“ფასიანი ქაღალდების ბაზარი, როგორც საბანკო სექტორის ალტერნატივა, სჭირდება საქართველოს ეკონომიკას”
ქართული საფონდო ბირჟის მიმართ ინტერესი იზრდება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობაში ჩართვის და იმ ობლიგაციებისა თუ სხვა ფასიან ქაღალდებზე წვდომის სურვილი აქვთ, რომლებიც ბირჟაზე გამოდის. არიან თუ არა მზად მიკროსაფინანსოები და რატომ ითხოვენ ქართულ საფონდო ბირჟაზე გამოსვლას, – თემაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალის” ხელმძღვანელი არჩილ ბაკურაძე საუბრობს.
– რატომ ითხოვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დაშვების უფლებას?
– ჩვენი ინტერესია, ჩვენ თვითონ გამოვუშვათ ობლიგაციები და მოვიზიდოთ სახსრები როგორც ფიზიკური, ასევე კორპორატიული ბაზრისაგან.
– ეს ნიშნავს, რომ თქვენ, ისევე როგორც ყველა სხვა მიკროსაფინანსო, ამისთვის მზად ხართ?
– ჩვენ ამ პროცესისთვის სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ. შესაძლოა, ყველა მიკროფასინანსო არა, თუმცა არის რამდენიმე ორგანიზაცია რომელიც ნამდვილად მზარ არის. სხვათაშორის, არამარტო მიკროსაფინანსო, არამედ სხვა არასაბანკო, არასაფინანსო სექტორის კორპორაციები, რომლებიც დღეს ძირითადად სახესხო კაპიტალს იზიდავენ ბანკებისგან, ითხოვენ ალტერნატივას. მე ვფიქრობ, რომ მიკროსაფინანსოებს კი არ სჭირდებათ ფასიანი ქაღალდების ბაზარი, არამედ ფასიანი ქაღალდების ბაზარი, როგორც საბანკო სექტორის ალტერნატივა, სჭირდება საქართველოს ეკონომიკას.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ალტერნატიული ფინანსური ბაზრების განვითარებას ხელს შეუწყობს?
– ეს უნდა იყოს ალტერნატივა, ეს უნდა იყოს დივერსიფიკაციის საშუალება. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, კომერციულ ბანკებთან, თუმცა ჩვენი სტრატეგია და სტაბილურობა ითხოვს, რომ დივერსიფიკაცია მოვახდინოთ და სხვა ტიპის ინვესტორები გვყავდეს. თუმცა დღეს პრაქტიკულად ბაზარი არ არსებობს, ძალიან კარგია, როდესაც EBღD გარკვეულ ნაბიჯებს დგამს ამ სფეროში, თუმცა რეალურად, საფონდო ბირჟისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ხარისხი იზომება მისი ლიკვიდურობით.
– გაიარეთ თუ არა რაიმე სახის კონსულტაციებია და რეალურად რა შეიჩვლება ბაზარზე?
– უკვე 2 წელია მიმდინარეობს ზოგადად საფინანსო სექტორის ფორმირებასთან დაკავშირებული კონსულტაციები, მომზადდა ანგარიშიც. სიმართლე რომ გითხრათ, ანგარიშით კმაყოფილები არ ვიყავით, რადგან მიკროსაფინანსოების როლი მინიმალური იყო. თანაც, 2 წელი ცოტა დროა არ არის და გაცილებით მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა, რეალურად ეს დაკარგული დროა.
მართალია, შეიცვალა მენეჯმენტი თუმცა შედეგი არ გამოუღია. EBღD-ის მიერ გამოშვებული ობლიგაციის ნომინალი 1 მილიონი ლარია. საქართველოში ნამდვილად არ არის საცალო სექტორის ბევრი წარმომადგენელი, ვინც ამ თანხის გადახდას შეძლებს. არც ჩვენ გვაქვს სურვილი შევიძინოთ ეს ობლიგაცია. პირიქით, ჩვენ გვსურს გამოვუშვათ ობლიგაცია რაც შეიძლება დაბალი ნომინალით და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება სარფიანად დააბანდოს ფინანსები, მივცეთ საბანკო დეპოზიტის ალტერნატივა.
– ყავს თუ არა თქვენს სურვილს, მიიღოთ მონაწილეობა საფონდო ბირჟაზე ვაჭრობაში, მომხრეები ან მოწინააღმდეგეები, და ვინ არიან ისინი?
– საბანკო სექტორი, რომელიც დღეს მთავარი მოქმედი პირია ბაზარზე, ცდილობს შეინარჩუნოს სტატუსი და ეს სრულიად მისაღებია. ისინი ავითარებენ თავიანთ ბიზნესს და სწორადაც მოქმედებენ. არსებობს ეროვნული ბანკი, რომელიც ზრუნავს კომერციულ ბანკებზე. თუმცა, ის ვინც უნდა შეცვალოს “თამაშის წესები”, რათა როგორც ბიზნესი, ასევე საზოგადოება მოგებული დარჩეს, არის მთავრობა. მიუხედავად, იმისა რომ, მთავრობამ ბევრი სასარგებლო რამ გააკეთა ქვეყნის ეკონომიკისთვის, და ეს განვითარება ჩვენს სექტორშიც იგრძნობა, თუმცა ეკონომიკის ამ სფეროში, სამწუხაროდ, პროგრესი თითქმის არ არის. ამ საქმეს სჭირდება მიმართულების მიცემა, გარკვეული ინტერესთა ჯგუფისთვის უარის თქმა და სწორი რეგულირება. ეს არ არის მარტივი საქმე, თუმცა თუ გვსურს რომ სიმდიდრის დონე ქვეყანაში აიწიოს, აუცილებელია სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება.