ეკონომიკა

“ყველა ციფრი, რაც ბიძინა ივანიშვილის წერილში ვნახეთ, იმ რეალობას ასახავს, რაც დღეს გვაქვს”

ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო პროცესებში ჩართვა, როგორც თავად ექს-პრემიერის, ასევე „ქართული ოცნების“ სურვილი იყო.

ამის შესახებ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილზე კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, წერილი დროულად გამოქვეყნდა, მასში აღწერილი იმ მოვლენების გახსენება კი, რომელსაც ქვეყანაში ჰქონდა ადგილი, პრინციპულად მნიშვნელოვანია.
„ყველა ციფრი, რაც ვნახეთ წერილში იმ რეალობას ასახავს, რაც დღეს გვაქვს. ჩვენი მთავრობა გავაკეთებთ ყველაფერს, რათა რაც შეიძლება მეტად და დაჩქარებულად მოვახერხოთ ქვეყნის განვითარება. ამისთვის ჩვენ არაერთი ინსტრუმენტი დავნერგეთ ქვეყანაში და დავნერგავთ კიდევ, რათა ქონება და დამატებითი ღირებულება, რაც ქვეყანაში შეიქმნება, რაც შეიძლება თანაბრად გადანაწილდეს ჩვენს მოსახლეობაზე, იყოს ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა, ეკონომიკის განვითარების შედეგებით ისარგებლოს მთელმა მოსახლეობამ და არ იყოს კონცენტრირებული მხოლოდ რაღაც კონკრეტულ ჯგუფზე, რომელიც უზომოდ გამდიდრდება“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი დადებითად აფასებს საარჩევნო პროცესებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჩართვას.
„რაც შეეხება მის ჩართვას პროცესებში, ეს მისი სურვილიცაა და „ქართული ოცნებისაც“. შესაბამისად, თუ ის საარჩევნო პროცესში ჩაერთვება, მხოლოდ კარგი და სასარგებლო იქნება, როგორც საარჩევნო პროცესისთვის, ისე შედეგებისთვის. რამდენადაც მე ვხედავ, ბატონი ბიძინა შეეცდება იმას, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება ჩვენს მოსახლეობას გაუზიაროს, რაც, რა თქმა უნდა, უნდა აისახოს იმ განწყობებზე, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.