27/04/2024
Latest:
საზოგადოება

იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნო “ქვევრის სახლი” შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ იყალთოში, იყალთოს მონასტერთან ახლოს,  ქვევრის  სკოლა-სახელოსნოს აშენებს

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან, პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი  მიზანია საქართველოში ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა-შენარჩუნება და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება.

პროექტის ფარგლებში აშენდა სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და ერთსართულიანი საწარმო – ქვევრის დასამზადებელი საამქრო შენობა. სკოლა-სახელოსნოში, ასევე, განთავსადება მუზეუმი, სადაც უძველესი თიხის ჭურჭელი გამოიფინება. მოეწყობა ბიბლიოთეკა და ინტერნეტ-კაფე.  ტურისტებს საშუალება ექნებათ, ისწავლონ და თავად დაამზადონ თიხის ჭურჭელი.

პროექტით გათვალისწინებულია: წყალსადენი სისტემის, კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, ელექტროგაყვანილობის, გათბობისა და გაგრილების,  ვენტილაციის და გაზმომარაგების სისტემების დამონტაჟება.  გარდა ამისა, დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ ქვევრის სახლში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.  გარდა ამისა, მშენებლობის პროცესში 70-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

სამინისტროში განმარტავენ, რომ პროექტის განხორციელების შედეგად კახეთის მოსახლეობა და რეგიონში ჩასული ტურისტები გაუმჯობესებულ პირობებში  გაეცნობიან ქართულ ძირძველ ტრადიციებსა და  გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. სკოლა-სახელოსნოში ახალ თაობას შესაძლებლობა ექნება, შეისწავლოს ქვევრის დამზადების ხელობა, რაც ხელს შეუწყობს უძველესი ტრადიციების შენაჩუნებას.

შეგახსენებთ, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიაქვს მინიჭებული.

ქვევრის სახლის მშენებლობის დასრულება 2016 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

წყარო: ipress.ge