საზოგადოება

68 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ 68 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ ოჯახებს ბინები თბილისში, წალკაში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გადაეცემათ.

„მინდა განსაკუთრებით გამოვყო 33 ოჯახი ნუცუბიძის ქუჩაზე, იმიტომ რომ ეს 33 ოჯახი თითქმის 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა კერძო საკუთრებაში. ერთი მხრივ მესაკუთრე ვერ იყენებდა თავის ქონებას, მეორე მხრივ დევნილებმა არ იცოდნენ, როდის მოხდებოდა მათი გამოსახლება. ჩვენ გამოვისყიდეთ მესაკუთრისგან ეს შენობა მთლიანად, თავისი სარდაფებით, ეზოთი და დავუმტკიცეთ დევნილებს. შესაბამისად, მესაკუთრეს გაუჩნდა თავისუფალი თანხა, რომელსაც ბუნებრივია ეკონომიკის განვითრებას მოახმარს, დევნილებს კი გაუჩნდათ თავისი საკუთრება, სახლი. ეს არის პროცესი, რომელიც გრძელდება. პრაქტიკულად, მთავრობის სხდომა არ გავა, რომ დევნილებს საკუთრებაში სახლები არ გადაეცეთ“, -განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ უკვე 12 500-ზე მეტს დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები საკუთრებაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი