24/02/2024
Latest:
საზოგადოება

10 მსხვილი პროექტი, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელდა

2012 წლიდან დღემდე განხორციელებულ მსხვილ პროექტებს შორის რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. გთავაზობთ 10 მსხვილ პროექტს, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელდა.

„აწარმოე საქართველოში”

2014 წლის მაისიდან დაიწყო ყველაზე მსხვილი პროგრამის „აწარმოე საქართველოში” განხორციელება. პროგრამის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა და ხორციელდება ისეთ დარგებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, სამშენებლო მასალების წარმოება, საფეიქრო წარმოება, ხის გადამუშავება, ფარმაცევტული წარმოება, მანქანათმშენებლობა და სხვა. პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალი

ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაა. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხელმძღვანელობს. 2013 წლიდან დღემდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დაიგო 96, 4კმ. გზა. სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს და რამდენიმე წელიწადში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აგებული ავტომაგისტრალი დააკავშირებს.

როშკა-არხოტის გზა

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შენდება როშკა-არხოტის 28-კილომეტრიანი გზა, რომელიც პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს დააკავშირებს. როშკასა და არხოტს შორის გზა აქამდე არ არსებობდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რადგან ეს არის საზღვრისპირა ადგილი, სადაც გზის გაყვანის შემდეგ ათობით ოჯახი აპირებს დაბრუნებას და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ამ მხარის შენარჩუნებისა და საზღვრის გაძლიერებისთვის. მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციასაც ახორციელებს. 2014 წელს დართლოში რეაბილიტაცია 6სახლს ჩაუტარდა, 28 სახლის რეაბილიტაცია კი – წელს დასრულდება.

82 ამბულატორიის მონტაჟი საქართველოს მასშტაბით

2014 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 82 ამბულატორია დამონტაჟდა, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი გამოყო. 2014 წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ახლად აშენებულ ამბულატორიებთან ადაპტირების მიზნით, დამატებით 24 300 ლარი გამოიყო.

კურორტი თეთნულდი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულმა კომპანიამ „თეთნულდ დეველოპმენტი” მესტიაში მსოფლიო დონის სათხილამურო კურორტის მშენებლობა დაასრულა. ტერიტორია 7000 ჰექტარს მოიცავს. კურორტზე ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9,5 კმ-იანი) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1,7კმ) სასრიალო ტრასები მოეწყო. დასრულებული პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა.


თბილისის მეტროს 23-ე სადგური

დაიწყო მეტროსადგურ „უნივერსიტეტის” მშენებლობა, რომელიც 20 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი-წითელი ხიდის გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. I და III სექციების მოდერნიზაცია-მშენებლობა 2014 წლის 22 აპრილს დაიწყო და 2016 წლის მაისში დასრულდა. ორივე მონაკვეთის სიგრძე 10,6 კმ-ია. მშენებლობის ღირებულებამ 96 685 218 ლარი შეადგინა. მაგისტრალის სამივე მონაკვეთის საერთო სიგრძე 17, 4 კმ-ია. ამჟამად მეორე მონაკვეთზე მიმდინარეობს ტენდერის შეფასების პროცედურები.

ენერგეტიკული პროექტები

2013 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაში შევიდა 14 ჰიდროელექტროსადგური და 2 თბოსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 420 მგვტ-ია, ხოლო ჯამური საინვესტიციო ღირებულება 537 მლნ აშშ დოლარს აღემატება.

დარიალჰესი

სულ მალე ექსპლუატაციაში შევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ჰესი „დარიალჰესი”. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყება, თუმცა ეს პროცესი გარკვეულ პროცედურებთანაა დაკავაშირებული და თითოეულმა აგრეგატმა, რომლისგანაც ჰესი შედგება, საგამოცდო რეჟიმი უნდა გაიაროს.

ნენსკრა ჰესი

უკვე დაიწყო 280 მგვტ. დადგმული სიმძლავრის ნენსკრა ჰესის მშენებლობა, რომლის ინვესტიცია 1 მლრდ დოლარია. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადზე აშენებს, პროექტის კონტრაქტორი კომპანია არის იტალიური სამშენებლო კორპორაცია SALINI IMPREGILO, რომელიც უშუალოდ მშენებლობის პროცესს განახორციელებს. ახალი ჰესის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.

მიწისქვეშა გაზსაცავი

საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც გაზსაცავი არ ჰქონდა. ქვეყნის უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობამ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” მიწისქვეშა გაზსაცავის აშენება გადაწყვიტეს, რომელიც სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე იმუშავებს. ასე რომ, საქართველოში პირველად ხორციელდება მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება დასრულებულია. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში. გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მასში 210-280 მილიონი კუბური მეტრის ოდენობის გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.

ავტორ(ებ)ი : BPN.ge