თბილისის ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 25 ივლისიდან დაიწყება
ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 25 ივლისიდან დაიწყება – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, წელს პირველად დაინერგა სამეტაპიანი რეგისტრაცია, რაც გულისხმობს პირველ ეტაპზე მიზნობრივი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების რეგისტრაციას. პროცესი 10-15 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა და 2 621 აღსაზრდელი დარეგისტრირდა.
17 ივლისს დაიწყო რეგისტრაციის მეორე ეტაპი, რომელშიც მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები მონაწილეობენ. ამ დროისთვის უკვე რეგისტრირებულია 5 000-მდე აღსაზრდელი.
25 ივლისს დაიწყება მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნულ ეტაპზე 7 500-მდე თავისუფალ ადგილზე გამოცხადდება რეგისტრაცია, სადაც თბილისის საჯარო ბაღებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის, ისე ბინადრობის ნებართვის მქონე პატარებს.