28/04/2024
Latest:
საზოგადოება

სატერმინალო მომსახურების კომპანიებმა ფართომასშტაბიანი აქციიების გამართვა გადადეს

დღეს, ფოთში, 12 საათზე, სახმელეთო ტერმინალების მიმდებარედ, საკონტეინერო და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლები სპეციალურ პრეს–კონფერენციას გამართავენ

 პრეს–კონფერენციაზე გამოცხადდება დაანონსებული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გადადების შესახებ და შეჯამდება ის შედეგი, რაც დღემდე გამოიღო „კორპორაცია ფოთის პორტის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოხატულმა პროტესტმა.

 შეგახსენებთ, ფოთში მომუშავე ყველა სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალი და ლოგისტიკური კომპანია, სადაც ჯამში 5000 –მდე ადამიანია დასაქმებული, „კორპორაცია ფოთის პორტის“ იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რის საფუძველზეც უკვე 1 ივლისიდან ძალში შედის პორტის მიერ დაწესებული კონტეინერების ინტეგრირებული საპორტო და სატერმინალო მომსახურება და კომბინირებული ტარიფები. ამ გადაწყვეტილების ამოქმედების შემდეგ საზღვაო–საკონტეინერო ხაზების აგენტები, ანუ ტვირთის მფლობელები, იძულებულნი იქნებიან კონტეინერები მხოლოდ ბუნებრივი მონოპოლისტის, ფოთის პორტის კუთვნილ საკონტეინერო ტერმინალში დაამუშაონ. შედეგად, ზუსტად ანალოგიური საქმიანობით დაკავებული ყველა სხვა საკონტეინერო ტერმინალი, ფაქტობრივად გაჩერდება.

 სახმელეთო ტერმინალებმა და ლოგისტიკურმა კომპანიებმა 14 ივნისს ფოთში, პორტის მიმდებარედ ფართმასშტაბიანი გამაფრთხილებელი აქცია მოაწყვეს და კონკურენციის სააგენტოსგან მოითხოვეს საკითხის შესწავლა და მისი შეფასება, როგორც „კორპორაცია ფოთის პორტის“ მიერ თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვა. მათი მოთხოვნა იყო ასევე, კონკურენციის სააგენტოს მხრიდან სასამართლოსადმი მიმართვა, რათა საკითხის სამართლებრივად და საბოლოოდ გარკვევამდე შეჩერებული იქნას აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლა 1 ივლისს.

აქციის მონაწილეებმა ღია წერილით მიმართეს საქართველოს პრემიერ მინისტრს; პირველ ვიცე პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს; ფინანსთა მინისტრს; ბიზნეს ომბუცმენს, ეკონომიკური საბჭოს მდივანს; სსიპ კონკურენციის სააგენტოს უფროსს და ქ. ფოთის მერს.

 აქციის კიდევ ერთი მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ იყო, რათა მან დაუყონებლივ დაიწყოს თავისი ფუნქციების აღსრულება. კერძოდ, მსუბუქი მანქანებით დატვირთული კონტეინერების მიღება-დამუშავებისათვის სხვა საბაჟო საკონტეინერო ტერმინალებში, ისეთივე ფუნქციების შესრულება, რასაც მხოლოდ ერთი, „კორპორაცია ფოთის პორტის“ მიერ დაფუძნებული, იდენტური საბაჟო-საკონტეინერო ტერმინალის მიმართ ასრულებს 2011 წლის თებერვლიდან მოყოლებული დღემდე. ცნობილი ხდება, რომ სულ ახლახანს, პრემიერს, ვიცე–პრემიერის, ბიზნეს ომბუცმენსა და კონკურენციის სააგენტოს უფროსს კონკურენციის შეზღუდვის ფაქტის აღმოფხვრის მოთხოვნით, ასევე მიმართეს საზღვაო–საკონტეინერო ხაზების აგენტებმაც.