24/02/2024
Latest:
ეკონომიკა

,,საქართველოს შეუძლია გახდეს ვაჭრობის ცენტრი ევროპასა და აზიას შორის”

„ჩვენთვის „ერთი სარტყელი – ერთი გზა” ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ყველა ქვეყანას სთავაზობს ბევრ ახალ შესაძლებლობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინურ ტელეკომპანია CCTV-თან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერმა „ახალი აბრეშუმის გზის” პროექტზე და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჩვენ განვიხილავთ აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის აღდგენას არა მარტო, როგორც ერთი გზის ინიციატივას, არამედ როგორც რამდენიმე გზის გამაერთიანებელ ქსელს. აქ ლაპარაკია კონკურენტუნარიანობაზე, ადამიანებს შორის კონტაქტებზე, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე,” –

ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ფართომასშტაბიანი გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში ქვეყნის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება. მისივე განმარტებით, ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა „ერთი სარტყელი – ერთი გზა” პროექტში ჩართულ ქვეყნებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ვაჭრობას ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის.

„ჩვენ ვთვლით, რომ ელექტრონული პლატფორმა, როგორც მნიშვნელოვანი სივრცე, სადაც განთავსდება ინფორმაცია ჩვენი პროექტების შესახებ, რათა ის ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ინვესტორისთვის, ჩინელი ინვესტორების ჩათვლით, ზრდის აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ყველა ქვეყნის ცნობადობას,” – აღნიშნავს პრემიერი.

გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კიდევ უფრო გაზრდის უცხოელ ინვესტორთა ინტერესს.