26/04/2024
Latest:
საზოგადოება

რატომ არ შეიქმნა დაანონსებული პრობლემები უძრავი ქონების ბაზარზე

 

საპოლიციო გამოსახლების გაუქმებიდან ორი თვე გავიდა, არასამთავრობოების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი ფუჭი აღმოჩნდა

გასული წლის 11 დეკემბერს პარლამენტმა საპოლიციო გამოსახლების გაუქმება მესამე მოსმენით დაამტკიცა. თვის ბოლოს კანონს პრეზიდენტის ხელმოწერაც დაერთო და საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი საბოლოოდ გაუქმდა. აღნიშნულ პროექტს სათავეშივე აპროტესტებდნენ დაინტერესებული მხარეები, – ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ეკონომიკის ექსპერტები, ბანკები, მათი წარმომადგენლები და მსხვილი ბიზნესმენების სრული უმრავლესობა. მათი თქმით, ეს იქნებოდა უკან გადადგმული ნაბიჯი კონსტიტუციურად დაცული საკუთრების უფლებისა და ეკონომიკისთვის. რეალურად, აღნიშნული კანონი მხოლოდ ხელშეკრულებით გაფორმებულ შეთანხმებებში გამოიყენება (გირავნობა, ქირა ხელშეკრულების დადებით, იპოთეკა და სხვა). გავრცელებული ხმები, თითქოს სახლში შემოჭრილ დაუპატიჟებელ სტუმარს ან ზეპირი შეთახმებით გაქირავებულ ბინას მესაკუთრე პოლიციის მეშვეობით ვერ გაათავისუფლებს, უბრალოდ ჭორია. თუმცა, მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ორგანიზაციები და ბიზნესის წარმომადგენლები დიდი მონდომებით ეწინააღმდეგებოდნენ აღნიშნული კანონის ძალაში შესვლას. მისი მიღების შემთხვევაში უამრავ ეკონომიკურ პრობლემას პროგნოზირებდნენ.

“სერიოზული პრობლემები შეიქმნება იპოთეკურ ბაზარზე, გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები, ვინაიდან ეს ყველაფერი რისკებთან არის დაკავშირებული და სწორედ რისკების გამო საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება. გარდა ამ პრობლემებისა, ეს არის პირდაპირ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ საბანკო ურთიერთობებზე ან საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობებზე. აქ არის საუბარი სამოქალაქო ურთიერთობაზე, მაგალითად: ქირავნობა, გირავნობა, – ასევე პრობლემა იქნება”, – ამბობდა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ჯერ კიდევ კანონის პარლამენტში ინიცირების პერიოდში.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ეკონომიკაში, ფაქტობრივად, აპოკალიფსს ვარაუდობდა, – “საკუთრებიდან გამოსახლების ახალი ინიციატივა საკუთრების უფლებას დაუსაბუთებლად ზღუდავს. კანონპროექტის მიღებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, სალიზინგო და დეველოპერული კომპანიებისა და უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული მოქალაქეებისთვის”, – აღნიშნავდა “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო” ამ კანონის მიღებამდე.

კანონის ძალაში შესვლიდან უკვე ორი თვე გავიდა. გაზეთი “ბანკები და ფინანსები” დაინტერესდა, თუ რა შედეგი მოიტანა ამ ცვლილებამ, შეიქმნა თუ არა ის დაანონსებული პრობლემები, რის გამოც ასე მწვავედ უპირისპირდებოდნენ ბიზნესმენები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ზემოთხსენებულ საკანონმდებლო ცვლილებას.

“შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების გაუქმებით, რომლითაც საპოლიციო გამოსახლებაც გაუქმდა, რეალურად არაფერი არაა შეცვლილი. ეს კანონი ეკონომიკაზე ვერ იქნება ასახული, ვინაიდან გამსესხებელს, ბანკი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი, ამით არ ეკრძალება განახორციელოს იძულებით გამოსახლება მსესხებლის წინააღმდეგ. რჩება ალტერნატიული გზა აღსრულების განსახორციელებლად. ამ ეტაპზე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არაფერი შეცვლილა და პრობლემები არ შექმნილა, რეალურად აღსრულების ბერკეტი კვლავაც არსებობს, უბრალოდ შეცვლილია პროცედურები”, – აცხადებს “ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტი მარიკა არევაძე.

