02/05/2024
Latest:
საზოგადოება

„თაუერების“ „ბუმი“ თბილისში – უქმნის თუ არა დედაქალაქს პრობლემებს ცათამბჯენები

დღეს თბილისში საკმაოდ ბევრი „თაუერის“ მშენებლობა მიმდინარეობს, მათ შორისაა, „აქსის თაუერი”, „რეზიდ თაუერი”, „ბლოკ ინვესტის” და „ორბი ჯგუფის“ მიერ ყაზბეგის გამზირზე სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ორი ტყუპი თაუერი, ჭავჭავაძის ქუჩაზე „არქი თაუერი”, მილენიუმის სასტუმრო, კომპანია Royal Group-ის მრავალფუნქციური 33-სართულიანი ცათამბჯენი წერეთლის გამზირზე და ასე შემდეგ.

“თაუერების“ მომრავლებას ექსპერტთა ნაწილი ნეგატიურად აფასებს.  რა პრობლემებს უკავშირდება ან რა ნეგატიური შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ცათამბჯენების მშენებლობამ თბილისში.

არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე აცხადებს, რომ თბილისში ისეთი და იმ რაოდენობის მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა, როგორიც დღესაა, არ შეიძლება. მისი თქმით, საცობებს სწორედ ასეთი შენობები ქმნის. ვარდოსანიძე აცხადებს, რომ ეს სისტემური პრობლემაა და ამას სისტემური გადაწყვეტა სჭირდება. კერძოდ, მისი განცხადებით, აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული უნდა იყოს თბილისის განაშენიანების გეგმაში.

„როგორ შეიძლება უნივერსიტეტის მაღლივთან თაუერების მშენებლობა? საცობებს ესენი ქმნიან. ამ შენობას მომსვლელი ხომ ჰყავს, ვინც იქ დაიწყებს მუშაობას, მანქანა არ ეყოლება? კლიენტი უმანქანოთ მივა? ეს პარკინგები არ ეყოფა. ეს არის სისტემური პრობლემა და სისტემურ გადაწყვეტას საჭიროებს. იმპულსური აზრები და იდეები არ უშველის. ეს გენერალურ გეგმაში და ქალაქის პოლიტიკაში უნდა იყოს. ნებართვებს რომ გასცემენ, არ იციან ამას რა მოყვება?“-აცხადებს ვარდოსანიძე.

ქალაქის გადატვირთვაზე საუბრობს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძეც, თუმცა, მისი თქმით, ამის მიზეზი თაუერების მშენებლობა კი არა, დადგენილი ქალაქმშენებლობის პარამეტრების გადაჭარბებაა.

აბულაძის განმარტებით, შეიძლება კონკრეტულ ტერიტორიაზე განსაზღვრულია პირობითად 1000 კვადრატული მეტრის აშენება. „მშენებელმა შეიძლება ეს 1000 კვადრატული მეტრის მრავალსართულიანი შენობა ააშენოს ისე, რომ საერთო ფართი არ შეიცვალოს. ან შეიძლება დაბალი შენობა ააშენოს და დიდ ფართზე. პრობლემაა გადამეტებული პარამეტრებით მშენებლობა. დღეს ქალაქი ამან გადატვირთა. არის ტრანსპორტის მომრავლების მომრავლებაც, თუმცა ეს განყენებული თემა ხომ არ არის? 10 კაცის ნაცვლად ცხოვრობს 100 კაცი, შესაბამისად, ტრანსპორტიც მეტია”-აცხადებს აბულაძე.

მისი თქმით, დღეს, კლასიფიკატორების მიხედვით თაუერი 30 სართულს ზევით მშენებლობაა.

პრობლემის არსებობას მეტნაკლებად იზიარებენ ის დეველოპერული კომპანიები, რომლებიც თბილისში თავად აშენებენ „თაუერებს“.

„არქი ჯგუფის” დამფუძნებელი ილია წულაია აცხადებს, რომ დღეს თბილისში პრობლემაა არა „თაუერები“, არამედ ინტენსივობა. კერძოდ, შეიძლება არ იყოს „თაუერი“, მაგრამ ჰქონდეს ეზო და მიწის ნაკვეთი ათვისებული. ასევე შესაძლებელია შედარებით დაბალ სართულიანი იყოს და შენობის საერთო მოცულობა უფრო დატვირთული ჰქონდეს. მისი თქმით, აქ მთავარია როგორაა დაცული ნორმები, მაგალითად, თითოეულ ბინაზე თუ არის გათვალისწინებული პარკინგი და ასე შემდეგ.

