27/04/2024
Latest:
ეკონომიკა

საგადასახადო ცვლილებები პირველ შედეგს დაახლოებით 1 წელიწადში მოიტანს

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ითვალისწინებს, ძალაში შევიდა.

სპეციალისტები ბიზნესის და ეკონომიკის გააქტიურების კუთხით პოზიტიურ შედეგს უკვე მომავალი წლიდან ელოდებიან.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

“დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან; მოხდება 100 000-მდე გადამხდელისთვის უიმედო საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა – 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციების ჩამოწერა ძირითადი თანხის გადახდის პირობით, საგადასახადო კონტროლს განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

გარკვეულწილად ამოისუნთქებს ავტობიზნესი. “კერძოდ ის დაკისრებული ჯარიმები, რომელიც არის განბაჟების ვადებთან დაკავშირებით, მათი ამნისტია მოხდება. ასევე გახანგრძლივდება განბაჟების პერიოდი 60 დღემდე”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.

რაც შეეხება მოგების გადასახადის ამოქმედების საკითხს: ბიზნესთან შეთანხმებით, კანონის საფუძველზე, მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შევა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან და მოგების გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება; აღნიშნულ რეფორმას ექნება პოზიტიური შედეგები.

ნოდარ ხადურის უყწებაში მიიჩნევენ, რომ ცვლილებებით დაჩქარდება ეკონომიკურ ზრდა; გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობა; გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა; გაიზრდება ინვესტიციები; გაიზრდება კაპიტალის მოცულობა; გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა; შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები; ბიზნეს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის; ჩამოყალიბდება კიდევ უფრო მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით; გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება.

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი, აცხადებს, რომ ასეთი მიდგომა ბიზნესისთვის ნამდვილად პოზიტიურად იმოქმედებს.
“ეს აძლევს ბიზნესს მეტ თავისუფალ სახსრებს, მეტ მდგრადობას, ეს არის დამატებითი სტიმული ინვესტიციების მოზიდვისთვის, თავისუფალი რესურსების ზრდა კომპანიებისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს მოტივაციას, რომ ბიზნესმა გააფართოვოს საქმიანობა. შესაბამისად, ეს დადებითად აისახება სხვადასხვა პარამეტრებზე და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც.

მნიშვნელოვანი ცვლილებაა საგადასახადო დავის პერიოდში ყადაღის აკრძალვის გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრო არ გამოიყენებს დავის პერიოდში ყადაღას ბიზნესის მიმართ. ამით სახელმწიფომ გაირთულა ცხოვრება, მაგრამ ამავე დროს ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯი. კომპანიას ეძლევა საშუალება დავის პერიოდში დაასაბუთოს თავისი სიმართლე ისე, რომ არ შეჩერდეს მისი საქმიანობა.

ამ და სხვა ცვლილებების შედეგად, რა თქმა უნდა, დადებითი შედეგები პირველივე წლესვე იქნება, მაგრამ მყისიერად მაინც არ მოგვცევს ნახტომისებურ წინსვლას. დაახლოებით 3-4 წელიწადში კი ჩვენ ვიგრძნობთ თვალშისაცემ პოზიტიურ შედეგს. რეალურ წინსვლას სწორედ ამ პერიოდში დავინახავთ”, – აცხადებს ირაკლი ასლანიშვილი.

ავტორი: ვაჩე კრიხული