საზოგადოება

შრომის ინსპექციას კომპანიების დაჯარიმების უფლება ექნება

წლის ბოლომდე მთავრობამ „შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი უნდა მიიღოს – ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია აცხადებს. მისი თქმით, ევროპასთან ასოცირების სამოქმედო გეგმაში წერია, რომ დოკუმენტი პარლამენტში მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში უნდა შევიდეს. მისივე თქმით,  სამოქმედო გეგმის მიხედვით, წლის ბოლოდან „შრომის ინსპექცია” უნდა ამუშავდეს სრულფასოვნად, რაც იმას ნიშნავს, რომ ინსპექციას ექნება დაჯარიმების და ნებართვის გარეშე საწარმოს შემოწმების უფლება. ალექსანდრიას განმარტებითვე, შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო.

 „თუ მთავრობა შარშან შემუშავებულ დოკუმენტს შეიტანს პარლამენტში, ამაზე ჩვენ ნამუშევარი გვაქვს და ეს განსაზღვრავს შრომის ინსპექციის როლს, ფუნქციებს, სანქციების საკითხს, სრულყოფილი კანონპროექტია და წესით წლის ბოლომდე უნდა მიიღონ კიდეც” – აცხადებს ალექსანდრია. მისივე განმარტებით, კანონის მიღების შემდეგ საწარმოებში გაჩნდება ვალდებულება დაინერგოს თანამედროვე სტანდარტები, შრომის უსაფრთხოების წესები.

ალექსანდრია ამბობს, რომ ასოცირების შეთანხმებაში „შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზეცაა საუბარი, რაც ეხება სამუშაო დროის, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მიმართულებებს. ამას გარდა, კანონდებლობის სრულყოფაა საჭირო პროფესიული გადამზადების, შრომის ბაზრის ანალიზის და დასაქმების კანონთან დაკავშირებით.

სახელმწიფომ შრომის ინსპექცია 2015 წლის თებერვალში  შექმნა და ბიუჯეტიდან ამისთვის 4 მილიონი ლარიც გამოყო (2015 წელი). 2016 წელს კი ამ მიმართულებით 4 მილიონ 25 ათასი ლარია გამოყოფილი. შრომის ინსპექციამ ამოქმედებიდან დღემდე ჯამში 200 საწარმო შეამოწმა.

წყარო: კომერსანტი

[wpolling id=”13″ width=”” height=””]