01/05/2024
Latest:
საზოგადოება

„უბლოკო საქართველო“ მაზოხისტურ თვითგვემას უფრო ჰგავს“

ჩრდილოეთისკენ მიმავალი გზა ნინო ბურჯანაძემ უკვე მერამდენედ გაკვალა. ამჯერად ის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს, სერგეი ნარიჟკინს შეხვდა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, „რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთის უმაღლეს პირებთან პირდაპირი დიალოგი“. თავის დროზე კუკავა-დავითაშვილის ტანდემიც სტუმრობდა ჟირინოვსკისა და დუგინს, თუმცა საქართველოსთვის არსებითად არაფერი იცვლებოდა, გარდა იმისა, რომ მსგავსი ნაბიჯები ამომრჩევლის თვალში წამგებიანად ითვლებოდა. დღეს რუსული ვოიაჟის თემა ისევ გააქტიურდა, ოღონდ წინასაარჩევნო კონტექსტში. პრორუსული ძალებისგან მომავალი საფრთხის კვალობაზე რამდენად პოპულარულია ეს ნაბიჯი და რას სძენს საქართველოს მსგავსი შეხვედრები? For.ge-მ ამ შეკითხვით დაიწყო საუბარი ექსპერტ ვაჟა ბერიძესთან.

ვაჟა ბერიძე: ჩვენს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ნებისმიერი კონტაქტი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან აღიქმება, როგორც მკრეხელობა და ცალსახად უარყოფითი ფაქტორი. მე არ ვთვლი, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს. პირიქით, რაც არ უნდა მძიმე იყოს, დიალოგი უნდა ვაწარმოოთ. ცალსახად უნდა ვცნოთ ჩვენი დიდი მეზობელი ოკუპანტად და არა მარტო ოკუპანტად. 2008 წლის ომამდე, როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სიტყვის დონეზე მაინც აღიარებდა, მაშინაც ხმალამოღებული იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ესეც რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის არასწორი ხედვის გამოხატულება იყო.

კარგად გვახსოვს, როცა პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა. აქედან გამომდინარე, ვინც კი მოისურვა ამ იმპერიის ფარგლებიდან გამოსვლა, რუსეთის თვალში მტრად არის აღიარებული. მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთთან ყველა დონეზე უნდა გვქონდეს საუბარი, განსაკუთრებით, სამოქალაქო სექტორის დონეზე. პოლიტიკოსებსაც უნდა ჰქონდეთ შეხვედრები და გადაილახება დაუძლეველი წინაღობა, რასაც წარმოადგენს რუსეთის საელჩოების გახსნა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. სახელმწიფო დონეზეც უნდა ვაწარმოოთ დიალოგი, ოღონდ არა დიალოგისთვის. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის მეორე თვალსაზრისი, მე დავარქმევდი ამას ნაციონალების თვალსაზრისს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვეძლია, გავაკეთოთ რუსეთთან მიმართებით, ეს არის მათთან დალაპარაკება დასავლეთის მეშვეობით. ასეთი მიდგომა საეჭვოდ მიმაჩნია, ისევე, როგორც ის მოლოდინი, რომელიც ბევრ სხვა პოლიტიკურ მოღვაწეს აქვს, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი დაიშლება და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

ჩვენ რუსეთის დაშლას ვერ დაველოდებით, რადგან ეს შეიძლება მოხდეს 2 წელიწადში, 40 წელიწადში ან კიდევ 200 წელიწადში და, თუ ჩვენ ამ დროის განმავლობაში ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღვადგინეთ, ეს ტერიტორიები სამუდამოდ დაიკარგება ჩვენს ძმებთან-აფხაზებსა და ოსებთან ერთად. ამიტომ დიალოგი საწარმოებელია, რა დონეზე და ვინ აწარმოებს, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. აუცილებელია პოლიტიკური ლიდერების, არაოფიციალური პირების მსგავსი დიალოგი იმ სახელმწიფოებთან, რომლებმაც უახლოეს წარსულში დაიპყრეს ჩვენი ტერიტორიის ნაწილი. უახლოეს წარსულზე ვამახვილებ ყურადღებას, თორემ ქართული მიწები თითქმის ჩვენს ყველა მეზობელს უჭირავს, მაგრამ ჩვენ პრაგმატულად ვუდგებით ამ საკითხს და ამ ტერიტორიებზე პრეტენზიას არ ვაცხადებთ, რათა რეგიონული მშვიდობა დამყარდეს.

მომავალში იმავე თურქეთში თუ ჩვენს კულტურულ ძეგლებს აღვადგენთ, თუ ღვთისმსახურებას შეუდგებიან მართლმადიდებლები თავიანთ საკულტო შენობებში, თუ იქაური ქართველები ქართულ ენას ისწავლიან. თუ მუსლიმანური პერიოდიდან შემორჩენილ მათ ძეგლებს მოვუვლით საქართველოში და სათანადო პატივს მივაგებთ, რასაკვირველია, ეს პოზიტივი იქნება და ეს ორი ხალხის ინტერესშია. ასეთივე დამოკიდებულება რუსეთთან ამ ეტაპზე ძნელია, მაგრამ ურთიერთობები უნდა არსებობდეს, ოღონდ დიალოგის პროცესი არ უნდა გამოიყენებოდეს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევისა და პოლიტიკურ პროცესებზე ზეწოლის მიზნით.

რუსეთის მხრიდან რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა არ უნდა გახდეს პოლიტიკური პროცესის ნაწილი საქართველოში. ოპონენტებს შეუძლიათ მომიგონ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დასავლეთიდან, ასევე, ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებშიო. „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე ხშირად ჩადის ვაშინგტონში, ბრიუსელში და იქ მართავს შეხვედრებს და ახლაც მძაფრი რიტორიკაა გაჩაღებული, რომ პროდასავლური ძალები ერთიანდებიან. როგორც ჩანს, დასავლეთის გარკვეულ გავლენიან წრეებს არ ეიმედებათ ნაციონალების, რომელთაც საკმაოდ დიდხანს საიმედო პარტნიორებად მიიჩნევდნენ ამ რეგიონში და ახლა დაიწყეს ახალი ძალის მხარდაჭერა. მათი ქმედებები კანონს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მაინც ისე გამოდის, რომ ჩვენს არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ერთი მხრივ, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი პროდასავლური ძალები-ნაციონალები, ვაშაძე, ჯაფარიძე, ბურჭულაძე და, მეორე მხრივ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბურჯანაძის პარტია, „სოციალისტური საქართველო“ და უკვე აკრძალული „ცენტრისტები“.

კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ორი უცხოური ცენტრიდან მხარდაჭერილი ძალების დაპირისპირებას ჩვენს არენაზე, რაც ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ასეთ ვითარებაში ძალთა განლაგების განმსაზღვრელი ქართველი ხალხი კი არ არის, არამედ დაპირისპირება ჩვენს მიღმა წარმოებს და იქიდან ქმნიან საქართველოში ჯერ მოკავშირეებს, შემდეგ, ფაქტობრივად და არსებითად – მარიონეტებს.

დასახელებული პოლიტიკური სუბიექტები შეიძლება დასავლეთის, ან რუსეთის სატელიტებად მოვიხსენიოთ?

– არ მაქვს ამის საფუძველი, მაგრამ მოვლენათა განვითარება აქეთკენ მიდის. ბურჯანაძის შეხვედრა ნარიშკინთან, რომელიც გავლენიანი პოლიტიკოსია რუსეთში, არ იქნებოდა საფრთხის შემცველი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ეს რომ არ მომხდარიყო არჩევნებამდე ორი თვით ადრე და თავისუფალი ყოფილიყო წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტიდან. თუმცა ბურჯანაძეს ეს არ ეხამუშება, არც დათო უსუფაშვილს ეხამუშება, როცა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას და დასავლური სტრატეგიული ვექტორის დაფიქსირებას მოითხოვს.

დასავლური ვექტორი ჯერჯერობით ჩვენში ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, თუმცა გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც უკმაყოფილონი არიან სტრატეგიული ვექტორის მხარდაჭერიდან მიღებული სარგებლით. ამის მიღმა სულაც არ ჩანს ჩვენი მოქალაქეების პრორუსულობა ან პროდასავლურობა. უბრალოდ, ელემენტარული პრაგმატიზმი და ცხოვრებისეული სინამდვილე აიძულებს ხალხს, სკეპტიკურად განეწყონ იმ კურსის მიმართ, რომელმაც ქვეყანას სოციალური სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით ვერაფერი მოუტანა. ამ პროცესს თუ „ჩავხურავთ“, მაშინ რა გამოვა, ჩვენ ეგვიპტელებივით მოვიქცევით? თავის დროზე ეგვიპტის მმართველ წრეებს რომ არ მოეწონათ „ძმები მუსლიმანების“ თეორია, პრაქტიკა, ისინი სადღაც სიღრმეში შერეკეს, პოლიტიკურ არენას მოაცილეს და, როცა ეგვიპტელმა ხალხმა ჩათვალა, რომ მუბარაქი უნდა მოეცილებინა ხელისუფლებისგან, თავისუფალი არჩევნების შედეგად მოვიდნენ ეს განდევნილი და ციხეებში შეყრილი „ძმები მუსლიმანები“ და მუჰამედ მურსის გადაყენებას სამხედროების მოსვლა დასჭირდა ხელისუფლებაში, რაც, ფაქტობრივად, სამხედროების დიქტატურის დამყარება იყო.

ამიტომ ამ პოლიტიკურ პროცესს გააზრება და ისეთი რეგულირება სჭირდება, რომლის შემთხვევაშიც, ჩვენ არ ვიქნებით ხობის წყლის პირას მოკლული გუბაზ მეფის ჭირისუფლები და, აიეტისა და ფარტაძის მსგავსად, არ ვიმსჯელებთ იმაზე – ირანი თუ ბიზანტია, არამედ ვიფიქრებთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესს რა წაადგება. ჩვენ ნაცარქექია ერი ვართ, ჩვენს გარშემო უამრავი დევი და დინოზავრი კინკლაობს ერთმანეთთან, საქართველოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად დიდი ძალისხმევა არავის დასჭირდება. ამიტომ პოლიტიკოსებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ.

იმისთვის, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ დარჩეს და გარკვეული შედეგი მოიტანოს, იმისთვის, რომპოკლონაიაგორისმსგავსად, ვლადიმერ პუტინმა არ უწოდოს ნინო ბურჯანაძეს ბურჯანაშვილი და საქილიკო არ გახდეს ესსაკითხი, ოკუპირებულმა საქართველომ კიდევ რა უნდა შესთავაზოს რუსეთს? კიდევ რამეა დასათმობი?

– დასათმობი ჯერ არაფერი არ არის, რადგან რუსეთი ჩვენთან არც ვაჭრობს. ის საერთოდ არაფერს გვთავაზობს, მისი პოლიტიკა ახლომხედველურია. ისინი ამბობენ, ჩვენ არ ვართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინააღმდეგნი, თქვენ თვითონ მოელაპარაკეთ აფხაზებსა და ოსებს. ესეც ცინიზმია, რადგან აფხაზებისა და ოსების უკან როცა მავთულხლართი და ავტომატის ლულებია, ვერაფრით დაველაპარაკებით თანასწორად. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ლაპარაკი თვითმპყრობელურ დიდ ქვეყანასთან და არა ჩვენს მოძმე ხალხთან, რომლებთანაც გვაქვს გაუგებრობა. ამდენად, ლავროვის განცხადება, დაელაპარაკეთ აფხაზებსა და ოსებს, ფარისევლობაა. აფხაზები და ოსები არ გველაპარაკებიან, რადგან ისინი მითიური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ლოზუნგებს ისვრიან. ამიტომ საურთიერთო რუსებთან ჯერჯერობით არაფერია, საურთიერთობოა ერთადერთი, საქართველოს 800 ათასი მოქალაქე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და იქიდან არჩენს ოჯახებს საქართველოში და ეს კოზირი რუსეთის ხელშია.

