13/05/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისის მერია კიდევ ერთ სტრუქტურას აუქმებს

თბილისის მერია სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ერთერთი პირველია, რომელმაც ხარჯების დაზოგვის მიზნით საკუთარ სტრუქტებში სერიოზული ოპტიმიზაცია დაიწყო.

ცნობილი ხდება, რომ დედაქალაქის მერიაში კიდევ ერთი უწყება გაუქმდა: „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრთან“ ერთად თბილისის ხელმძღვანელობამ, სტრუქტურული ოპტიმიზაციის ფარგლებში, ტექნოლოგიური განვითარების ფონდის საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში თბილისის მერიის სტრუქტურა საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევდა. განსაკუთრებული კრიტიკის საგანი მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი იყო, რომლის წლიური დაფინანსებაზეც ბიუჯეტიდან 1,4 მილიონი ლარი გამოიყო.

კრიტიკოსები ცალსახა მოწონებით შეხვდნენ რამდენიმე კვირის წინ, თბილისის ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებულ  სტრუქტურულ ოპტიმიზაციას, რის შედეგადაც რამდენიმე მილიონი ლარი დაიზოგება და ეს თანხები, როგორც მერიაში აცხადებენ, „თბილისის ახალ საჭიროებებს მოხმარდება.“

როგორც აღვნიშნეთ, გაუქმდა 11 თვის წინ შექმნილი თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი, რომლის ფუნქციად „კაპიტალდაბანდებების განხორციელებაში დახმარებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება“ სახელდებოდა.

1,4 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე სტრუქტურა მიმდინარე წლის აპრილიდან უკვე აღარ ფუნქციონირებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რამდენიმე დღის წინ მხარი დაუჭირა 5 წლის შექმნილ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის” ლიკვიდაციასაც. უწყება 2011 წელს თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა. 2013 წლის მაისიდან კი მისი სრული რეორგანიზაცია ჩატარდა.

ფონდის ფუნქცია ასე განისაზღვრებოდა: „ფონდი თბილისის თვითმმართველობის მიერ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის მიწოდებულ მუნიციპალურ სერვისებსა და პროდუქტებში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფისთვის არსებობდა. მათ შორის, დედაქალაქში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება.“

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ მერიაში მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც მოხდა ეკონომიკური პროფილის სამსახურების გაერთიანება. მისი თქმით, ხდება ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის რეორგანიზაციაც, რომელსაც ეკონომიკური განვითარების სამსახური დაერქმევა, გაუმჯობესდება პროექტების მართვა.

სწორედ აღნიშნულ სამსახურთან გაერთიანდა მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი და ტექნოლოგიური ფონდი.

“შეიქმნება კოორდინაციის უფრო ეფექტური მექანიზმი, რათა პროგრამების მართვა ერთ ქუდქვეშ მოექცეს. ამით, წელიწადში, მხოლოდ ადმინისტრაციულ ნაწილში, 2,3 მილიონი ლარის ეკონომიას გავწევთ. იგეგმება პროგრამების კორექტირებაც, რითაც დამატებით თანხებს დავზოგავთ. საბოლოო ჯამში, სხვადასხვა აიპ-ების გაერთიანების შედეგად, 8 მილიონის დაზოგვაა შესაძლებელი,“– აცხადებს ლექვინაძე.

რაც შეეხება თანამშრომლების რაოდენობას, მერის მოადგილის ინფორმაციით, მხოლოდ ეკონომიკური პროფილის მიმართულებით, 3 უწყების გაერთიანებით, 132 ადმინისტრაციული თანამშრომლიდან, 60 უნდა დარჩეს.

წყარო: commersant.ge