17/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“სამხრეთის გაზის დერეფანს” ინვესტიციები სჭირდება

ზურაბ გარაყანიძე,

ეკონომიკის დოქტორი, სტუ-ს პროფესორი

საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ევროკავშირის გლობალური პროექტის “სამხრეთის გაზის დერეფნის” ერთ-ერთი ძირითადი “რგოლის” – “ტრანსადრიატიკული გაზსადენის” (TAP) მშენებლობის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ. ეს გაზსადენი უკვე სანახევროდ აგებული “ტრანსანატოლიური გაზსადენის” (TANAP) გაგრძელებაა, რომელიც თავის მხრივ საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელ “სამხრეთკავკასიურ გაზსადენს” დაუკავშირდება. 2018 წლის ბოლოსთვის TANAP საბერძნეთ-თურქეთის საზღვრიდან TAP-ის მილით საბერძნეთის, ალბანეთის და ადრიატიკის ზღვის ფსკერის გავლით, “შაჰ-დენიზი-2″ის გაზს სამხრეთ იტალიამდე ჩაიტანს. რუსეთიდან ევროპის ალტერნაიულ გაზმომარაგების ეს სქემა სულ 45 მლრდ დოლარამდეა შეფასებული.

2016 წლის აგვისტოში ევროპის საინვესტიციო ბანკი “დერეფნის” პროექტებისთვის გამოყოფს 1.2 მლრდ ევროს. მოგვიანებით EBRD-ც გეგმავს გარკვეული თანხის გამოყოფას. თუმცა, ეს არასაკმარისია და საჭიროა მსხვილი დასავლური კომპანიების სახსრების ჩართვა ამ საქმეში, რაც ნახშირწყალბადების დაბალი ფასების პირობებში, საკმაოდ პრობლემურია.

ამასთან, ბოლო წლებში სულ უფრო აქტუალური ხდება  ამერიკული თხევადი გაზის ევროპაში დიდი რაოდენობით ექსპორტი. 2016 წლის თებერვალში  ლიტვასა და პოლონეთში აგებულმა სპეციალურმა რეგაზაციის ტერმინალებმა უკვე პირველი ამერიკული გათხევადებული გაზით სავსე ტანკერები მიიღეს. ეს, ერთის მხრივ, სასიხარულოა – ბრიუსელი ხომ ნაკლებად იქნება გეოპოლიტიკურად დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე და “ხელები გაეხსნება” ისტორიული “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამის განხორციელებისთვის. ზოგიერთ პუბლიკაციაში ამერიკიდან თხევადი გაზის ევროპაში ექსპორტის დაწყება არა მარტო უკრაინის, არამედ ლამის გლობალური უსაფრთხოების შესანარჩუნებელ “პანაცეადაა” მიჩნეული. თუმცა, ჯერ-ჯერობით აშშ-დან თხევადი გაზის ექსპორტის ლიცენზია მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს მიღებული და ამიტომ ევროპის ენერგობაზარზე “გაზპრომისადმი” კონკურენციის გამწვავება უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი. მით უფრო მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე ტრანზიტის შეწყვეტა და ამ ქვეყანასთან სატრანზიტო შეთანხმების ვადის ამოწურვიდან – 2019 წლიდან, ახალი ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტების განვითარება გადაწყვიტა.

საინტერესოა, რომ საექსპორტო ლიცენზიის “მაძიებელთა” რიცხვი ამერიკაში სწრაფად იზრდება. ამიტომ, ამ ქვეყნიდან თხევადი გაზის ევროპაში ექსპორტი არა მარტო “გაზპრომს”, არამედ აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალ ევროკავშირის “გაზის მეოთხე დერეფანსაც” ემუქრება.

