26/04/2024
Latest:
საზოგადოება

13 ივნისის სტიქიამ ზოოპარკის 281 ბინადარი იმსხვერპლა – რა გაკეთდა 1 წელში ზოოპარკში

წყალდიდობის წლისთავზე თბილისის ზოოპარკი ევროპის ზოოპარკების ნაჩუქარი ცხოველების მესამე ნაკადს მიიღებს. ზოოპარკს 20 ჰამადრილი (10 ანტვერპენის ზოოპარკიდან, ბელგია, 5-5 Beekse Bergen-ისა და ამერსფორტის ზოოპარკებიდან, ჰოლანდია), 24 დეგუ და 1 ინდური მაჩვზღარბა (AAPჰოლანდია), საერთო ჯამში 45 ცხოველი შეემატება.

ახალი ბინადრები 13 ივნისს, ორშაბათს, გამთენიისას ჩამოფრინდებიან. მათთვის ვოლიერები უკვე მზადაა. აღსანიშნავია, რომ 13 ივნისს ზოოპარკში შესვლა უფასოა და მთელი დღის განმავლობაში საქველმოქმედო ღონისძიებებია დაგეგმილი.

ამას გარდა, ზოოპარკში მოეწყობა საბავშვო კუთხე „ზოოპარკის პატარა მეგობრები“, სადაც ბავშვები ცარცით გააფერადებენ მოედანს, ფურცლებზე დატოვებენ ხელის ფერად ანაბეჭდებს, დახატავენ და იქვე გამოფენენ საკუთარ ნამუშევრებს. ბავშვებს დაურიგდებათ სამახსოვრო სუვენირები და საჩუქრები ზოოპარკისგან და მხარდამჭერი კომპანიებისგან: Maika.ge, „სნო“, სადისტრიბუციო კომპანია „მზიური“ – შოკოლადი „ლინდტი“, FRIXX.

შეგახსენებთ, 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ თბილისის ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე აღდგენილ იქნა ნიანგის, დათვების, მგლების, მარტორქის, ირმების, ლამებისა და ტაპირის, ალპაკების, კამერუნის თხებისა და ზებრების ვოლიერები; მოეწყო ჰიპოპოტამის ზამთრის ვოლიერი აუზითა და გათბობით; ეგზოტარიუმში გაკეთდა 2 ახალი აკვარიუმი (9 და 4-ტონიანი); რეაბილიტაცია ჩაუტარდა პინგვინების ვოლიერსა და აუზს; აშენდა ჰამადრილების, მაკაკების, ლემურების, კენგურუების, დეგუების, ტაპირებისა და ემუების, მანგუსტებისა და მაჩვზღარბების, კოატების ახალი ვოლიერები.

სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ ზოოპარკის ტერიტორიაზე სრულად აღდგა განადგურებული კომუნიკაციები; პარკი შემოიღობა ლითონის ბადით (850 გრძივი მეტრი); განახლდა მწვანე საფარი; მოიხატა წყალდიდობის შედეგად დაზიანებული შენობები; გაიხსნა საქართველო-ფილიპინების მეგობრობის პარკი „მაბუჰაი“ და სუვენირების მაღაზია.

შემოიღობა ზოოპარკის ახალი ტერიტორია თბილისის ზღვის მიმდებარედ. ამჟამად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით მიმდინარეობს დათვებისა და მგლების ახალი ვოლიერების მშენებლობა (120,000 ლარი). დაპროექტების პროცესშია ირმებისა და ნიამორების ახალი ვოლიერები, რომლებიც GIZ-ის დაფინანსებითვე აშენდება (40,000 ევრო).

სტიქიამდე ზოოპარკში 1155 ინდივიდი ბინადრობდა (თევზებისა და აქვეწარმავლების ჩათვლით). წყალდიდობის შედეგად 281 ცხოველი დაიღუპა.

თბილისის ზოოპარკს უკვე შეემატა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გამოგზავნილი 29 ახალი ცხოველი. 13 ივნისს 45 ცხოველი ჩამოვა, ზაფხულსა და შემოდგომაზე ზოოპარკი კიდევ 55 ახალ ბინადარს მიიღებს.

“მეტად მძიმე წელი გამოვიარეთ. ბევრი სირთულე დავძლიეთ. დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩვენ გვერდით იდგა, მადლობა ქართველ ხალხს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, მადლობა თბილისის მერიას, ევროპისა და ამერიკის ზოოპარკებს, მადლობა ზოოპარკის ყველა მეგობარს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. 13 სექტემბერს, ზოოპარკის გახსნის დღეს პირობა დავდეთ, რომ აღვადგენდით ზოოპარკს და მაქსიმალურად ვეცადეთ დაპირება შეგვესრულებინა. ახლა დამთვალიერებლის ჯერია. იმედია, ზოოპარკის სტუმრები დადებითად შეაფასებენ ჩვენი ერთწლიანი მუშაობის შედეგებს“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

წყარო: GBC