26/04/2024
Latest:
ეკონომიკა

,,უნდა განისაზღვროს აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო სავალდებულოდ უნდა აწარმოებდეს”

 ეკონომისტი, რომეო სარია სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში, საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს.

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სწრაფ განვითარებაზე საგანგებო შტაბი უნდა შეიქმნას და უშიშროების საბჭომ ან თავდაცვის სამინისტროს უნდა უხელმძღვანელოს! ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობის სწრაფი ტემპით განვითარებას, რადგან დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა.

ძალიან რთულია პროგნოზები იმ გეოპოლიტიკური კატაკლიზმებისა, რაც ხდება ირგვლივ. ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები, რომლებიც გვამარაგებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტებით თურქეთი, უკრაინა და რუსეთი საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან. სომხეთი და აზერბაიჯანში ჯერჯერობით სიმშვიდეა (იმედია ასეც იქნება). ომის პირობებში, რომელი სახელმწიფო რა ტიპის ემბარგოებს დააწესებს წინასწარ რთული წარმოსადგენია.

ჩვენი ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტზე, ყოველი ნეგატიური პროცესები იწვევს იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების ზრდას. ამ ყველაფერს ემატება დოლარის კურსის ზრდა მსოფლიოში და ჩვენთან რამოდენიმე თვეში შეილება ინფლაციის პროცესები მართვიდან გაგვექცეს.

ინფლაციამ კი შეიძლება ქვეყანაში მმართველი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს და შემდგომი პროცესების პროგნოზები კიდევ უფრო რთული იქნება (შეიძლება ამ პროცესებს ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოებმაც ხელი შეუწყონ).

უშიშროების საბჭომ და თავდაცვის სამინისტრომ დროულად და სწორად უნდა გაიაზრონ ეს რისკები და მოითხოვონ ეკონომიკური გუნდისგან ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის პრობლემის გადაწყვეტა”,

– წერს რომეო სარია საკუთარი ,,ფეისბუქის” გვერდზე.

უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს მისი ინიციატივა, რა არის მისი მიზანი, რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და რა პრობლემები არსებობს სოფლის მეურნეობაში, ამ თემებთან დაკავშირებით ეკონომისტი რომეო სარია გვესაუბრება.

– უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას გულისხმობს თქვენი ინიციატივა და რა არის მისი უმთავრესი მიზანი?

–  ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ  შეიძლება ერთ დღეს დადგეს საკითხი, როდესაც სამეზობლო საზღვრები ჩაიკეტება. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ  რა პროდუქციას ვაწარმოებთ ჩვენ. უნდა მოხდეს სახელმწიფო დონეზე ამ პრობლემის მოგვარება, რომ მინიმუმ ერთ წელიწადში ან სამ წელიწადში საქართველომ აწარმოოს მინიმუმ ის პროდუქტი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია. აქ არ არის საუბარი დარგის განვითარების მაღალ ეტაპებზე რაც, ჩემი აზრით, აუცილებელია უსაფრთხოების კუთხით.

– როგორც თქვენ აცხადებთ, უშოშროების საბჭომ ან თავდაცვის სამინისტრომ უნდა უხელმძღვანელოს ამას. რატომ მაინცდამაინც აღნიშნულმა ორგანოებმა?

– ეს არის თავდაცვისუნარიანობისთვის აუცილებელი საკითხი. კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, დავუშვათ საზღვარი ჩაიკეტა თურქეთთან ან უკრაინასთან.  ეს კი ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს, წარმოიდგინეთ უკრაინული  გემი  რომ წამოვიდეს დატვირთული და რუსეთმა ხელი შეუშალოს მას. უკრაინამ ვერ მოგვაწოდა ხორბალი და ეს ყველაფერი გაგრძელდა 6 თვე.  ან რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა და თურქეთს მოუწია საზღვრის ჩაკეტვა, რამდენი თვე გავძლებთ ჩვენ ფიზიკურად საკვების გარეშე?! ეს პირდაპირ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. როგორც კიბერუსაფრთხოება არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, იარიღი და სხვა, სწორედ ასეთი დანიშნულება აქვს აღნიშნულ საკითხსაც. უძველესი დროიდან ყველა სახელმწიფოს აქვს მარაგები, საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით.

