღით ვაჭრობის წყარო. როგორც ცნობილია, არაბებს ასეთი შემოსავლები არ აქვთ. უბრალოდ, ნავთობის კრიზისმა არაბები მიახვედრა, რომ შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში სტრატეგიული მარაგები ისე გაუიაფდეთ, რომ არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენდეს. ამიტომ არაბები ცდილობენ, თავიანთი ფულის დივერსიფიკაცია მოახდინონ, ისინი ინტერესდებიან ისეთი სფეროებით, სადაც დევალვაციის საფრთხე არ დაემუქრებათ.

,,ძალიან კარგია, თუ არაბები საქართველოს რეალურ სექტორში ჩადებენ ფინანსებს. მაგათ ,,ჰაი ტექნოლოგიები” არ აქვთ და ძირითადად უფრო უძრავ ქონებასა (მშენებლობაში) და ინფრასტრუქტურაში (მათ შორის, პორტებში) ჩადებენ თანხებს. მათთვის ეს ადვილად ასაწევი სფეროა და გამოცდილებაც აქვთ ამ სფეროში. თუმცა რა მოცულობის ინვესტიციებზეა საუბარი, ამის თქმა ძნელია.

მთავარია ის, რომ საქართველო სტრატეგიულად სულ უფრო მიმზიდველი ხდება ჩინელებისთვის, არაბებისთვის და სხვა ქვეყნებისთვისაც. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ამ კორიდორს მეტი დატვირთვა უნდა მიეცეს, რადგან ფოთში 30 ათას ტონაზე მეტი წყალწყვის გემები ვერ შედიან, ასეთი გემები შორს დგებიან და სჭირდებათ შორი მანძილიდან გადატვირთვა. ანაკლიაში კი თვითონ ენგური იძლევა ამის შესაძლებლობას. შესაძლოა, ზოგიერთები ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ჩინეთიდან საქართველოში მატარებლის ჩამოსვლას ამ კუთხითაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას ებმის ანაკლიის ღრმა წყლის პორტი, რაზეც რუსეთს საკმაოდ მძიმე რეაქცია აქვს. რუსეთმა ამაში სერიოზული კონკურენტი დაინახა. რუსეთი თვითონ აპირებდა ჩინეთიდან ჩრდილოეთის მარშრუტის მიმართულების განვითარებას, თითქოს ჩინელებს ამაში ფულიც უნდა ჩაედოთ, მთელი პროექტები იყო გაკეთებული, მაგრამ ჩინელებმა, როგორც წესი, თავაზიანად შეიკავეს თავი და ჩვენსკენ წამოვიდნენ. ცხადია, ამან რუსები გააღიზიანა. თანაც, ჩვენი პორტები არ იყინებიან და 365 დღე არიან მუშა მდგომარებაში”, – აცხადებს ვაჟა კაპანაძე და დასძენს, რომ, რა თქმა უნდა, ანაკლიის პროექტი დუბაიშიც მიიქცევდა ყურადღებას საინვესტიციო კუთხით, რადგან ასე იოლად არ ხდება ახალი მარშრუტის გაჭრა და ტვირთების ახალი ნაკადების მიმართულების შეცვლა. ეტყობა, ამაში არაბებმა პოზიტივი დაინახეს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს პროგრესულ და სტაბილურ ქვეყნად, არაბებს კი შესაძლებლობის ხალხად მოიხსენიებს, რომლებთანაც ურთიერთობას სიკეთის მოტანა შეუძლია.

,,გარკვეულწილად, მე თვითონ ვთანამშრომლობ ერთ-ერთ არაბულ ჯგუფთან, ისინი გონიერი ხალხია და საქართველოს სარგებლობას მოუტანენ. რატომღაც ისე ჩანს, თითქოსდა, ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა, მაგრამ არაბები გაცილებით შორს იყურებიან და სერიოზული ბიზნესცენტრების გახსნას აპირებენ საქართველოში, მათ შორის, ეს დაკავშირებული იქნება ფინანსურ ბაზრებთან. ფინანსური სფერო გაცილებით დიდი დატვირთვის უნდა იყოს, კერძოდ, რეგიონალური დატვირთვის საფონდო ბირჟის კუთხით. არ გამოვრიცხავ, მშენებლობაშიც ითანამშრომლონ. არაბული ინვესტიციების მოცულობა შეიძლება ძალიან დიდი იყოს საქართველოსთვის და მათ საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით უნდა ველოდოთ”, – აღნიშნა დემურ გიორხელიძემ. აქვე განმარტა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ჭკვიანმა ხალხმა შეიძლება მოასწროს ინვესტიციების ჩადება, რადგან რამდენიმე წლის მერე ეს ბაზარიც მთლიანად დაკავებული იქნება.

რაც შეეხება ანაკლიას, დემურ გიორხელიძე თვლის, რომ თავისი ფუნქციური მასშტაბით ეს უდიდესი დანიშნულების პორტია. თუკი ანაკლიის პროექტი სწორად შეირჩევა და საერთაშორისო დონის სპეციალისტის – სპარტაკ ერაგიას პროექტს მიექცევა ყურადღება, ამ საქმეში არაბების ფულიც მნიშვნელოვანი იქნება. მით უმეტეს, რომ ეს მოცულობით ძალზე დიდი პროექტია. აქ საუბარი არ არის მხოლოდ პორტის გაკეთებაზე, პორტს აზრი ეკარგება, თუ მთლიანად ინფრასტრუქტურა (სახმელეთო ტრანსპორტი – საგზაო თუ საჰაერო ტრანსპორტი) არ განვითარდება. შესაბამისად, დემურ გიორხელიძეს არ უკვირს, რომ ანაკლიის პროექტს დუბაიში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა.