მსოფლიო

ტერორიზმის საფრთხე წამყვან ტურისტულ ქვეყნებს პრობლემებს უქმნის

„მსოფლიო საშიში ადგილია“ – ასე იწყებს სტატიას CNNMoney და წერს, რომ ბოლო ხანებში ტურისტები უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ჩასვლას ერიდებიან. სტატია იმ ქვეყნებზეა, სადაც ტურისტებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად ჩასვლა აღარ სურთ.

ეგვიპტე

ეგვიპტისთვის ტურიზმის ინდუსტრია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა ბოლო პერიოდში მომხდარი ავიაკატასტროფებისა და 2011 წლის არაბული გაზაფხულის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად ტურიზმის ინდუსტრიას სერიოზული პრობლემები შეექმნა. 2010 წელს ეგვიპტემ ტურისტების რეკორდული რაოდენობა, 14 მილიონი ადამიანი მიიღო, თუმცა გასულ წელს პირამიდებით სახელგანთქმულ ქვეყანაში სულ 9 მილიონი ადამიანი ჩავიდა. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ტურისტების რაოდენობა ასევე შემცირდება. კვლევითი ფირმის Euromonitor International-ის მიხედვით, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით ტურისტთა რაოდენობა 2016 წლის პირველ კვარტალში 46%-ით შემცირდა.

„მთავრობამ მოგზაურები და პოტენციური ტურისტები უნდა დაარწმუნოს, რომ ტერორიზმის აღსაკვეთად და ტურისტების უსაფრთხოების გარანტიისათვის ყველაფერს აკეთებს,“ – განაცხადა Euromonitor International-ის სპეციალისტმა, ნადეჟდა პოპოვამ.

ტუნისი

2016 წლის პირველ კვარტალში აფრიკულ ქვეყანაში ტურისტთა რაოდენობა 20%-ით შემცირდა. აღნიშნულის მიზეზი 2015 წელს მომხდარი ორი ტერორისტული თავდასხმა გახდა, რომელთა სამიზნეც ტურისტები გახდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. პირველ შემთხვევას 20, ხოლო მეორეს 38 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის უმრავლესობა ბრიტანელი იყო. მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს ხელმძღვანელის, დევიდ სქოუსილის განცხადებით, პირველი შოკის გადავლასა და იგივე რაოდენობის ტურისტების მიღებას დაახლოებით 2 წელიწადი დასჭირდება.

„ხალხი ტუნისში აუცილებლად ჩავა. თუმცა ამ ეტაპზე ქვეყანა ძალიან რთულ მდგომარეობაშია და ადამიანები სამსახურს კარგავენ,“ – აღნიშნა სქოუსილმა.

თურქეთი

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინფორმაციით, თურქეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული ქვეყანაა და ყოველწლიურად 40 მილიონ ადამიანს მასპინძლობს. ამჯერად სიტუაცია შეცვლილია, რაც ტერორისტული თავდასხმებისა და რუსეთთან დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების შედეგია. თურქეთში რუსი ტურისტები აღარ ჩადიან – ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას პირდაპირ მოუწოდა, არ ესტუმრონ თურქეთს. ამასთან, რუსეთის ტურიზმის ფედერალურმა სააგენტომ ტურისტულ სააგენტოებს განუცხადა, რომ თურქეთში სამოგზაურო ტურები აღარ უნდა გაიყიდოს. რუსეთი თურქეთის ტურიზმის სექტორის მთავარ ბაზარს წარმოადგენს. შესაბამისად 5 მილიონი პოტენციური ტურისტი ქვეყანაში აღარ ჩავა. ამასთან, ანკარასა და სტამბოლში მომხდარმა ტერაქტებმა არაერთ უცხოელს, უმეტესად კი გერმანელებსა და ბრიტანელებს თურქეთში ჩასვლა გადააფიქრებინა.

თურქეთში ყოველწლიურად ჩამსვლელი გერმანელი და ბრიტანელი ტურისტების რაოდენობა 8 მილიონს აჭარბებს. დევიდ სქოუსილის მიიჩნევს, რომ „ტერორისტული თავდასხმების გამოძახილი ბოლო 12 თვის განმავლობაში ცხადად ჩანს. ადამიანები დასასვენებლად კვლავ მიდიან, მაგრამ დანიშნულების ადგილი ცვალებადია. თურქეთს, ეგვიპტესა და ტუნისს მიმდინარე წელს გაუჭირდებათ, თუმცა აღნიშნული შედეგებით ესპანეთი, პორტუგალია, მალტა და ბულგარეთი დიდ სარგებელს მიიღებენ.“

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით გასულ წელს 1.2 მილიარდი ტურისტული მარშრუტი წარმატებით განხორციელდა, რაც 2014 წელთან შედარებით 4.4%-იანი მატებაა.

წყარო: commersant.ge