მთავრობის მხარდაჭერის მიუხედავად სენაკის ცემენტის ქარხნის პროექტის გახორციელებას სერიოზული დაბრკოლებები შეხვდა
“ეს იქნება “ევრო 4” –ის სტანდარტის ქარხანა, რომელიც ერთ–ერთი საუკეთესო იქნება ევროპის მასშტაბით და არანაირ ზიანს არ მოუტანს გარემოს”
,,ბანკები და ფინანსები” სენაკის ცემენტის ქარხნის ინვესტიციის თემით, ამ ინვესტიციის ზოგიერთი ექსპერტის მიერ ეკონომიკურ ბლეფად მონათვლის შემდეგ დაინტერესდა. წინანსწარ გეტყვით, რომ საამისო არგუმენტები მეტისმეტად სუსტი და უნიადაგოა. მაგალითად, ის, რომ ქარხანა თუ ექსპორტზე იმუშავებს, ეს პერსპექტივაც უსაფუძვლოა, რადგან იგი პორტებიდან შორს მდებარეობსო. რომელი პორტებიდან – ფოთის თუ ანაკლიის, იქედან სენაკამდე ძალიან შორია?
ეკოლოგიური საფრთხეები? თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებულ ქარხანაში? სასაცილოა! მოარული ხმები კი იმის თაობაზე, რომ “ჰაიდელბერგი” წინა წლებში საკუთარი სართული ცემენტის ნაცვლად სომხურს ჰყიდდა, ზოგიერთი ექსპერტის აქტიურობის მოტივებს ცხადყოფს.
ეს ინტრიგები ჯერ-ჯერობით ინტრიგებათ დარჩეს. ქარხნის გახსნას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო, რაც მისი მთავრობის პრობიზნესურობის კიდევ ერთი კარგი ილუსტრაციაა.
რაც შეეხება პროექტს, ეს იქნება თანამედროვე, “ევრო 4” სტანდარტის შესაბამისი ცემენტის მწარმოებელი ქარხანა. პროექტი ჩინურ კომპანიასთან ერთად ხორციელდება და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 120 მილიონი აშშ დოლარია.
სენაკში წარმოებული ცემენტი, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. თუმცა, წარმოებული ცემენტის 70%-მდე ექსპორტზე გავა.
პროექტში მონაწილე მხარეები ქართული სამშენებლო მასალების კომპანია, აზიურ-აფრიკული მენეჯმენტის კომპანია და ჰუალინგ ჯგუფი არიან. პროექტი 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
ცემენტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიააზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა პროექტის წარმატებით განხორციელების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მალე სენაკში ფუნქციონირებას დაიწყებს სრულიად თანამედროვე საწარმო, რომელიც თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
“ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ჩინეთსა და საქართველოს შორის პარტნიორობის. ჩვენ მივესალმებით ჩინეთის მხრიდან ინვესტორებს. ეს არის ასევე საქართველოს მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, რომელსაც არაერთი საწარმო გაუკეთებია აქამდე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან აქვს მაქსიმალური ხელშეწყობა ამ პროექტში. აქ რამდენიმე ასეული ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და ბიუჯეტისთვის იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლები. ,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალზე აღინიშნა, სამშენებლო ტერიტორია 20 ჰექტარზე მეტს მოიცავს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქარხანა წლიურად 900 ათას ტონა კლინკერის ცემენტს და 1.5 მილიონ ტონა მაღალი ხარისხის ცემენტს გამოიმუშავებს. ქარხანა აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით.
რაც შეეხებათ აღნიშნული პროექტის სკეპტიკოსებს, როგორც გაზეთი ,,ვერსია” წერს კარიერი და მისი მიმდებარე ტერიტორია ფაქტობრივად ტბაზე დგას, მთის ქვეშ გადის უამრავი მიწისქვეშა და თერმული წყალი. აფეთქების ან ბურღვის დროს, შეიძლება წყალი შეგუბდეს, ამოხეთქოს და გაჩნდეს დატბორვის საფრთხე. ასევე, წერს რომ მშენებლობაზე ძირითადად ჩინელები დასაქმდებიან და არა ადგილობრივი მაცხოვრებლები
ჩვენ ბუნებრივია დავინტერესდით, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს გაზეთ ,,ვერსიაში” გამოქვეყნებული ინფორმაცია და კითხვებით ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს მივმართეთ.
როგორც ჩოჩელი აცხადებს, გაზეთ ,,ვერსიას” მიერ გამოქვეყნებული მასალა არანაირ კანონზომიერებაში არ ჯდება და იგი სტატიის დამკვეთის და მისი დამწერის შეთითხნილია. მისი თქმით, ბუნებაში არ არსებობს ის ფაქტები რაზეც სტატიაში აფელირებენ.