“საქმე ის გახლავთ, რომ ბიზნესი არაა ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც საქართველოში არსებობს. ბიზნესის გარდა არის მოსახლეობა, რომლითაც საზრდოობს ეს ბიზნესი. მოსახლეობის უფლებები აუცილებლად ბიზნესის უფლებებზე წინ უნდა იდგეს. არ შეიძლება სოციალურ პრობლემებს ფეხი დააბიჯოს და მხოლოდ ბიზნესის აყვავებისათვის იზრუნოს სახელმწიფომ. 

არ შეიძლება ბიზნესმა დავალიანების გამო გამოყაროს სახლიდან პატარა ბავშვები და მოხუცები. ესაა სოციალური პრობლემა. ვინაიდან საქართველოში არ გაგვაჩნია სახელმწიფო ბინათმშენებლობა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს ვალდებულებას, რომ ააშენოს სოციალური საცხოვრისები. მოსახლეობის ქუჩაში გაყრა, ეს ნიშნავს არა მარტო მათი სიცოცხლის გაწირვას, არამედ კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებასაც. ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში,  მძიმედ დააწვება თვითონ ბიზნესს. პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ კრედიტორი თავიდანვე უნდა ფიქრობდეს, წონიდეს ყველა შესაძლო რისკებს. არ უნდა აძლევდნენ სესხს ისეთ პიროვნებას, რომელსაც არ აქვს გადახდის შესაძლებლობა. სესხის უზრუნველყოფად საკმარისი არაა უძრავი ქონების ჩადება, აუცილებელია იმის გათვალისწინება, არის თუ არა მსესხებელი გადახდისუნარიანი. სესხის გაცემისას მათი უყურადღებობა არ უნდა აისახოს მოსახლეობისადმი მოპყრობაზე. ყველა ცივილურ ქვეყანაში ადამიანების სახლიდან გამოსახლების საქმეებს წყვეტს სასამართლო. განვითარებულ ქვეყნებში უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს სახელმწიფო აძლევს თავშესაფარს. თუ ქვეყანაში გვინდა სიწყნარე, სიმშვიდე, ეს კანონი აუცილებლად უნდა მიღებულიყო. ყოველივე ეს თავად ეკონომიკის განვითარებისათვისაა საჭირო. უფულო და დაჩაგრული მოსახლეობა პრობლემაა თავად ბიზნესისთვისაც”, – მიაჩნია ეკონომიკის ექსპერტს ლია ელიავას.

ჩვენ დავუკავშირდით “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”, რათა მათი ამჟამინდელი პოზიცია მოგვესმინა კანონის ძალაძი შესვლის შემდეგ. “საპოლიციო გამოსახლების შესახებ კანონით დამდგარ შედეგებზე ჯერ-ჯერობით თვალყური არ მიგვიდევნებია, როგორც ჩვენი იურისტები ამბობენ, ჯერ იმხელა დრო არ გასულა, რომ რაიმე ინფორმაცია გამოვითხოვოთ ან რაიმე კვლევა გავაკეთოთ. სამომავლოდ ვგეგმავთ, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს”, – აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

როგორც ჩანს, აღნიშნული ინიციატივა მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა. არსად ჩანს ეკონომიკის ჩამოქცევის აპოკალიფტური ვარაუდების შედეგი. ამგვარად, ხელი შეეწყო სამართლიანობას კრედიტორსა და მოვალეს შორის, შეიზღუდა ხელშეკრულების თაღლითურად გამოყენების შესაძლებლობა. ყოველივე ეს კი, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ფინანსური ბიზნესის დასტაბილურებასა და ცივილურ განვითარებას.

ვაჩე ხრიკული