გათხევადებული “ცისფერი ოცნება”

2015 წლის წლის 26 აპრილს “ტელეგრაფმა” დასტამბა ამბროს ევანს-პრიტჩარდის (Ambrose Evans-Pritchard, International  Business Editor, Houston) წერილი: “შტატები გლობალური ენერგოდომინანტობის მიზნით გაზის ექსპორტის ბლიცში ებმება”. მასში მითითებულია, რომ 2015 წელს აშშ-ს ენერგეტიკული დეპარტამენტი ემზადება თხევადი გაზის ექსპორტის ნებართვების მასიურად გაცემისათვის, იმ მიზნით, რომ მსოფლიო გაზის ბაზარზე შეამციროს რუსეთის დომინირება (ბოლო მონაცემებით, “გაზპრომს” ევროპის გაზის ბაზრის 39% უკავია). “ტელეგრაფს” მიაჩნია, რომ ამით აშშ ენერგობაზარზე თხევადი გაზის გეოპოლიტიკურ “ღვარცოფს” გამოიწვევს.

აშშ-ს ენერგეტიკის მდივნის ერნესტ მონიზის ინფორმაციით, ამერიკაში ამჟამად  თხევადი გაზის ოთხი ტერმინალის მშენებლობა დამამთავრებელ სტადიაზეა. 2015 წლის მიწურულს ქ. ჰიუსტონის (ტეხასი) ენერგოსამიტზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ გაზის ტანკერებით ტრანსპორტირების პირველი “ტალღა” უკვე 2015 წლის ბოლოს დაიწყებოდა. მისი აზრით, ამ ათწლეულის ბოლოსთვის თხევადი გაზის ექსპორტით აშშ გაუთანაბრდება ყატარს, რომელიც დღეს თხევადი გაზის მსოფლიოს უდიდესი ექსპორტიორია. ეს ქვეყანა წლიურად 100 მლრდ კუბმეტრი გაზის ექსპორტს ახდენს. მას მალე დაეწევა ავსტრალია, რომელიც “გორგონის” გიგანტური ოფშორული საბადოს ათვისებას იწყებს.

ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე ე. მონიზმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს გაზის მოპოვების მკვეთრმა ზრდამ უკვე იმოქმედა გაზის გლობალურ ბაზარზე. აშშ-სთვის განკუთვნილი გაზი იმპორტიორებმა უკვე აზიასა და ევროპისკენ გადაამისამართეს, რითაც მნიშვნელოვანი კონიუნქტურული ცვლილებები გამოიწვიეს. რუსი “ენერგოპესიმისტების” გასაგონად უნდა აღინიშნოს, რომ აშშ მხოლოდ 15 წელია რაც გაზის მოპოვების გლობალურ 150 წლიან პროცესში ჩაერთო. მარტო დასავლეთ ვირჯინიიდან პენსინვალიამდე და ნიუ-იორკის შტატამდე გადაჭიმული “მარცელუსის” ფიქლების გაზის საბადო წლიურად იძლევა 113 მლრდ კუბმეტრ გაზს, ანუ დღეში 40 მლრდ კუბურ ფუტს, რაც  რუსული “ჩრდილოეთის ნაკადის”, იამალის და “სოიუზის” გაზსადენების ევროპის ბაზარზე ერთობლივად მიწოდებული გაზის მოცულობების ტოლია.

პარალელურად, ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე თითქმის ხუთჯერ შემცირდა “მარცელუსის” საბადოს მოპოვების თვითღირებულება. ამ დარგის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მიუხედავად გაზის მსოფლიო ფასების შემცირებისა, 1 მლნ ბრიტანულ  თერმულ ერთეულზე (გაზის ერთეული) ფასი თუნდაც 3 დოლარი რომ გახდეს, ამერიკაში გაზის რენტაბელობა არ დაზარალდება. დღეს ამერიკული გაზის ფასი ევროპაში 7, ხოლო აზიაში – 10 დოლარია. მაშინ როცა, ევროპაში რუსული გაზის ფასი 1 მლნ ბრიტანულ ერთეულზე 12 დოლარია. მიუხედავად ამ უპირატესობისა, “გაზპრომის” 2014 წლის შედეგებით, წმინდა მოგება 2013 წელთან შედარებით შემცირდა 86%-ით და 159 მლრდ რუბლი შეადგინა.