რაც შეეხება კონკრეტიკას, ჩოჩელის განცხადებით კარიერი საიდანაც უნდა მოხდეს მოპოვება, გეოლოგიურად შემოწმებულია და არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. ასევე, აბსურდულს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ადგილობრივების დასაქმება არ იგეგმება.
“კარიერი საიდანაც კირქვა უნდა მოვიპოვოთ, არის დაახლოებით 300 მეტრის და 300 მეტრზე გაბურღვისას, ამ მიდამოში წყალი საერთოდ არ ყოფილა. მაგრამ, გარდა ამისა, მოგახსენებთ, რომ მოპოვება ხდება მხოლოდ 20–25 მეტრზე და ამ მცირე სიღრმეზე მითუმეტეს შეუძლებელია რაიმე საფრთხე შეიქმნას. ეს არის სრული აბსურდი, ჩვენ გვაქვს გეოლოგიური კვლევებიც, დასკვნებიც და ყველანაირი დოკუმენტი რაც საჭიროა მშენებლობის დაწყებამდე.
რაც შეეხება ჩინელების დასაქმებას. ეს არის აბსოლუტურად ცრუ ინფორმაცია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მსგავსი რამ საერთოდ არ განიხილება. რა თქმა უნდა, სპეციალისტები შეიძლება იყვნენ ჩინელებიც და გერმანელებიც, მაგრამ ეს არ იქნება მთლიანი დასაქმებულების 5%–ზე მეტი. აქ აუცილებლად დასაქმდებიან ადგილობრივი მაცხოვრებლები. მშენებლობის პროცესში მინიმუმ 500 ადამიანი დასაქმდება, ხოლო დაახლოების ამავე რაოდენობის მუშახელი დასაქმდება ქარხანაში მისი ამოქმედების შემდეგაც”, – აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.
ასევე, როგორც გაზეთი ,,ვერსია” წერს რომ აქ ჩინური ქალაქის მშენებლობა და ამ ქარხანასაც იმიტომ აშენებენ, რომ თავისი ცემენტით ააშენონ ჩინური ქალაქი. თითონ ქარხანა კი ისე შენდება, რომ დააბინძურებს გარემოს და დააზიანებს ადგილობრივ მაცხოვრებლებს. ამ ინფორმაციასაც არასერიოზულს უწოდებს ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი და აცხადებს, რომ არანაირი ჩინური ქალაქის მშენებლობა არ იგეგმება, აქ გაკეთდება ,,ევრო 4” –ის სტანდარტის ქარხანა, რომელიც ერთ–ერთი საუკეთესო იქნება ევროპის მასშტაბით და არანაირ ზიანს არ მოუტანს გარემოსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს.
,,არანაირი ჩინელების ჩამოსახლება და ჩინური ქალაქის მშენებლობა არ იგეგმება. ეს ერთი ჩვეულებრივი პროექტია და იქმნება ქართული წარმოება. ჩვენს კუთხეებში, დაწყებული ზღვისპირეთიდან, დამთავრებული კახეთითა და სამცხე ჯავახეთით, ყველგან მოიპოვება კირქვა და ამ დროს ჩვენ ვახორციელებთ იმპორტს თურქეთიდან, ირანიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ამის სანაცვლოდ კი ჩვენ ვქმნით წარმოებას, რომელიც ორიენტირებული იქნება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მოხდება პროდუქციის დიდი ნაწილის ექსპორტირება უცხოეთში.
რაც შეეხება, გარემოს დაბინძურებას და ადგილობრივების დაზარალებას. დამიჯერეთ, ამ სტატიის დამკვეთზე და ავტორზე მეტად გვიყვარს ქვეყანა. რომელ გარემოს დაბინძურებაზე საუბარი, როდესაც ჩვენთან გზებზე ტრანსპორტი მოძრაობს ჯერ კიდევ ,,ევრო1” და ,,ევრო 2”– ის სტანდარტის და ჩვენს მიერ აშენებული ქარხანა იქნება ,,ევრო 4” –ის სტანდარტი, ანუ იმ სტანდარტის, რომელიც 5–6 წლის ან კიდევ უფრო მოგვიანებით შემოვა საქართველოში.
საწარმოო პროცესში ზედმიწევნით იქნება დაცული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნა. პროექტი დაეყრდნობა “მაღალი ეფექტიანობის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, ნარჩენების გადამუშავებისა და ხელახლა გამოყენების” პრინციპებს. დამონტაჟდება ხმაურის ჩამხშობი დანადგარები, რაც უზრუნველყოფს ხმაურის მინიმალურ დონეს და მაქსიმალურად დაიცავს მოსახლეობას საწარმოო ხმაურისგან.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეს არის უბრალოდ ხელის შეშლის მომენტი, ეს არის ჩვეულებრივი დაკვეთილი სტატია, ამას სიმართლესთან არანაირი საერთო არ აქვს”, – აცხადებს ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი.
გიორგი კაპანაძე