საქართველოდან რუსეთში კონიაკის იმპორტი გაორმაგდა
2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან რუსეთში კონიაკის იმპორტი თითქმის გაორმაგდა და 1,1 მილიონ ლიტრს მიაღწია.
რუსეთის ალკოჰოლის ფედერალური და რეგიონალური ბაზრების კვლევითი ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში რუსეთში ქართული კონიაკის წილი ქვეყანაში იმპორტირებული კონიაკის ბაზრის 48,12%-ია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთში კონიაკის უმსხვილესი იმპორტიორი საფრანგეთი იყო, ქართული კონიაკზე კი ბაზრის მეხუთედი მოდიოდა.
რუსული მედიის ცნობით, რუბლის დევალვაციის შემდეგ ქართველმა მწარმოებლებმა პროდუქციის ფასები 10-15%-ით შეამცირეს.
რუსულ ბაზარზე ყველაზე პოპულარული ქართული კონიაკის ბრენდები „ძველი კახეთი“, „არაგვის გული“ და „სარაჯიშვილია“.
ქართული კონიაკი, სომხურ კონიაკთან ერთად საშუალო ფასის სეგმენტს მიეკუთვნება და ერთი ბოთლი ქართული კონიაკის საცალო ფასი 400-დან 600 რუბლამდეა.
წყარო: bpn.ge