საზოგადოება

თბილისის ზოოპარკში შესვლა დღეს უფასო იქნება

თბილისის ზოოპარკი წყალდიდობიდან 1 წლისთავზე საჩუქრად 45 ახალ ცხოველს მიიღებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ზოოპარკიდან აცნობეს, ზოოპარკს 20 ჰამადრილი (10 – ანტვერპენის ზოოპარკიდან, ბელგია, 5-5 Beekse Bergen-ისა და ამერსფორტის ზოოპარკებიდან, ჰოლანდია), 24 დეგუ და 1 ინდური მაჩვზღარბა (AAP, ჰოლანდია) შეემატება. ახალი ბინადრები 13 ივნისს, ორშაბათს, გამთენიისას ჩამოფრინდებიან. მათთვის ვოლიერები უკვე მზადაა.

ამასთან, 13 ივნისს ზოოპარკში შესვლა უფასოა და მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია საქველმოქმედო ღონისძიებები: 11:00 საათიდან დაიწყება ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ორგანიზებული სისხლის ჩაბარების აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“. სისხლი მიეწოდებათ ძუძუს კიბოთი დაავადებულ და სისხლის ონკოლოგიურ პაციენტებს, ახალშობილებს, ბავშვებს, მშობიარეებს, ავტოავარიებში დაზარალებულ ავადმყოფებს, ქირურგიულ და სოციალურად დაუცველ პაციენტებს. აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 13:00 საათზე გაიხსნება თავდაცვის სამინისტროს ფოტოგამოფენა „ყველგან, სადაც სამშობლოს ვჭირდებით“. გამოფენა ასახავს შეიარაღებული ძალების როლს სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში. წარმოდგენილი იქნება 13 ივნისის წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოების ამსახველი ფოტოები. 14:00 საათზე გაიხსნება მხატვარ ირინე ჩუტკერაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა „ზოოლაივი“. გამოფენილი 35 ნახატი ცხოველების თემაზეა შექმნილი. შემოსული თანხა თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

12:00-დან 18:00 საათამდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტების ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, გაიმართება აქცია „GAUფრთხილდი“. გაიყიდება სხვადასხვა ბრენდირებული სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, წიგნები და 13 ივნისისადმი მიძღვნილი სიმბოლოები. შემოსული თანხა თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში, სტიქიით დაზარალებულთა ფონდში და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში გადაირიცხება. სტუმრებს იმბოლური საჩუქრები და გათამაშება ელით. აქციას უერთდებიან მოძრაობის თეატრისა და პანტომიმის თეატრის მსახიობები, მოხალისე სტუდენტები და მეგობარი კომპანიების წარმომადგენლები.

ამას გარდა, ზოოპარკში მოეწყობა საბავშვო კუთხე „ზოოპარკის პატარა მეგობრები“, სადაც ბავშვები ცარცით გააფერადებენ მოედანს, ფურცლებზე დატოვებენ ხელის ფერად ანაბეჭდებს, დახატავენ და იქვე გამოფენენ საკუთარ ნამუშევრებს. ბავშვებს დაურიგდებათ სამახსოვრო სუვენირები და საჩუქრები ზოოპარკისგან და მხარდამჭერი კომპანიებისგან: Maika.ge, „სნო“, სადისტრიბუციო კომპანია „მზიური“ – შოკოლადი „ლინდტი“, FRIXX.
2015 წლის 13 ივნისის შემდეგ თბილისის ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე აღდგენილ იქნა ნიანგის, დათვების, მგლების, მარტორქის, ირმების, ლამებისა და ტაპირის, ალპაკების, კამერუნის თხებისა და ზებრების ვოლიერები; მოეწყო ჰიპოპოტამის ზამთრის ვოლიერი აუზითა და გათბობით; ეგზოტარიუმში გაკეთდა 2 ახალი აკვარიუმი (9 და 4-ტონიანი); რეაბილიტაცია ჩაუტარდა პინგვინების ვოლიერსა და აუზს; აშენდა ჰამადრილების, მაკაკების, ლემურების, კენგურუების, დეგუების, ტაპირებისა და ემუების, მანგუსტებისა და მაჩვზღარბების, კოატების ახალი ვოლიერები. ამჟამად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით მიმდინარეობს დათვებისა და მგლების ახალი ვოლიერების მშენებლობა (120,000 ლარი). დაპროექტების პროცესშია ირმებისა და ნიამორების ახალი ვოლიერები, რომლებიც GIZ-ის დაფინანსებითვე აშენდება (40,000 ევრო).
სტიქიამდე ზოოპარკში 1155 ინდივიდი ბინადრობდა (თევზებისა და ქვეწარმავლების ჩათვლით). წყალდიდობის შედეგად 281 ცხოველი დაიღუპა.

„13 ივნისის სტიქია უმძიმესი ტრაგედია და ამავე დროს, ძალიან დიდი გამოცდა იყო თბილისის ზოოპარკისთვის. გამოცდა იმ თვალსაზრისით, შევძლებდით თუ არა სირთულეების გადალახვას და უმოკლეს ვადებში ყველაფრის აღდგენას. ამ ხნის განმავლობაში თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად შრომობდა ზოოპარკისთვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად. სწორედ ეს, შესაშურად მებრძოლი სულისკვეთება და ჩვენი მეგობრების უდიდესი მხარდაჭერა იყო ის, რამაც შეგვაძლებინა ზოოპარკის გახსნა სტიქიიდან ზუსტად 3 თვეში, ჰიპოპოტამის ვოლიერის აშენება უკიდურესად შეზღუდულ ვადებში და 1 წლის თავზე როგორც ვოლიერების, ისე ცხოველების კოლექციის განახლება. მეტად მძიმე წელი გამოვიარეთ. ბევრი სირთულე დავძლიეთ. დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩვენ გვერდით იდგა, მადლობა ქართველ ხალხს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, მადლობა თბილისის მერიას, ევროპისა და ამერიკის ზოოპარკებს, მადლობა ზოოპარკის ყველა მეგობარს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. 13 სექტემბერს, ზოოპარკის გახსნის დღეს პირობა დავდეთ, რომ აღვადგენდით ზოოპარკს და მაქსიმალურად ვეცადეთ დაპირება შეგვესრულებინა. ახლა დამთვალიერებლის ჯერია. იმედია, ზოოპარკის სტუმრები დადებითად შეაფასებენ ჩვენი ერთწლიანი მუშაობის შედეგებს“,

– აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

თბილისის ზოოპარკს უკვე შეემატა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გამოგზავნილი 29 ახალი ცხოველი. 13 ივნისს 45 ცხოველი ჩამოვა, ზაფხულსა და შემოდგომაზე ზოოპარკი კიდევ 55 ახალ ბინადარს მიიღებს.