აშშ-ს ენერგოსაინფორმაციო სააგენტო (EIA) მოელის, რომ 2020 წლისათვის აშშ-ში შიდა ბაზრის ფასი ბრიტანულ ერთეულზე მიაღწევს 4.88 დოლარს, ხოლო 2040 წლისთვის – 7.85 დოლარს. ამასთან, ამერიკელი ექსპერტების ცნობით, ახლა ამერიკაში შესაძლებელია 280 ჭაბურღილზე მესამედით მეტი გაზის მოპოვება, ვიდრე 2009 წელს 1200 ჭაბურღილზე. დღეს ფიქლების გაზის მოპოვება აშშ-ში წელიწადში 350 მლრდ კუბმეტრს შეადგენს, რაც ქვეყნის გაზის წარმოების ნახევარზე მეტია ნავთობის ექვივალენტზე გადაანგარიშებით.

2011 წლიდან მოყოლებული, ჰიუსტონიდან ახალ ორლეანამდე აშენდა 33 ნავთობქიმიური ქარხანა, თითოეული ღირებულებით 1 მლრდ დოლარი. ამ რეგიონში, 2023 წლამდე, აშშ-ს ქიმიური საბჭო მოელის კიდევ 130 მლრდ დოლარის ინვესტირებას. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტი მალე გასცემს 70 მლრდ კუბმეტრი აირის ექსპორტის ნებართვას გათხევადების ოთხი ტერმინალისთვის. მათგან უდიდესის, – “ჩერნირის” 18 მლრდ კუბმეტრი წარმადობის ტერმინალის მშენებლობა ლუიზიანაში მალე დასრულდება.

დასავლეთს კასპიისპირეთში “უჭირს”

ამ სიახლეების ფონზე არ არის გასაკვირი, რომ დასავლური კომპანიები სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებიან კასპიისპირეთით, და მაშასადამე, – ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების აზრბაიჯანისა და საქართველოს მარშრუტით. კერძოდ, TANAP-ში “სოკარის” 80%-იანი წილიდან 12% მხოლოდ BP-მ შეიძინა, ხოლო “ტოტალმა” და “სტატოილმა” 10-10%-იან წილების შესყიდვაზე უარი განაცხადეს. ამ კონსორციუმში 10% “სოკარისგან” თურქულმა “ბოტაშმა” დაიმატა. TANAP-ში წილების განაწილება, დღეის მდგომარეობით, ასეთია: 58% ეკუთვნის “სოკარს”, 12% – BP-ს, 30% – “ბოტაშს”. ასევე, 2014 წელს TANAP-ის გაგრძელებიდან, “ტრანსადრიატიკული გაზსადენიდან” (TAP), თავისი 9% დათმო გერმანულმა E.ON-მა, ხოლო 10% – ფრანგულმა “ტოტალმა”. ეს წილები ისეთმა ბელგიურმა და ესპანურმა კომპანიებმა შეისყიდეს, რომლებსაც არაფერი არა აქვთ საერთო კასპიისპირეთთან.

გავრცელდა ინფომაცია, რომ 2015 წლის ივნისში კომპანია “BP-აზერბაიჯანის” მოიჯარე, ლოგისტიკური კომპანია ASCO-ს შვილობილმა,  საზღვაო პლატფორმების მშენებელმა კომპანიამ ASCO Caspian Holding-მა აზერბაიჯანი დატოვა. ამ ფირმამ ვერ მიიღო ვერანაირი შეკვეთა 2014 წლის სექტემბერში დაწყებული “შაჰ-დენიზი 2”-დან და მასში დასაქმებული აზერბაიჯანის  400-მდე მოქალაქე უმუშევარი დარჩა.

სავარაუდოდ, კასპიისპირეთს საბოლოოდ დატოვებს ნორვეგიული “სტატოილიც”. 2014 წელს მან მალაიზიურ “პეტრონასზე” გაყიდა “შაჰ-დენიზის” საბადოზე და “სამხრეთკავკასიურ გაზსადენში” თავისი წილები. ანტირუსული სანქციების მიუხედავად, ეს კომპანია, ისევე როგორც ფრანგული “ტოტალი”, აფართოებს ბიზნესს დასავლეთ ციმბირში და ოხოტის ზღვის ორ ოფშორულ პროექტში.

