02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სქემა 2017 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება

ამის შესახებ ცნობილი გახდა სამშაბათს გამართულ საჯარო დისკუსიაზე „საპენსიო რეფორმა საქართველოში“, რომელშიც მსოფლიო ბანკის, ბრიტანეთის საპენსიო სისტემის მარეგულირებელი ორგანოს, NEST-ის წარმომადგენლები და ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობდა.

„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეფორმა, ვინაიდან საპენსიო რისკები დროთა განმავლობაში მატულობს, და სახელმწიფოს სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქის საპენსიო უზრუნველყოფაზე მოუწევს ზრუნვა. მთავრობამ გადაწყვიტა შექმნას მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეს საშუალება მიეცემა უკეთ დაგეგმოს სიბერე და აღარ იყოს დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფო შემწეობაზე,“

– განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი განცხადებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება პენსიის ოდენობა განესაზღვროთ სტაჟისა და წლების განმავლობაში გამომუშავებული ხელფასის მეშვეობით.

ამასთან, როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, მნიშვნელოვანია რეფორმის სწორი დიზაინი და იმ შეცდომების გაანალიზება და გათვალისწინება, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა დაუშვეს რეფორმის განხორციალების პროცესში.

არსებული გათვლებით, პირველ ეტაპზე დასაქმებული მოსახლეობის ნახევარი იქნება ჩართული სისტემაში, ამასთან, საწყის ეტაპზე საპენსიო დანაზოგების სახით 350 მილიონამდე ლარის მოზიდვას ელიან. მოზიდულ თანხას 2 მმართველი ფონდი განკარგავს.

სამინისტროს ცნობით, საპენსიო რეფორმა  შედგება ორი კომპონენტისგან:

-არსებული სოციალური საპენსიო სისტემის ინდექსაცია, რაც გულისხმობს ისეთი  მექანიზმის შექმნას, რომელიც განსაზღვრავს,  ყოველწლიურად რა ოდენობით უნდა გაიზარდოს არსებული სოციალური პენსია. სოციალური პენსია უნდა მატულობდეს მინიმუმ ინფლაციის შესაბამისად;

-რეფორმა ასევე ითვალისწინებს ახალი კომპონენტის დანერგვას, რომელსაც ეწოდება კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა. ეს რეფორმა გათვლილია მომავალ პენსიონერებზე, რაც  მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ საპენსიო უზრუნველყოფას.

ამასთან, მომავალში პენსიონერი მიიღებს ორი სახის პენსიას: სოციალურ პენსიას დაემატება კერძო დაგროვებითი პენსია. სისტემაში გაწევრიანება ნებაყოფლობით შეეძლება ნებისმიერი ასაკის დასაქმებულ მოქალაქეს.