ეკონომიკა

2015 წლის საქართველოს ეკონომიკის მთავარი მოვლენა ლარის გაუფასურება იყო

 

1.86-დან 2.40-მდე – ეროვნული ვალუტის გაუფასურების და მიზანსაცილებული ინფლაციის ქრონიკა

2015 წელს საქართველოს ეკონომიკა ბევრი გამოწვევის წინაშე იდგა. ეროვნული ვალუტის დევალვაცია, გაზრდილი ინფლაცია, ორჯერ კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტი, შემცირებული ეკონომიკური ზრდის ტემპი და სხვა, ერთურთს სინქრონულად უწყობდნენ ფეხს. მათ შორის, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ლარის გაუფასურება, რომელმაც თავისი დაღი დაასვა, როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე თითოეული მოქალაქის  ბიუჯეტს. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსის სტაბილურობა, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ეროვნული ვალუტის ჯერ კიდევ 2014 წლის ბოლოს დაწყებული დევალვაციის შესაჩერებლად არაფერი გაკეთებულა.

მიმდინარე წლის პირველ თვეებში, ლარის კურსის ვარდნაში მთავრობა და სებ-ი ერთმანეთის დადანაშაულებით იყვნენ დაკავებული. რამდენიმეთვიანი კინკლაობის შემდგომ ხელისუფლება და ეროვნული ბანკი “მეგობრულად” შეთანხმდნენ, რომ ლარის გაუფასურებაში არცერთ მათგანს წვლილი არ მიუძღვის და ეს პროცესი ეგზოგენურ ფაქტორებს გადააბრალეს. საქართველოს ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა საკმარისი პრინციპულობა, რათა ქვეყნის ცენტრალური ბანკისაგან ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება მოეთხოვა. შედეგად, ლარის დევალვაციასთან ბრძოლაზე სებ-მა უარი განაცხადა, ხოლო მთავრობას ბიუჯეტის და ეკონომიკური ზრდის შემცირება მოუწია.

გაუფასურებული ლარის კურსი

2015 წელს საქართველოში მთავარი ეკონომიკური მოვლენა ლარის კურსის გაუფასურება იყო. მიმდინარე წლის ოქტომბრამდე ეროვნული ვალუტა დევალვაციას განიცდიდა, როგორც ევროს ისე დოლარის მიმართ. ლარის გაუფასურება ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. საბოლოოდ ლარის კურსმა ვარდნა სექტემბერში შეწყვიტა და მას შემდეგ მეტნაკლებად სტაბილურობით ხასიათდება.

აღსანიშნავია, რომ ლარის კურსის გაუფასურების საწყის ეტაპზე მთავრობა ეროვნული ბანკისგან ითხოვდა მონეტარული ბერკეტების გამოყენებას და სავალუტო ბაზარზე ჩარევას, სებ–ი კი თავის მხრივ ქვეყანაში შემოსული უცხოური ვალუტის შემცირებულ მაჩვენებლებზე ამახვილებდა ყურადღებას, რაზე პასუხისმგებლობასაც ხელისუფლებას აკისრებდა. მართალია, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაზე, ექსპორტის ზრდაზე და ზოგადად უცხოური ვალუტის შემოდინებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. თუმცა სავალუტო კურსზე ზეგავლენის პირდაპირი ბერკეტი ერათადერთ სახელმწიფო ორგანოს – ეროვნულ ბანკს გააჩნია. სწორედ ქვეყნის ცენტრალურ ბანკს აქვს კურსის სტაბილურობის უზრონველსაყოფად სავალუტო ბაზარზე ჩარევის ბერკეტები, რომელთა გამოყენებაზეც სებ–მა უარი განაცხადა. მიზეზად, სავალუტო რეზერვების განიავება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის უარყოფით მხარეები დაასახელა. შედეგად, მთელი წლის მანძილზე, ურთიერთბრალდებებში ლარის კურსი გაუფასურებას განაგრძობდა.

გასული წლის ნოემბერში 1 დოლარი 1,75 ლარი, ხოლო 1 ევრო 2,18 ლარი ღირდა. 2015 წლის იანვრისთვის ლარი დოლართან მიმართებაში 1,88 ლ.–მდე, ხოლო ევროსთან 2,18 ლარამდე დაეცა. ლარის კურსმა გაუფასურების პიკს მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიაღწია, როდესაც ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის თანახმად 1 დოლარი 2,44 ლ; ხოლო 1 ევრო 2,80 ლარი ღირდა. ოქტომბრიდან ლარი მცირედით გამყარდა და ბოლო თვეებში დოლარის მიმართ 2,40–ის ფარგლებში დასტაბილურდა.  

შედეგად, 1 წელიწადში, გასული წლის ნოემბრიდან დღემდე, ლარი დოლარის მიმართ 1,75-დან 2,39-მდე, ხოლო ევროს მიმართ 2,18-დან 2,60-მდე დაეცა.

