28/04/2024
Latest:
საზოგადოება

სასამართლოს ნებართვის გარეშე კომპანიის ანგარიშებს საგადასახადო ვეღარ დააყადაღებს

„თუკი საგადასახადო სამსახური კომპანიების ფინანსურს ანგარიშებს არ დააყადაღებს, ეს იქნება რევულუცია” – ასეთია ექსპერტებისა და ბიზნესმენების შეფასება საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, „რევოლუცია” შორს არ არის. რადგან პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომელიც მიმდინარე წლის 13 აპრილს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა წარადგინა.

როგორც მოსალონდელი იყო, ცვლილების ძირითადი ნაწილი ეხება მოგების გადასახადის რეფორმას, რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეფუძნება. აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში.

თუმცა, არანაკლებ საინტერესოა სხვა ცვლილებები, რომელიც ამ კანონის მიღების შემთხვევაში ამოქმედდება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, კომპანიას, რომელსაც საგადასახადო სამსახური ამოწმებს, ფინანსური დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ანგარიშებს უყდაყადაღებენ. შესაბამისად, კომპანია ფინანსურს ოპერაციებს ვერ ახორციელებს. თუმცა, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთელი რიგი ცვლილებებია მოსალოდნელი. კერძოდ, საგადასახადო დავის პერიოდში, პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული საგადასახადო რეფორმის მიზანია, „ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ბიზნესის დაწყებისა და წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და გადასახადების ადმინისტრირების სრულყოფა, საგადასახადო კონტროლის და დავის პერიოდში სადავო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების სრულყოფა და საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა”.

ავტორი: სალომე გოგოხია

წყარო: politcommersant