22/05/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველოს და “გაზპრომის” 12-წლიანი ურთიერთობის ისტორია

ხელისუფლება გაზპრომთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს. როგორც ირკვევა, მოქმედ ხელშეკრულებას ხელი კერ კიდევ 2003 წელს მოეწერა. „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების მოწინააღმდეგეების ქმედებებს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე არაჯანსაღ ეიფორიას უწოდებს და განმარტავს, რომ რუსულ ენერგოგიგანტთან შეხვედრები რეგულარულად იმართებოდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე მოქმედი ხელისუფლების პირობებში.

ენერგეტიკის მინისტრმა 2003-2014 წლებში საქართველოს ბუნებრივი აირის იმპორტის მოცულობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. კახი კალაძიოს თქმით, რომ არა აშშ, ხელისუფლება „გაზპრომისთვის“ მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვას გეგმავდა.

„ამერიკის მტავრობამ გარკვეული თანხები გამოყო ამ მილსადენის სარეაბილიტაციოდ და ხელშეკრულებაში კონკრეტულად იყო ჩადებული, რომ საქართველოს მთავრობას ეკრძალება ამ მილსადენის გასხვისება“,- აცხადებს კახი კალაძე.

12-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში „გაზპრომთან“ თავდაპირველ ხელშეკრულებასთან ერთად 21 დამატებაა გაფორმებული.

„ეს არის დამადასტურებელი იმისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს ურთიერთობებია წლებია იყო, არის და ალბათ მომავალშიც გაგრძელდება“,- ამბობს ენერგეტიკის მინისტრი.

მინისტრის განცხადებას საზოგადოება „ივერიის“ დამფუძნებელი და „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წევრი ნიკა რურუა, რომელიც „გაზპრომთან“ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სახიფათოდ მიიჩნევს.

„გაზპრომთან ყველა ურთიერთობა არის წამგებიანი საქართველოსთვის, იმიტომ, რომ „გაზპრომს“ რუსეთი იყენებს როგორც ზეწოლის იარაღს“,- აცხადებს ნიკა რურუა.

„თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების“ ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი ერთ-ერთია, რომელიც 17 ოქტომბერს „გაზპრომის“ წინაარდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობდა. ბედინეიშვილი ამბობს, რომ 2006 წლიდან 2011 წლამდე რუსული გაზის იმპორტის კლების ტენდენცია იყო, ახლა კი ხელისუფლება რუსეთზე დამოკიდებულებას კვლავს ზრდის.

„მე არასოდეს არ მითქვამს, რომ არასოდეს გვიყიდია გაზი „გაზპრომიდან“, მაგრამ ფაქტია, რომ 2006 წელს იყო პიკი, იმის მერე მცირდებოდა „გაზპრომიდან“ დამატებითი გაზის შესყიდვა იმის გამო, რომ აზერბაიჯანში შაჰდენიზის პროექტი შევიდა და სიმძლავრეები იზრდებოდა პროექტის. ახლა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ისევ აღვადგინოთ გაზის შესყიდვა“,- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.

საპარლამენტო უმცირესობა ენერგეტიკის მინისტრის არგუმენტებს არ იზიარებს. უმრავლესობა კი „გაზპრომთან“ დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

„ტექნიკური მოლაპარაკებები არის ერთი, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ დივერსიფიკაცია მოხდეს და „გაზპრომი“ სრულფასოვნად შემოვიდეს ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე ეს არის სრულიად სხვა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის ტოლფასი“,- აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

„ხდებოდა ისიც, რომ ომის შემდგომ, რაც ყველაზე მეტად გაუგებარი და აუხსნელი იყო, სწორედ რუსეთისთვის იყო გადაცემული და გასხვისებული თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი“,- აცხადებს ეკა ბესელია.

შეღავათიანი ფასის შემთხვევაში „გაზპრომისგან“ დამატებითი მოცულობის გაზის მიღებაში საფრთხეს დღესაც ვერ ხედავს ეკონომისტი ლევან კალანდაძე. თუმცა, აღნიშნავს, რომ „გაზპრომთან“ ურთიერთობებმა საქართველოს აზერბაიჯანთან პარტნიორობა არ უნდა დააზარალოს.

„ ის, რომ საქართველოს ახლა იძლევა შესაძლებლობას, რომ წომხეთში ტრანზიტის მოცულობის გაზრდით საქართველომ დამატებითი სარგებელი მიიღოს, ამაზე უარის თქმა, ჩვენი მხრიდან, იქნება ძალიან არარაციონალური და არაპრაგმატული. ერთი საკითხია გასათვალისწინებელი – ეს არის ფასის თემა“,- აცხადებს ლევან კალანდაძე.

2003 წელთან შედარებით, როდესაც „გაზპრომთან“ პირველი შეთანხმება გაფორმდა ამჟამად საქართველოში გაზის მოხმარება გაორმაგებულია. გაზის 90%-ს საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს.

commersant.ge