26/04/2024
Latest:
საზოგადოება

ანი მიროტაძე სამართლიანობის აღდგენაზე: ადამიანებს გული აუცრუვდათ, რადგან სამართალი ვერ იპოვნეს

კოალიცია „ქართული ოცნება“ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ერთი მთავარი განაცხადით – „სამართლიანობის აღდგენა“ მოვიდა ხელისუფლებაში. „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე ფრაზა გვხვდება და მითითებულია: „გაგრძელდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი კონსტიტუციურ ფარგლებში და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა თითოეულ ადამიანს აღუდგეს წინა ხელისუფლების მიერ დარღვეული უფლება და დაისაჯონ შესაბამის დანაშაულში ბრალდებული პირები“.

რატომ ვერ აღსდგა სამართლიანობა და რა იყო ამის მიზეზი, ამ თემებზე კოალიციის წევრი, პარლამენტარი ანი მიროტაძე საუბრობს:

კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო. რას ეტყვის საზოგადოებას მაშინდელი კოალიციის ერთ-ერთი სუბიექტის წარმომადგენელი? სამართლიანობა აღდგა?

– ვერ აღვადგინეთ სამართლიანობა. მიზეზი რატომაც ვერ აღვადგინეთ ეს თემა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. პირველი ეს იყო არასაკმარისი ნება.

მეორე ეს იყო ჩვენი გუნდის გარკვეული პირების კოაბიტაცია, დამეგობრება, ლობირება თუ სხვა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ხდებოდა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან. ძალოვან სტრუქტურებში ჩვენ კადრები გვყავს ძველი ხელისუფლების ზონდერები.

ვერაღდგენილი სამართლიანობის მიზეზი იყო არაპროფესიონალიზმი და არაკომპენტურობა და ასევე უპასუხისმგებლობაც.

ახსენეთ, რომ გუნდის წევრები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ლობირებდნენ. კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

-უნდა მომხდარიყო ძალოვანი სისტემის სრული რეფორმირება. მარტო კუდ-ის და სუს-ის გაუქმება და მის ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნა საკმარისი არ არის. წარმოუდგენელია, რომ სააკაშვილის დროინდელი მაღალჩინოსანი, რომელიც ძალოვან სტრუქტურაში პოლიტიკას განსაზღვრავდა და იყო სადამსჯელო იარაღი ეს ადამიანი დარჩეს თანამდებობაზე. ასეთი ადამიანების უმეტესობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებად დარჩნენ. რა თქმა უნდა მათ ინტერესებში არ შედიოდა იმ ყველაფრის დადგენა, რასაც ხალხი ითხოვდა.

ალბათ თქვენ მეტყვით, რომ ოპოზიციონერის პოზიციიდან საუბარი მარტივია. კი ეს ასეა, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით მაშინაც იგივე პოზიცია მქონდა. კოალიციიდან გამოსვლის ბოლო წერტილი იყო მურუსიძის დანიშვნა სააპელაციო სასამართლოში. მაშინ მე „ეროვნული ფორუმის“ წინაშე დავაყენე საკითხი, რომ თუ პარტია არ გამოვიდოდა კოალიციიდან, მაშინ მე მომიწევდა ამ ყველაფერთან გამიჯვნა. ეს იყო ბოლო წვეთი, როდესაც მივხვდი, რომ სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით არაფერი გაკეთდებოდა.

ცოტა სხვა ფორმულირებით დაგისვით კითხვა. კონკრეტულ გვარებს არ დაასახელებთ?

-კონკრეტული გვარების დასახელება გამიჭირდება, მაგრამ გეტყვით ერთ კონკრეტულ მაგალითს, რატომ უნდა ყოფილიყვნენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებში ძმები ჩხენკელები? მაშინ როდესაც კარგად ასრულებდნენ სააკაშვილის მმართველობის დროს „დავალებებს“. გაგახსენებთ, „ქართუს“ გაკოტრების საქმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ძმა ჩხენკელი იყო. ასეთი ბევრი კოლექტიური ჩხენკელია ხელისუფლებაში.