რაზე ვივაჭროთ რუსებთან? ჯერჯერობით ისინი ეჭვქვეშ არ აყენებენ მათ მიერვე აღიარებულ ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომლებსაც მათი მარიონეტები მართავენ. თითქოსდა, სამსჯელო არაფერია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნდა მოვძებნოთ სასაუბრო თემები. როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, დასავლელი პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების ნების შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლება უარზეა აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთთან, ასეთ შემთხვევაში, რუსები კიდევ უფრო ხისტები ხდებიან და ცდილობენ, დესტაბილიზაციის მიმართულებით წაიყვანონ ვითარება ჩვენს ქვეყანაში. მათი მიზანია, აქაური პოლიტიკური სპექტრიდან მიიმხრონ გავლენიანი ფიგურები, როგორიცაა ნინო ბურჯანაძე (ჩემი აზრით, კარგი პოლიტიკოსი და შესანიშნავად მოაზროვნე) და სხვები. თუმცა სტრატეგიული წინასაარჩევნო სლოგანი -„უბლოკო საქართველო“ არცთუ ხეირიანი პოლიტიკური მიგნებაა. ქვეყნის უბლოკო სტატუსი (და არა ნეიტრალიტეტი, რომელიც ურთულესი მისაღწევია, რადგან მას ყველა დიდი მეზობლისგან, მოთამაშისგან თანხმობა სჭირდება) მაზოხისტურ თვითგვემას უფრო ჰგავს.

უბლოკო სტატუსით როცა აპელირებენ, იშველიებენ მოლდოვის მაგალითს, მაგრამ პრეცედენტები გვეუბნებიან,რომ მოლდოვამაც ბევრი დათმო რუსეთის წინაშე და ვერაფერი მოიგო, ისევე, როგორც შევარდნაძემ დსთშიშეიყვანა საქართველო, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა ვერ გადაწყდა. მაშინ რისთვისსჭირდებათ ეს უბლოკო სტატუსი, მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებისთვის? უბლოკო სტატუსი საკმარისია იმისთვის,რომ ნინო ბურჯანაძემ 5%-იანი ბარიერი გადალახოს და მოხვდეს პარლამენტში?

– მოცემულ შემთხვევაში, უბლოკო სტატუსი ბურჯანაძეს სჭირდება არჩევნებში მაღალი რეზულტატის მისაღწევად. ფაქტობრივად, ნინო ბურჯანაძემ საარჩევნო კამპანია არ აწარმოა. ჩანს ისიც, რომ საამისოდ მას სათანადო ფინანსური რესურსი არ აქვს, ამიტომ, როგორც გამჭრიახი პოლიტიკოსი, ის ეძებს ეფექტურ იდეებს ელექტორატის მისაზიდად. მან იპოვა უბლოკო სტატუსი, მაგრამ ეს უბლოკო სტატუსი კიდევ უფრო არარეალური და არაფრის მომცემია, ვიდრე ნეიტრალიტეტი, რომელიც აპრობირებულია საერთაშორისო ურთიერთობებში და უფრო კონკრეტულ გარანტიებს იძლევა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის.

ცხადია, ნეიტრალიტეტის მიღწევა დროში გაწელილია და ცალკეულ ქვეყნებს ასეულობით წლები დასჭირდათმეზობლებისგან ნეიტრალიტეტიის მისაღწევად, მაგრამ რატომ არ შემოგვთავაზა ბურჯანაძემ თუნდაც იგივენეიტრალიტეტი, ეს უფრო გასაგები არ იქნებოდა ამომრჩევლისთვის, ვიდრე უბლოკო სტატუსი?

– იმიტომ, რომ ნეიტრალიტეტი ამ ეტაპზე არარეალურია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტის საწინააღმდეგო გაცხადებულ დონეზე არავის არ უნდა ჰქონდეს, ასეთ შემთხვევაში, საქართველო საინტერესო აღარ იქნება, როგორც პარტნიორი ევროკავშირისთვის, ისე შეერთებული შტატებისა და სხვა მთავარი მოთამაშეებისთვის. თუ ნეიტრალიტეტის ან უბლოკო სტატუსის განხილვას დაიწყებს რუსეთი, ასეთ შემთხვევაში, ის აფხაზებსა და ოსებს ეტყვის, რომ პირდაპირ უნდა მოილაპარაკონ ქართველებთან. ცხადია, რუსებს ეს ჩაეთვლებათ მათ ღალატად, ამიტომ რუსეთი ამ საკითხს არც განიხილავს. რჩება ერთადერთი გზა – უბლოკო სტატუსი არის თვითშეწირვის ფორმა, ანუ მზაობა იმისთვის, რომ სხვების სტრატეგიულ ინტერესებს ანგარიში გაუწიონ. მოცემულ შემთხვევაში, საუბარია რუსეთზე.

