თურქეთის ელჩი: ბათუმი საქართველოა, რიზე – თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ
„ბათუმი საქართველოა, რიზე – თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა, რომელმაც ქალაქ რიზეს უნივერისტეტში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიმართვასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.
როგორც ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ აღნიშნა, საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით.
„მადლობას გიხდით, რომ მაძლევთ შესაძლებლობას გავფანტო რაიმე სახის გაუგებრობა. პრეზიდენტის გამოსვლა ასახავს რეგიონის ხალხების ძალიან მჭიდრო ურთიერთობას. ხალხების, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობს. ეს არის ასევე ხაზგასმა სოციალური და კულტურული მსგავსების. დღეს ჩვენი მთავრობები ძალიან სწორ პოლიტიკას ატერებენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა საუკეთესოა ყველა დონეზე და მიმართულებით. ჩვენ არა მხოლოდ ვაღიარებთ, არამედ ძლიერად ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბათუმი საქართველოა, რიზე – თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს”, – განუცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ „საზოგადოებრივ მაუწყებელს”.