“ქართული ეკონომიკა გამოწვევების ეკონომიკიდან შესაძლებლობების ეკონომიკა უნდა გახდეს”
ეკონონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას ძირითადი ეკონომიკური მესიჯები და გამოწვევები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საკომიტეტო მოსმენაზე ფართოდ ისაუბრა იმ ძირითად ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას დღეს ქვეყანა.
„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის იდეოლოგია გახლავთ თავისუფალი ბაზრის პრინციპი და კარგად გვესმის, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ ამ ქვეყანაში იყოს ძლიერი კერძო სექტორი, რომელმაც უნდა შექმნას სამუშაო ადგილები და მიიღოს ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკის სწრაფ ზრდაში.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესმის, რომ ამის ფუნდამენტი გახლავთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა და თავისუფალი კონკურენტული გარემოს შექმნა.
დღეს საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე პირობებში უწევს განვითარება – ვგულისხმობ იმ საგარეო ფაქტორებსა და გარემოს, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით. ყველას გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს ღია და მცირე ეკონომიკა და შეუძლებელია, რომ განსაკუთრებით ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკებში მიმდინარე პროცესებმა არ ჰპოვოს ასახვა ჩვენს ეკონომიკაზე. თუმცა, ასევე გვესმის, რომ არ ვართ იმ მდგომარეობასა და პოზიციაში, ყველაფერი დავაბრალოთ საგარეო ფაქტორებს. არსებობს გარკვეული შიდა მომენტები, რომელიც აფერხებს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და ამ გამოწვევებსაც შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ეკონომიკა დღეს არის გამოწვევების ეკონომიკა, რაშიც ვგულისხმობთ იმას, რომ ერთის მხრივ აშკარაა, რომ ზრდის პოტენციალი მხოლოდ ნაწილობრივ არის გათვალისწინებული(ამუშავებული), ხოლო მეორეს მხრივ არის სერიოზული გამოწვევები რეგიონში და ძირითადად სავაჭრო პარტნიორებში, რომელიც ასახვას პოვებს ჩვენს ეკონომიკაზე.
ეკონომიკური ზრდა
ეკონომიკური ზრდა ჩვენთან 2013-15 წლებში საშუალოდ გახლდათ 3,6% და ეს იყო რეგიონში ლიდერის მაჩვენებელი, ასეთი ზრდა ჰქონდა მხოლოდ თურქეთს, რაც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არ არის იდეალური მაჩვენებელი მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი. დეკომპოზიცია ამ ზრდის, თქვენ ნახავთ, რომ ძირითადად სწრაფად იზრდება სერვისები, სერვისები ვერ ასაქმებს და არ არის იმდენად დასაქმებით ინტენსიური დარგი, ხოლო იმ დარგებში სადაც უფრო მეტი მოსახლეობა გვყავს დასაქმებული, საკმაოდ დაბალი ზრდის ტემპები გვაქვს სწორედ ეს არის სტრუქტურული გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვებრძოლოთ, რომელიც უნდა გამოვასწოროთ.
დასაქმება
დასაქმებას რაც შეეხება ბოლო 2013-15 წლებში უმუშევრობის მაჩვენებელი 15-დან 12%-მდე შემცირდა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შეიქმნა ახალი 56 ათასი სამუშაო ადგილი, ხოლო 90 ათასი ფორმალურად დასაქმებული ადამიანი გახდა თვითდასაქმებული. ეს ტენდენცია არის პოზიტიური და შესანარჩუნებელი. ამ ტემპების გაუმჯობესება არის ის ძირითადი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ და სწორედ ასეთი და მსგავსი გამოწვევების საპასუხოდ არის შექმნილი ის 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც დააანონსა პრემიერმა და რომელზეც ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.
საგარეო ვაჭრობა
საგარეო ვაჭრობის ბალანსი, სამწუხაროდ, ის გამოწვევაა, რომელიც წლების განმავლობაში არის პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ფუნდამენტური გამოწვევაა, რომლის აღმოფხვრაც ალბათ ყველაზე სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. 2007 წლიდან დაწყებული ახალი პროდუქტები, ახალი პოზიციები საგარეო ვაჭრობაში ჩვენ თითქმის არ შეგვიქმნია. გაჩნდა თხილი, შემცირდა ცემენტი და ასე შემდეგ, ასევე ხდება ბაზრების დივერსიფიცირება, თუმცა, სერიოზული ამოცანაა, რომ ის საექსპორტო პოტენციალი, რომელიც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებში გვაქვს, სერიოზულად დავამუშავოთ. ექსპორტის წახალისება არის ის ძირითადი და მნიშვნელოვანი პასუხი, რითაც შეგვიძლია პასუხი გავცეთ ამ გამოწვევას.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ჩვენ ვხედავთ, რომ ის რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც იყო 2007 წელს, იჯდა საერთო, მსოფლიო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ლოგიკაში. ერთადერთი წელი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო ტრენდიდან გამოვედით და ვიყავით „ჩემპიონები,“ იყო 2014 წელი, როდესაც მართლა რეკორდული მაჩვენებელი იყო, თუმცა 2007 წელს ვერ გავუსწარით, მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის FDI არის მსოფლიო ტრენდში. იქ არაფერი, ასე ვთქვათ, ექსტრაორდინალური არ მომხდარა. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაჩქარება და იმ ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, როგორც საკანონმდებლო ნაწილში და აქაც 4 პუნქტიანი გეგმა პასუხობს ამ გამოწვევას.
