30/04/2024
Latest:
საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეს უფლება ექნება შენგენის ქვეყნებში უვიზოდ, ჩვეულებრივი პასპორტით შევიდეს და იქ მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში დარჩეს

ექსპერტთა მოსაზრებით, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის წარმატებით დასრულების საფუძველი ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულება და საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირება იქნება. თუმცა, ექსპერტები ამბობენ იმასაც, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის დამტკიცების საკითხი დიდწილად პოლიტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.
ევროსაბჭო საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “საბჭო იზიარებს იმ შეფასებას, რომ საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზით გათვალისწინებული ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა და მეორე ფაზის დაწყების გადაწყვეტილებას იღებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველ ეტაპზე ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდა (მათ შორის მიღებულია კანონები პერსონალურ მონაცემთა დაცვის და უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ). მეორე ფაზა  ევროპულ კანონმდებლობასთან უკვე დაახლოებული ქართული კანონების აღსრულებას და მის მონიტორინგს გულისხმობს. ახლა ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება, შესრულდება თუ არა ის კანონები, რომლებიც სამოქმედო გეგმის ფარგლებში იყო მიღებული და საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიცემის საკითხსაც ამის შემდეგ გადაწყვეტს.
უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეს უფლება ექნება შენგენის ქვეყნებში ( შენგენის ქვეყნებს არ მიეკუთვნება დიდი ბრიტანეთი) უვიზოდ, ჩვეულებრივი პასპორტით შევიდეს და იქ მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში დარჩეს. უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეს შენგენის ქვეყნებში სწავლისა და ლეგალური მუშაობის უფლებას არ აძლევს.
ევროკომისიის განცხადებით, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედი გეგმა ღონისძიებათა ოთხ ძირითად ბლოკს მოიცავს. მათ შორისაა: დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის და მიგრაციის მართვა, საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და საგარეო ურთიერთობები. იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე ნებართვა მიიღოს, მინიმუმამდე უნდა შეამციროს კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული, დაიცვას პერსონალური მონაცემები, უმცირესობების უფლებები და უზრუნველყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, საქართველომ უნდა შემოიღოს ბიომეტრული პასპორტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებთან.
მდგრადი უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სავიზო უარის დონეს – საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობას,  რომელთაც უარი ეთქვათ ევროკავშირის საერთაშორისო საზღვრის გადაკვეთაზე, ან დაკავებულნი არიან ევროკავშირში უკანონო ბინადრობისათვის; საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელს და საქართველოში დაბრუნებულთა რაოდენობას.
ოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებელი ვიზის აღება საქართველოს მოქალაქეებს უფრო უჭირთ, ვიდრე მეზობელი ქვეყნების –  რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის მაცხოვრებლებს. ევროკავშირის ვიზის გაცემაზე საქართველოში 2013 წელს უარი უთხრეს აპლიკანტთა 12 პროცენტს,  2012 წელს 13,3 პროცენტს, 2011 წელს – 14,8 პროცენტს. ევროკავშირი ქვეყანასთან სავიზო ურთიერთობებში უსაფრთხო, ანუ დასაშვები რისკის მარჟად ვიზაზე უარის 3%-ს განიხილავს. გასული წლების მონაცემებით, ევროკავშირის ვიზაზე უარის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რუსეთს და ბელარუსს აქვს – 1,2 და 0,9 პროცენტი.
გარდა ამისა, ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობისთვის საქართველომ რეადმისიის ვალდებულება აიღო. ამ ვალდებულების თანახმად, ქვეყანამ უკან უნდა დაიბრუნოს ის მოქალაქეები, რომლებიც ამ დროისთვის ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად  ცხოვრობენ. საქართველომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეეზეც, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს გავლით შედიან.ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მისაღებად ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება შენგენის ქვეყნებში საქართველოდან წასულ თავშესაფრის მაძიებელ მოქალაქეთა რაოდენობაც. გასულ წელს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 9 110-მა მოქალაქემ მიმართა. ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველო ვალდებულია ქვეყანაში შექმნას ისეთი ეკონომიკურ–სოციალური მდგომარეობა, რომ ემიგრაციაში წასვლის და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდეს.
ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის წარმატებით დასრულებისთვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ანტიდისკრიმინაციული და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონების აღსრულება იქნება. ევროკავშირის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოხვდება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხიც. საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მიუთითეს, რომ არის შემთხვევები, როცა უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანილი მოქალაქეები ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან და მათ სექსმუშაკებად იძულებით ამუშავებენ.
“ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით დასრულებისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობა ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანი აღსრულებაა. ეს პირდაპირ არის მითითებული ევროკომისიის ანგარიშში. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ის, რომ საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში წასვლის მსურველთა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირდეს. 2013 წელს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 9 110-მა მოქალაქემ მიმართა. ეს ძალიან დიდი რიცხვია და ამ პრობლემის გადაჭრა ხელისუფლებისთვის  ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზაზე. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩაგვთვლიან თუ არა იმის ღირსად, რომ ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ვისარგებლოთ, ეს შენგენის ქვეყნების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. საბოლოო გადაწყვეტილებას  ყველა ქვეყნის კონსენსუსი სჭირდება,”
აცხადებს ფონდ “ღია საზოგადოება- საქართველოს” ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, 2015 წლის რიგის სამიტზე საქართველო სავარაუდოდ, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე მხარდაჭერას მიიღებს.
ევროკავშირმა და საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი, 2012 წლის ივნისში დაიწყეს. 2013 წლის 25 თებერვალს ევროკომისარმა საშინაო საქმეთა საკითხებში სესილია მალმსტრომმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად უნდა შეასრულოს.
eugeorgia.info