უფრო მეტსაც გეტყვით, „ქართული ოცნების“ პარტიული სიაში რამდენიმე ასეთი ადამიანი ამოვიკითხე, მაგალითად 28-ე ნომერი ვანო ზარდიაშვილი, რომელიც წარმატებულად იყო კეზერაშვილის და მერაბიშვილის მარჯვენა ხელი თუ არა, მათი დავალებების ძალიან აქტიური შემსრულებელი.

ჩხენკელები რატომ ახსენეთ? ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყვნენ ჩართულები?

-ისინი თანამდებობებზე იყვნენ, ერთი ეკონომიკური მრჩეველი იყო, მეორე რეგიონული სამსახურის უფროსი კანცელარიაში. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე ხანში დაინიშნენ. მე მათ წინააღმდეგ კი არ ვარ, მათ არც კი ვიცნობ, მაგრამ როდესაც მოდიხარ ხელისუფლებაში დაპირებით რომ ადამიანებს ქონება უნდა დაუბრუნო და თანამდებობებზე გყავს პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ.

ყველას ვერ გაუშვებ ვერც პროკურატურიდან, ვერც შსს-დან და ა.შ. მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები პირები ხომ მაინც უნდა შეცვალო?! რათა იმ ადამიანებმა დანაშაულებს ხელი არ დააფარონ.

ძალოვან სტრუქტურებში გადაწყვეტილების მიმღები პირები თანამდებობებზე დარჩნენ?

-თქვენ თუ დაინტერსდებით ამ თემით, მიხვდებით რომ ვინც მუშაობდნენ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს, ისინი დატოვეს თანამდებობზე. მე გამიჭირდება კონკრეტული სახელების და გვარების დასახელება. ეს არც ერთია და არც ათი, უფრო მეტი იყო. როდესაც მე ვაცხადებდი, რომ საკადრო პოლიტიკას სხვანაირი მიდგომები სჭირდებოდა, სწორედ  ამას ვგულისხმობდი.

სამართლიანობის ვერაღდგენაზე იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას?

-რა თქმა უნდა, ვიღებ. მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, როგორც კოალიციის ერთ-ერთი სუბიექტის წარმომადგენელი, მაგრამ გადაწყვეტილებების მიმღები პირები ჩვენ არ ვყოფილვართ. ჩემი აზრით, ადამიანებს ამიტომ გავუცრუვდათ იმედი, რომ მათ ვერ იპოვეს სამართალი. ჩემი აზრით, სოციალური პრობლემები მეორე ხარისხოვანია და იმედგაცრუების მთავარი მიზეზი ეს არის. ადამიანებს ეკარგებათ ნდობა ყველაფრის მიმართ, რასაც ახლა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხშირად ვაწყდები. ადამიანები ძირითადად ამაზე ლაპარაკობენ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში სამართლიანობის აღდგენაზე აქცენტი გაკეთებული აღარ არის. როგორ ფიქრობთ რატომ?

მე არ გავცნობივარ მათ პროგრამას, მაგრამ როგორც ჩანს „ქართულმა ოცნებამ“ სამართლიანობა აღადგინა, ან მათთვის პრიორიტეტი აღარ არის. ჩემთვის ეს საკითხი პრიორიტეტად რჩება. თუ ერთმანეთის მიმართ ნდობა არ დავაბრუნეთ, მაშინ შეუძლებელია სიკეთეების კეთება დავიწყოთ.

„ეროვნულ ფორუმს“ ეს საკითხი პროგრამაში შეტანილი გაქვთ?

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომ მოხდეს სასამართლოს რეფორმა მყისიერად და უსწრაფესად. სასამართლო რეფორმასთან პირდაპირ არის მიბმული სამართლიანობის აღდგენა. მურუსიძის სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ თაროზე შემოწყობილი 10 000-ობით საქმის ჩამოღება და გამოძიება მოხდეს.

საზოგადოებას ჰპირდებით, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე აქტიურად იმუშავებთ?

ეს დაპირებაც კი არ არის, ეს ჩვენი ვალდებულებაა. თუ გვინდა სამართლიანი ქვეყნის შენება ეს უნდა გავაკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა უსამართლობამ ჩემსა და თქვენს კარზეც მოაკაკუნოს.