კასპიისპირეთისადმი ევროპის პოზიცია იცვლება

ევროპის ენერგოკომისარი მაროშ შევჩოვიჩი მიუთითებს, რომ ევროპის “სამხრეთის გაზის დერეფანში” თურქმენეთს წლიურად 30 მლრდ კუბმეტრი გაზის მიწოდება შეუძლია. 2015 წლის მარტში თურქეთის პრეზიდენტი რ. ტ. ერდოღანი თურქმენეთში იმყოფებოდა და პრეზიდენტ გ. ბერდიმუჰამედოვს TANAP-ში ჩართვა შესთავაზა. სამწუხაროდ, აშგაბატი უარს ამბობს 300 კმ სიგრძის “ტრანსკასპიური გაზსადენის” აგებისთვის 3-5 მლრდ დოლარის მარტო დაფინანსებაზე.

საინტერესოა, რომ “ტრანსკასპიურ” პროექტს ბევრი ევროკავშირშიც არ უჭერს მხარს. მათი ნეგატიური არგუმენტები ძირითადად კასპიის სტატუსს, შელფზე საზღვრების დელიმიტაციის პრობლემებს და ეკოლოგიას ეყრდნობა. ექსპერტები მოელიან ირანის გააქტიურებას დასავლეთის მხრივ სანქციების მოხსნის და მასთან დაახლოების მოლოდინის ფონზე. თეირანს უნდა TANAP-ში ჩართვა თავრიზი-ერზერუმის გაზსადენიდან და არ აწყობს ამ მხრივ კონკურენტების არსებობა. ეს ნიშნავს, რომ ირანი სავარაუდოდ ხელს შეუშლის საქარველოზე გამავალი კასპიური ენერგოპროექტების განხორციელებას. ამავე მიზეზით, ირანი არ დაუთმობს თურქმენეთს თავის ტერიტორიას თურქეთში გაზის ტრანზიტისათვის.

იცვლება ევროკავშირის პოზიცია “სამხრეთის გაზის დერეფნის” მიმართაც. “არაბული გაზაფხულის” შემდეგ, ბრიუსელმა გადახედა თავის “სამეზობლო პოლიტიკას” და 2011 წელს შექმნა სტრატეგია “ცვალებადი სამეზობლოს ახალი პასუხი” (A New Response To A Changin Nieghbourhood), რომელშიც ეკონომიკური თანამშრომლობის პირობად (Conditionality) “ღრმა დემოკრატიული” რეფორმირებაა (Deep Democracy) დაყენებული. მართალია თურქმენეთი “სამეზობლო პოლიტიკაში” არ მონაწილეობს, მაგრამ ევროპაში ხშირად საუბრობენ აშგაბატის რეჟიმის ავტორიტარიზმზე.

ჩინეთის კონკურენცია

განსხვავებით ევროკავშირისგან, ჩინეთს არანაირი პრობლემა არა აქვს შიდაპოლიტიკურ საკითხებთან. ის ყოველწლიურად 50 მლრდ კუბმეტრ თურქმენულ გაზს იღებს. პეკინი ცენტრალური აზიის ქვეყნებში 10 მლრდ დოლარამდე ზრდის თურქმენეთის გაზსატრანსპორტო ქსელების მშენებლობის დაფინანსებას, რათა 2017 წლიდან ყოველწლიურად მიიღოს 80 მლრდ კუბმეტრი თურქმენული გაზი. თურქმენეთის პეკინისადმი საკრედიტო დავალიანებების გასტუმრება ხდება გაზის მიწოდებით. ამ საკითხზე ევროკავშირის მოხსენებაში “რუსული გაზის ევროპული ალტერნატივები” (Europe’s Alternatives To Russian Gas) მითითებულია, რომ “თუქმენეთმა შეცვალა თავისი საექსპორტო პოლიტიკა ჩინეთის სასარგებლოდ”.

უცნაურია, მაგრამ კასპიისპირეთში ევროკავშირს აშშ-ს სახით ახალი კონკურენტი გაუჩნდა. ვაშინგტონი ავღანეთიდან სამხედრო ევაკუაციის პარალელურად, მხარს უჭერს 33 მლრდ კუბმეტრის წლიური წარმადობის მქონე ურთიერთხელსაყრელ “თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთის გაზსადენის” (TAP) პროექტს.