– გარდა თქვენი ინიციატივისა, როგორ ფიქრობთ, სახელმწიფომ რა ნაბიჯები უნდა გადადგას სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის?

–  პირველ რიგში, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა განსაზღვროს თუ რა უნდა აწარმოოს ქვეყანამ, რისი წარმოება არის სავალდებულო. ანუ, პირობითად სახელმწიფო როგორც ვალდებულია, რომ ჰყავდეს პირობითად ასი ერთეული ტანკი, ზუსტად ასევე უნდა განსაზღვროს სამომხმარებლო კალათაში შემავალი რაღაც ერთეულების მინიმუმი, რომელსაც უნდა აწარმოებდეს ნებისმიერ შემთხვევაში. ომია, მშვიდობაა თუ სხვა. ამის შემდგომ თუ ქვეყანა აწარმოებს სხვა პროდუქციას, მაშინ ეს უკვე სხვა საკითხია და იგი ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება.

უსაფრთხოების საბჭომ უნდა იმსჯელოს ეკონომიკურ გუნდთან ერთად, რა არის აუცილებელი, რომ ქვეყანა მშიერი არ დარჩეს, ფიზიკური შიმშილი არ ემუქრებოდეს. აუცილებლად უნდა დაწესდეს ქვედა ზღვარი. ამის შემდგომ გამოსავალი შეიძლება იყოს პიროვნებების სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა, წახალისება და ასე შემდეგ.

მაგრამ  შესაძლებელია, რომ ამას წახალისების ფორმა არც ჰქონდეს. მაგალითად თავდაცვის სამინისტრო თუ უხელმძღვანელებს, მან  ვალდებულების ფორმა უფრო უნდა მიიღოს. თავდაცვის სამინისტრო ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნე, რომ ეს პრობლემას უფრო მკაფიოდ წარმოჩენს.

– თქვენი აზრით, ძირითადად, რა პრობლემები არსებობს დღეს სოფლის მეურნეობის სექტორში?

– პირველ ეტაპზე,  უნდა განსაზღვროთ აცილებელი პროდუქტების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო სავალდებულოდ უნდა აწარმოებდეს. ასევე,  მთავარი პრობლემა რაც ქვეყანაში დგას, ეს არის დაუმუშავებელი მიწები, რომლებიც სახელმწიფოს ხელშია და ამავდროულად ე.წ. “სპეკულიანტების” აკონტროლებენ. მიწა, რომელიც  დაუმუშავებელია, ეკუთვნის ან სახელმწიფოს ან რომელიმე ფიზიკურ პირს, რომელიც უბრალოდ მიწის გაძვირებას ელოდება, რათა შემდგომ გაყიდოს იგი. არა და, ასეთ ტერიტორიებზე უამრავი მავნებელი მცენარე იზრდება. სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობა, რომ ვისაც აქვს მიწა უნდა დაამუშაოს კიდეც, თუ არა მაშინ ის ტერიტორია უნდა გადასცეს სხვას. დღეისთვის კი სახელმწიფო მიწებს არც იყენებს, არც ყიდის და მხოლოდ იჯარით გასცემს მას.  იჯარას კი  თავისი მინუსები აქვს. აუცილებელია, რომ სურვილისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრება გახდეს.

– თქვენი აზრით როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

– თუკი სახელმწიფო მზად იქნება, რომ გააჩუქოს ან რაღაც პირობით გადასცეს მსურველებს მიწის ნაკვეთი, ეს საკმაოდ დადებით ეფექტს მოიტანს. ჩემი აზრით, უამრავი ადამიანი გამოჩნდება ამის მსურველი და რაიონებში ხალხი დაუბრუნდება მიწათმოქმედებას. უამრავი ტერიტორია, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია და  დაუმუშავებელია, დამუშავდება და გაჩნდება სამუშაო ადგილებიც. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ ახალი ტალღა, ახალი მუხტი მიეცემა სოფლის მეურნეობის განვითარებას.

ბაჩო ჯინჭარაძე

[wpolling id=”8″ width=”” height=””]