წულაია ამ მხრივ თბილისში სიტუაციასაც აფასებს და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში გამოსწორდება ის პრობლემები, რაც დღეს თბილისში არ მიმართულებით არსებობს.

რაც შეეხება ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე „არქი თაუერს”, წულაია აცხადებს, რომ შენობაში არის 140 ბინა, ხოლო პარკინგი 165 იქნება. მისი თქმით, კომპანიას სრულად აქვს დაცული ის სტანდარტები, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. კერძოდ. აქვს საკმარისზე მეტი პარკინგი, შენობას აქვს ორი გამოსასვლელი და ასე შემდეგ.

„თუ ნორმები დაცულია, „თაუერების“ აშენება პრობლემა არ არის. პრობლემა იქნება, როცა სათანადო რაოდენობის პარკინგი არ არის, არ არის დაშორება გზიდან სახლამდე და ასე შემდეგ. ეს სიმაღლეზე არ არის დამოკიდებული, ეს არის ინტენსივობაზე. მშენებლობა სიმაღლეში წავა თუ სიგანეში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, დაცული იყოს ნორმები, რაც მოთხოვნილია კანონით და ევროპული სტანდარტია”-აცხადებს წულაია.

„ბლოკ ჯორჯიას” საინვესტიციო პროექტების ხელმძღვანელი თორნიკე ჯანაშვილი კი აცხადებს, რომ მისი კომპანია ყაზბეგის გამზირზე 35–სართულიან სასტუმროს კომპლექსს აშენებს, შედეგად, ეს პრობლემა და პრეტენზია მასზე ვერ გავრცელდება. თუმცა, მისი შეფასებით, იმაზე საუბარი, რომ ქალაქში საცობებს „თაუერების“ მშენებლობა იწვევს, სწორი არ არის. მისი თქმით, დღეს არცერთი ასეთი ცათამბჯენი დასრულებული არის და უცნობია, რატომ არის საცობების პრობლემა თაუერებთან გაიგივებული.

ჯანაშვილის განმარტებით, თაუერები უნდა გაიმიჯნოს. კერძოდ, მისი თქმით, მრავალსართულიანი შენობა, რომელიც საცხოვრებელია, შესაძლოა მართლაც ქმნიდეს პრობლემას, ხოლო შენობა, რომელშიც სასტუმროა, – არა. „თუ „თაუერი“ არის საცხოვრებელი, მაშინ შეიძლება დავეთანხმო ამ მოსაზრებას, რადგან მას ძალიან ბევრი ყოველდღიური მცხოვრები ჰყავს, რომელსაც ავტომანქანა ჰყავს და თუ ინფრასტქრუქტურა არ არის შესაბამისი, შეიძლება ამან პრობლემა შექმნას. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ პროექტს, ეს არის სასტუმროს კომპლექსი. იქ მომსვლელი ადამიანების უმეტესობა ავტომობილით არ სარგებლობს, შესაბამისად, ეს პროექტი პრობლემას არ შექმნის. მოგეხსენებათ, სასტუმროში ძირითადად ტურისტი რჩება, ის კი საკუთარი ავტომობილით არ სარგებლობს”-აცხადებს ჯანაშვილი.

მისი თქმით, დღეს თბილისში მაგალითად, შეიძლება სადაო გახდეს სასტუმრო „მილენიუმის” მშენებლობა. ჯანაშვილი აცხადებს, რომ სამსჯელოა, რამდენად მიზანშეწონილია ქალაქის იმ ადგილზე ასეთი მასშტაბური შენობის განთავსება. „ეს საზოგადოების და არქიტექტორების სამსჯელოა. თუმცა, ის მოსაზრება, რომ „თაუერები“, ზოგადად ქალაქში საცობებს ან სხვა რაიმე ტიპის პრობლემებს ქმნიან, მცდარია.”-აცხადებს ჯანაშვილი.

მისი განმარტებით, ქალაქში პრობლემებია და ამას თაუერების აკრძალვით ვერ მოვაგვარებთ. ჯანაშვილის თქმით, უნდა არსებობდეს ქალაქის განაშენიანების გეგმა და ამ გეგმაში იქნება ქალაქის ნაწილი, სადაც აუცილებლად უნდა დაიშვას მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა და მეორე ნაწილი – სადაც არ უნდა დაიშვას.

„როდესაც ინვესტორი რაღაც კონკრეტულ ადგილს ყიდულობს, მისთვის თავიდანვე გასაგები უნდა იყოს, იქ რისი მშენებლობის უფლება აქვს და რისი არა”-აცხადებს ჯანაშვილი.

www.commersant.ge