საზოგადოება

,,ფარმაცევტული კომპანიები 200-300%-იანი ფასნამატით ყიდიან მედიკამენტებს”

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და “გირჩის” ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ფარმაცევტულ ბიზნესი საქართველოში არ არის მონოპოლიური. როგორც ფარმაცევტიკისა და მედიცინის სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრისას ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში “59 წამი” განაცხადა, ექსპერტების შეფასება ფარმაცევტიკაში გადამეტებულ მოგებაზე არასწორია. მან ასევე აღნიშნა, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, წინა წელთან შედარებით მედიკამენტების ფასები 24%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ  „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ცოტა ხნის წინ ფარმაცევტულ ინდექსზე – „ფანასკერტელის ინდექსზე“ დაასრულა მუშაობა და როგორც მედიკამენტების ფასებზე სამთვიანმა დაკვირვებამ (2015 წლის ნოემბერ-დეკემბერი და 2016 წლის იანვარი) აჩვენა, “ფანასკერტელის ინდექსი” პირველ შემთხვევაში 1,75%-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 4,64%-ით შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია დაფიქსირდა.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი შოთა გულბანის განცხადებით, დღეს ფარმაცევტული კომპანიები ბაზარზე უსამართლოდ გაბერილი ფასებით ოპერირებენ და ბაზრის დივერსიფიცირებასთან ერთად, მედიკამენტების გაიაფების შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. თუ რამდენად ასახავს რეალობას, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ჯანდაცვაში ფასების მატებასთან დაკავშირებით და ასოციაციის კვლევის მიხედვით როგორი სურათია დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე, გულბანი განმარტავს: „რაც შეეხება სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებს, აქ ფასები ძირითადად გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების, ასევე ამბულატორიული მომსახურების ქვეჯგუფებზე, რამაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე თავისი უმნიშვნელო გავლენა იქონია, ხოლო ის ინფორმაცია, რაც ჩვენს მიერ არის მოპოვებული ექსკლუზიურად, გამოკითხვის მეთოდით და პირდაპირი შესყიდვების გზით, მოიცავს დაახლოებით 200 ყველაზე მოთხოვნადი დასახელების მედიკამენტებზე ფასებს, რაც საქსტატის ინფორმაციასთან შესადარად არაადექვატურია. ჩვენ საუბარი გვაქვს მედიკამენტებზე ფასების კლებაზე და არა სამედიცინო მომსახურებაზე ან სამედიცინო აღჭურვილობაზე. ანუ აპელირება იმაზე, რომ ფასები გაიზარდა მედიკამენტებზე და სინამდვილეში ეს გამოწვეულია ჯანდაცვაში სხვა კომპონენტებზე ფასების ზრდით, არასწორია”.

„აფბას“ პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამ ყველაფერთან ერთად „საქსტატს“ თავისი მეთოდოლოგია აქვს ინფლაციის დაანგარიშების, სადაც სამედიცინო კომპონენტი საკმაოდ მწირია „ჩვენს მიერ კი ხდება საკმაოდ ვრცელი გამოკვლევა კონკრეტულად მედიკამენტების ფასებზე, რის მიხედვითაც გამოგვყავს ჩვენს მიერ შემუშავებული ეკონომიკური ინდექსი – სახელად „ფანასკერტელის ინდექსი“, რომელიც არის საკმაოდ ეფექტური მზომავი ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებზე ფასების ცვლილებისა თვიდან თვემდე.

ამ კუთხით კი, ჩვენს მიერ სამ თვიანმა დაკვირვებამ მედიკამენტების ბაზარზე, კლებადი ტენდენცია აჩვენა, რაც ვფიქრობთ, რომ მეტ წილად განპირობებულია ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშის გამოჩენასთან, რომელმაც მომხმარებლებს ფაქტობრივად 30%-ით გაიაფებული მედიკამენტები შესთავაზა და რამაც გარკვეული მოლოდინები წარმოშვა ფარმაცევტულ კომპანიებში, შესაბამისად მათ საფასო პოლიტიკის შეცვლა გადაწყვიტეს. მაგალითად მე შეტყობინებაც მივიღე ერთ-ერთი ბრენდული კომპანიისგან, რომ მათთან უკვე ყველაზე იაფად არის შესაძლებელი წამლების ყიდვა. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი მთავარი არგუმენტი არის კვლევა და ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია მედიკამენტების ფასებზე, რაც გამოკითხვის მომენტში დახლზე ფიქსირდებოდა. რაც შეეხება  კითხვას, არის თუ არა სამართლიანი ფასები დღეს მედიკამენტებზე, მინდა ცალსახად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ არ არის, ვინაიდან დღეს ფარმაცევტული კომპანიები უსამართლოდ გაბერილი ფასებით ოპერირებენ ბაზარზე. ამის თქმის საფუძველს კი მაძლევს ჩემი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ფარმაცევტული ბაზრის კვლევა, სადაც დადასტურებულია, რომ ხშირ შემთხვევაში კომპანიები 200-300%-იანი ფასნამატით ახდენე მედიკამენტების რეალიზებას. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღეს სიტუაცია თითქმის არ არის შეცვლილი, მოსალოდნელია, რომ ბაზრის დივერსიფიცირებასთან ერთად, ფასები მედიკამენტებზე კიდევ უფრო გაიაფდეს, რისი შესაძლებლობაც ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა შოთა გულბანმა.