ამრიგად, კასპიისპირეთში ევროკავშირი უპირისპირდება ყველა რეგიონალურ მოთამაშეს. ამიტომაა, რომ ევროკავშირის “სამხრეთის გაზის დერეფანი”, რომელშიც საქართველოზე გამავალი “სამხრეთკავკასიური” (SCP) და “ტრანსკასპიური” (TCGP) გაზსადენები შედიან, დასავლეთის ენერგოკომპანიებიდან პრაქტიკულად მხოლოდ BP-ს “ამარა” დარჩა. მასში წამყვან როლს უკვე არა ევროპული, არამედ აზერბაიჯანული და თურქული ენერგოკომპანიები თამაშობენ, რომლებსაც არც თუ ისე კარგი ფინანსური მაჩვენებლები აქ.

ამასთან, არც რუსეთი და არც თურქეთი არ არიან ევროკავშირის წევრები, ანუ მათ არ ეხებათ ევროკავშირის “მესამე ენერგოპაკეტის” მოთხოვნები გაზსადენზე მესამე მხარის დაშვების აუცილებლობაზე, რაც თავის დროზე “სამხრეთის ნაკადის” შეჩერების მიზეზი გახდა. ამიტომ, არ გამოირიცხება ბულგარეთის მიერ რუსეთსა და თურქეთს შორის შუამავლობა “დერეფნის” ამ კონკურენტული პროექტის ხელახლა ასაღორძინებლად.  თუმცა, ბულგარეთში ან საბერძნეთში ამ გაზსადენის გაგრძელება ისევ “მესამე ენერგოპაკეტის” მოთხოვნებს უკავშირდება. ამიტომ, რუსეთისთვის აუცილებელი იქნება, რომ მისი გაზი ევროპელმა მომხმარებლებმა იყიდონ თურქეთ-საბერძნეთის ან თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე მდებარე “ჰაბიდან”.

ახალი ევროპული “ჰაბი”

საბერძნეთის მარშრუტის გამოყენების შემთხვევაში რუსულ გიგანტს DESFA – საბერძნეთის ეროვნული სატრანსპორტო ქსელის (NGTS) გამოყენება მოუწევს. სხვათა შორის, ამ ქსელის აქციების 35%-ის აზერბაიჯანული “სოკარის” მიერ 2013 წელს შესყიდვის კანონიერებას ევროკომისია იკვლევს.

არსებული ინფორმაციით, განახლებული “სამხრეთის ნაკადის” გაზსადენი შეიძლება დასავლეთ თურქეთის იპსალას ოლქში, საბერძნეთის საზღვართან იმ რაიონში მივიდეს, სადაც TANAP უნდა დაუკავშირდეს TAP-ს. ეს ამ ორ სისტემას შორის საბაზრო წილის გამო მზარდ კონკურენციას გამოიწვევს. ეს იმითაა განპირობებული, რომ TANAP-ის გაზსადენების წარმადობა 16-დან 31 მლრდ კუბმეტრამდე და TAP-ის 10-დან 20 მლრდ კუბმეტრამდე  გაზრდაა გათვალისწინებული.

ზემოაღნიშნული მარშრუტის გამოყენებით რუსეთს ეძლევა შანსი, რომ თავისი გაზი ევროპაში განახლებული “სამხრეთის ნაკადიდან” TAP-ის გავლით ისე გაიტანოს, რომ არ დაარღვიოს ევროკავშირის “მესამე ენერგოპაკეტის” მოთხოვნები. ეს იმითაა განპირობებული, რომ:

– რუსეთი არ ფლობს TAP-ის წილს;

– თუ TAP-ს პირველ ეტაპზე 10 მლრდ წლიური წარმადობა ექნება, უკვე მეორე ეტაპზე ის 20 მლრდ კუბმეტრამდე (100%) გაიზრდება;

– ევროკომისიამ TAP-ის მთლიანი სიმძლავრის 50% ღიად დატოვა მისი აგების მეორე სტადიაზე “მესამე მხარის დაშვებისათვის”;

– ევროკავშირის რეგულაციებით, TAP ვალდებულია მესამე მხარის მოთხოვნით, საბერძნეთში გახსნას დამატებითი შემავალ-გამავალი წერტილები “არა შაჰ-დენიზის” გაზის მისაღებად.