გამოწვევების ეკონომიკიდან შესაძლებლობების ეკონომიკამდე
ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ძირითადი გამოწვევებია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, დასაქმების ზრდა და, რა თქმა უნდა, სავაჭრო დეფიციტის შემცირება. ეს ის გამოწვევებია, რომლებზე პასუხის გაცემაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ ქართული ეკონომიკა გამოწვევების ეკონომიკიდან შესაძლებლობების ეკონომიკა გახდეს. სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ არის შექმნილი 4 პუნქტიანი გეგმა, ეს გეგმაა ის ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ 4 წლის განმავლობაში ძირითადი პასუხები და ტრენდები უნდა შევქმნათ გამოწვევებზე პასუხის გასაცემად.
სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც იმ ტრენდშია, რაც 4 პუნქტიან გეგმას ეხება, გახლავთ უკეთესი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო. ჩვენ ვიცით, რომ პროგრამაშიც კონკრეტული ნაბიჯები და მიმართულებებია ჩადებული: საინვესტიციო კანონმდებლობის გაუმჯობესება, გარანტიები ინვესტორთათვის, კანონმდებლობის ცვლილებების ზეგავლენა, კანონმდებლობის შეფასებაში ბიზნესის ჩართულობა და ასე შემდეგ. ბიზნესსახლის კონცეფცია, რომელიც გაუადვილებს ბიზნესს სახელმწიფოსთან ურთიერთობას და ადმინისტრირების ხარისხი, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის. ეს იქნება პირველი და ის ძირითადი მნიშვნელობა, რაზეც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ფოკუსირება, რაც ნაწილობრივ უკვე გაკეთებულია და მომზადებული საკანონმდებლო აქტების სახით უკვე უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება პარლამენტს.
ექსპორტი
ექსპორტის წახალისება: სავაჭრო ბალანსი მართლაც უდიდესი გამოწვევაა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს უკვე აქვს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები როგორც ექსპორტის წახალისების ნაწილში, ასევე დაზღვევის მექანიზმების ამუშავების ნაწილში, ექსპორტის ტექნიკური მხარდაჭერის ნაწილში და ასე შემდეგ. ამაზეც იქნება სერიოზული ფოკუსირება.
ტურიზმი
ტურიზმი იზრდება და ჩვენ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ ამ დარგის ზრდას. ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვნად ასაქმებს მოსახლეობას და მას, გარდა იმისა, რომ ეს არის სერვისის ექსპორტი, პირდაპირი გავლენა აქვს ეკონომიკაზე და ასევე დასაქმების ნაწილში ძალზე გვეხმარება. ამ მიმართულებით თქვენ იცით, რომ არის უზარმაზარი, ძალიან სერიოზული პროექტები, განსაკუთრებით სამთო-სათხილამურო მიმართულებით. ეს კეთდება იმისთვის, რომ შევქმნათ ტურიზმი, როგორც 4 სეზონიანი ბიზნესი საქართველოში, რომ შევქმნათ სპეციფიკური ტურიზმის ნიშები, რომლებიც ხელს შეგვიწყობს სეზონურობის მომენტის გადალახვაში. აქვე ძალიან დიდ სინერგიაში მოდის ტრანსპორტის, განსაკუთრებით ავიაციის განვითარების ნაწილი და ყველამ კარგად ვიცით, როგორ ვითარდება დღეს ქუთაისის აეროპორტი, ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში დაემატა 62 მიმართულება. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის კონკრეტული მგზავრთა ტრაფიკი, რომლებიც ყოველდღე ჩამოდიან ამ ქვეყანაში.
ფინანსური ბაზარი
ფინანსური ბაზარი: თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებითაც არის სერიოზული რეფორმები დაგეგმილი. ეს არის, პირველ რიგში, საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომლებმაც გრძელვადიანი დაფინანსების წყარო უნდა შექმნან ქვეყანაში და ხელი უნდა შეუწყონ დაგროვების, დაზოგვის კულტურის ჩამოყალიბებას. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი რეფორმები, ყველას კარგად გვესმის, რომ ამ კონცეპტში შესვლა სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მათი გადადებაც არის სხვა რისკებთან დაკავშირებული. ვფიქრობთ, რომ ჩვენ დღეს შეგვიძლია სერიოზულად განვიხილოთ ამ რეფორმების დაწყების საკითხი.
რა თქმა უნდა, არის კიდევ ბევრი სტრატეგიული მიმართულება, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომლის გამოყენებაც პრინციპულად მნიშვნელოვანია და რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქართული ექსპორტის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტული ხაზი საკმაოდ მცირეა, ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან, რომ ის სულ უფრო და უფრო გაიზარდოს. ევროპაში ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. საჯარო და კერძო პარტნიორობის რეფორმა ფაქტიურად უკვე მზად არის და უახლოეს პერიოდში დაიწყება მასზე მუშაობა.
ინფრასტრუქტურა
მნიშვნელოვანია ხარისხის ინფრასტრუქტურა, რომლის გარეშეც იმ გეგმების განხორციელება, რომლებიც ჩვენ სავაჭრო ბალანსის დეფიციტის აღმოფხვრასთან გვაქვს დაკავშირებული, პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე ტრანსპორტის განვითარება და, რა თქმა უნდა, ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებზეც ბევრს აღარ ვისაუბრებ, მათ ბატონმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც გაუსვა ხაზი. ეს არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ის ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს წარმოების განვითარებას და, რაც მთავარია, ადგილობრივი მეწარმეობის შექმნას. რა თქმა უნდა, ეს პროგრამები გაგრძელდება. ყველაზე მთავარი მიმართულება კი, ეს არის 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც არის ალბათ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე გააზრებული და სისტემური პასუხი იმ გამოწვევების, რომლის წინაშეც ბოლო ათეული წლებია დგას ქართული ეკონომიკა” – განაცხადა გახარიამ.
ავტორი: ბაჩანა ჯინჭარაძე