ჩვენ გულუბრყვილოები არ ვართ და ვიცით, რომ უბლოკო სტატუსი ნიშნავს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ნატოში შესვლაზე უარის თქმას. აქედან გამომდინარე, ნატო შენი სუვერენიტეტის მხარდამჭერი არ იქნება და შენ პირისპირ რჩები იმ ქვეყანასთან, რუსეთთან, რომელსაც შენს მიმართ პრეტენზიები აქვს. დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, არასათანადო შეფარდებითი დამოკიდებულება იქნება რუსეთ-საქართველოს შორის. ჩვენ პატარა ქვეყანა გვაქვს, ორი ოკუპირებული და ოთხი პრობლემური რეგიონით. ასეთ დროს რუსეთთან პირისპირ დარჩენა ავანტურაა. გარდა ამისა, არაფრით არ შეიძლება ყველა საკითხი აისახოს კონსტიტუციაში, ან გავიდეს რეფერენდუმზე და პლებისციტზე.

ეს არაგონივრულია, რამდენადაც როდესაც ჩვენ ვირჩევთ კანონმდებლებს, რომლებიც აყალიბებენ მთავრობას, ამით გარკვეულ პასუხისმგებლობასაც ვამისამართებთ ჩვენს მიერ არჩეულებზე. შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. შეერთებული შტატები და რუსეთი არიან გიგანტები, გლობალური მოთამაშეები და ისინი ან ერთმანეთთან მორიგდებიან, ან ერთმანეთს ანგარიშს გაუწევენ. ამ დროს ისჯება ხალხი, როგორც ეს მოხდა სირიაში. სირია ჭკუის სასწავლებელი მაგალითია ჩვენთვის, თუ როგორ დაეჯახა იქ ერთმანეთს ძალიან ბევრი ინტერესი, რამაც ნანგრევებად აქცია ეს ქვეყანა, ან კიდევ იემენი, რომელიც სტრატეგიული მდებარეობისაა და სპარსეთის ყურიდან გამომავალი მნიშვნელოვანი საზღვაო გზების გასაყარზეა. აქ საუდიტების, ირანის, ჰუსიტების, დასავლეთის, რუსეთის ინტერესები იყრის თავს. ახლა ამ ომს უწოდებენ „დავიწყებულ ომს“, საინფორმაციო სივრცეში თითქოს მინელდა ეს თემა, მაგრამ ამ დროს იქ ხალხის ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს. წამალი აღარ არის ამ ქვეყანაში, ექიმი აღარ არის და ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია, რადგან ამ ქვეყნების ელიტებმა ახალი დროისთვის ფეხის აწყობა ვერ შეძლეს.

სწორედ პოლიტიკური ელიტის უვარგისობამ გამოიწვია სირიის დანგრევა და იემენის გაუბედურება, კიდევ ბევრი ქვეყანაა ამ დღეში. ამიტომ ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, როცა ჰაიჰარად წამოისვრიან, რომ ნატო ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზაა, ან რუსეთი გადაგვარჩენს და შეგვინახავს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვინახავდა. პარლამენტში მოსახვედრი ადამიანების სიაში როცა ეწერებიან, ეს იქნება ბურჭულაძის პარტია, ვაშაძის პარტია, ჯაფარიძის პარტია, ნაციონალები თუ „ოცნება“, ცოტა დაფიქრდნენ, რომ საპასუხისმგებლო საქმეს ჰკიდებენ ხელს. ხალხისა და ქვეყნის ბედის გადამწყვეტები ხდებიან. როდესაც სახელოვანი სპორტსმენი, ან კიდევ ხელოვანი ხარ, მიდი და აკეთე შენი საქმე. ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტში მჯდომ ასანიძეს, მე მგონი, არაფერი გაუკეთებია, როგორც პოლიტიკოსს.

მანანა ნოზაძე
For.ge