“მესამე ენერგოპაკეტის” თვალსაზრისით, რუსეთმა შეიძლება მიიღოს TAP-ზე ხელწვდომა, როგორც მისი აგების მეორე სტადიაზე გაზის მიმწოდებელმა (არა მესაკუთრემ), ან მოითხოვოს TAP-ში დამატებითი სატუმბებისთვის შემავალი/გამავალი წერტილების შექმნა.

თუ რუსეთს არ ექნება საკუთარი ინფრასტრუქტურა, მაგრამ უბრალოდ გაყიდის თავის გაზს განახლებული “სამხრეთის ნაკადით” თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე, მაშინ ის აღარ დაარღვევს “ევროკავშირის მესამე ენერგოპაკეტის” მოთხოვნებს. თუმცა, “შაჰ-დენიზის” კონსორციუმმა უკვე უზრუნველყო 2018 წლისათვის, ანუ პირველ ეტაპზე 10 მლრდ კუბმეტრი აზერბაიჯანული გაზით TAP-ის პირველი ფაზის სრული შევსება 25 წლიანი კონტრაქტებით; ე.ი. სულ ცოტა 25 წლით რუსულ გაზს არ ექნება TAP-ში დაშვება; თან აზერბაიჯანი აპირებს თავის გაზის ექსპორტის გაზრდას “აზერი-ჩირაღი-გიუნეშლიდან”, “უმიდიდან”, “აბშერონიდან” და “შაჰ-დენიზი 3”-დან…

საბერძნეთს სურს რუსული გაზი ევროპაში გაიტანოს “ინტერკონექტორი თურქეთი-საბერძნეთი-იტალიის” (ITGI) მარშრუტით. ამავდროულად, განახლებული “სამხრეთის ნაკადის” მწყობრში ჩადგომით, უკრაინასთან 2019 წლამდე არსებული სატრანზიტო შეთანხმება სავარაუდოდ, აღარ განახლდება. ამიტომ, დასავლეთ თურქეთამდე უკრაინა-მოლდოვა-ბულგარეთი-რუმინეთის გავლით გაყვანილი “ტრანსბალკანური გაზსადენის” (TBP – საბჭოთა კავშირის დროს მას “პროგრესს” უწოდებდნენ) არსებობას აზრი ეკარგება, ვინაიდან მას ჩაანაცვლებს ახალი “სამხრეთის ნაკადი”, რომლის სიმძლავრე TBP-სას თითქმის სამჯერ აღემატება. სავარაუდოდ, “ტრანსბალკანური გაზსადენი”, უკრაინაზე ტრანზიტის შეწყვეტის შემდეგ, “გაზპრომმა” შეიძლება რევერსულ რეჟიმში გამოიყენოს და ბალკანეთის ქვეყნებს რუსული გაზი ახალი “სამხრეთის ნაკადით” მიაწოდოს. ამით ის მოგვევლინება კასპიისპირეთის გაზის კონკურენტად იქ სადაც მას, “ნაბუქოს” შეჩერების და TANAP-ის და TAP-ის დაწყების შემდეგ, ყველაზე ნაკლები შანსი ჰქონდა. ამასთან, განახლებული “სამხრეთის ნაკადის” გაზსადენის უპირატესობა 2014 წლის ბოლოს შეჩერებულ  “სამხრეთის ნაკადთან” ისაა, რომ არ არღვევს ევროკავშირის “მესამე ენერგოპაკეტის” მოთხოვნებს, რაც მისადმი ბრიუსელის ლოიალობას უზრუნველყობს.

ამრიგად, სავარაუდოდ რუსეთი განახლებული “სამხრეთის ნაკადით” შეეცდება ხელი შეუშალოს საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ევროკავშირში “სამხრეთის გაზის დერეფნით”  ექსპორტს. ეს მას სჭირდება იმისათვის, რომ TANAP-ს და TAP-ს დაასწროს განახლებული “სამხრეთის ნაკადის” (2020 წელს) მწყობრში ჩადგომა. აშშ-ისა და ევროკავშირის მულტინაციონალური კომპანიების მხრივ კასპიისპირეთისადმი ინტერესის განელება, რაც ამჟამად ხდება, მოსკოვს ამ ამოცანას გაუადვილებს.