ეკონომიკა

სსფ: 2016 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას პროგნოზირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) 2016 წელს საქართველოში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის და მშპ-თან მიმართებაში მთლიანი საგარეო ვალის შემცირებას პროგნოზირებს.

სსფ-მ ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური პროგნოზები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მომავალ წელს, საქართველოს სახელმწიფო ვალი (total government gross debt) მშპ-ის 45,8%-მდე გაიზრდება. წელს ეს მაჩვენებელი მშპ-ს 45,4%-ის ნიშნულზეა ნავარაუდევი, შარშან კი, 34,8%-ს არ აღემატებოდა.

ამასთან, სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2016 წელს შემცირდება ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი (total gross external debt), რაც მშპ-ს 74% იქნება, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 76,8%-ის ნიშნულზეა ნავარაუდევი. კლება 2,8%-ია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 1,4 მლრდ აშშ დოლარი, ანუ მშპ-ს 9,6% იქნება. წელს დეფიციტი 1,5 მლრდ აშშ დოლარით და მშპ-ს 10,7%-ზეა ნავარაუდევი.

ანგარიშში სსფ-მ დაადასტურა უკვე არაერთგზის გაჟღერებული მოლოდინი საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2016 წელს სსფ 3%-იან ეკონომიკის ზრდას და 5%-იან ინფლაციას პროგნოზირებს.  წელს საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება, ინფლაცია 3,7% იქნება.

კავკასიისა და ცენტრალური აზიის  სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, 2016 წელს,  სსფ აზერბაიჯანში მშპ-ს 2,5%-იან ზრდას ელის, ყაზახეთში 2,4%,  თურქმენეთში 8,9%, უზბეკეთში 7%-ს, სომხეთში 2,2%, ყირგიზეთში 3,6%, ტაჯიკეთში 3,4%.

GBC.GE