ერთი წლის მანძილზე ლარის კურსის 40%–იანმა დევალვაციამ თავისი ასახვა ჰპოვა ქვეყნის მთელ ეკონომიკაზე. პირველ რიგში მძიმე დარტყმა მიადგა იმ მოსახლეობის ნაწილს, ვისაც შემოსავალი ლარში, ხოლო ბანკებიდან დოლარში აქვთ სესხები აღებული. ამას დაემატა კურსის გაუფასურების შედეგად გაძვირებული იმპორტი, რამაც უმეტეს პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვია. ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება, რომ პროდუქციის უმეტეს სახეობაზე ფასების ზრდას გამოიწვევდა, ძნელი სავარაუდო არ იყო. იმ პირობებში, როდესაც საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ეკონომიკა აქვს. შედეგად წლის ბოლოს ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა.

მიზნობრივ საზღვრებს გაცილებული ინფლაცია

2015 წლის ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 6,3%, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0,3 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ უკვე 4 თვეა რაც წლიური ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებელს (5,0%) გასცდა. ეს იმ ფონზე, როდესაც სებ-ი წლის დასაწყისიდან მოყოლებული პერმანენტულად ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მონეტალური პოლიტიკის კოეფიციენტი კიდევ ერთხელ 0,5%-ით გაიზარდა და 8%-ით განისაზღვრა. ასეთი მაღალი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი ბოლოს 2011 წლის ივნისში იყო. ამასთან საგულისხმოა, რომ 2015 წლის განმავლობაში რეფინანსირების სესხის განაკვეთი 4,0%-დან პერიოდულად 8%-მდე გაიზარდა. მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრებისა ინფლაცია ყოველთვიურად იზრდება. 2015 წელს, რეფინანსირების სესხის შემოღების დღიდან (2008 წელი), პირველად მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი ერთ წელიწადში 4%-ით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ასეთი სწრაფი ზრდა კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებზე. “სამწუხაროდ, ინფლაციური მოლოდინი ძალიან მაღალია”, –  აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც. “ინფლაცია პიკს მიაღწევს მომდევნო წლის პირველ კვარტალში და დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე ნახევრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვნახავთ საჭიროებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ჰპოვებს უარყოფით ასახვას. მარტივად, რომ ვთქვათ სებ-ი აძვირებს ბანკებისათვის მისაცემ რეფინანსირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, რაც ბანკებს თავის მხრივ უბიძგებს საკუთარ საკრედიტო პროდუქტებზე პროცენტები გაზარდონ. ამასთან ზოგიერთი სესხის პროცენტი პირდაპირაა მიბმული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე. მაგალითად, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები. ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად მსგავსი ტიპის სესხის მქონე 8 587 ადამიანს კრედიტი გაუძვირდა.

ეროვნული ბანკის არასწორმა პოლიტიკამ, ლარის კურის სტაბილურობისთვის მონეტარული ბერკეტების გამოუყენებლობამ ქვეყანა უამრავი ეკონომიკური პრობლემის წინაშე დააყენა. მათ შორის, გაიზარდა ინფლაცია, გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა, რაც ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს, დაიხარჯა სავალუტო რეზერვები და ლარი 40%–ით გაუფასურდა.

პარადოქსულია, ეროვნული ბანკის პოლიტიკა – რატომ არ გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა ლარის გაუფასურების შესაჩერებლად, თუ 1 წლის თავზე კურსის დევალვაციის შედეგად წარმოქმნილ ინფლაციასთან გასამკლავებლად რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრად გაზრდა მაინც გახდებოდა საჭირო?!

შემცირებული ეკონომიკური ზრდა

საქართველოს ეკონომიკა 2015 წელს მაკროეკონომიკური არასტაბილურობით ხასიათდებოდა. რისი გამოწვევის მთავარი მიზეზები იყო – ლარის კურსის 40%-იანი დევალვაცია; შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გადმორიცხვები, ინფლაციის ზრდა, სებ-ის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და ა.შ. შედეგად, ამ ყველაფერმა თავისი ზეგავლენა ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელზე ჰპოვა.

2015 წლის ბიუჯეტი მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 5%-იან ზრდაზე დაიგეგმა. საბიუჯეტო ცვლილებების პარალელურად ეკონომიკური ზრდის თავდაპირველი პროგნოზი ივლისში 2%-მდე შემცირდა. “საქსტატის” მონაცემებით, 2015 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.8% შეადგინა მაშინ, როცა გასულ წელს ამავე პერიოდში მშპ–ს 6.1%–იანი ზრდა დაფიქსირდა.

მიმდინარე წელს შემცირებული მშპ-ს მაჩვენებელმა, თავისი ასახვა ჰპოვა მომავალი წლის პროგნოზზეც. შედეგად, 2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრები 3%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.

ორჯერ კორექტირებული ბიუჯეტი

2015 წლის ბიუჯეტის თანახმად შემოსავლები 8.09 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 8 მლრდ ლარს შეადგენდა. ორივე ეს მაჩვენებელი 2014 წლის ბიუჯეტის ანალოგიურ მონაცემებს აღემატებოდა.

წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების გამო, მთავრობას 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირება ორჯერ მოუხდა. პირველად ივლისში, ხოლო მეორედ წლის ბოლოს. ზაფხულში, ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5%-დან 2%-მდე დაწევასთან ერთად ასევე მოხდა საგადასახადო შემოსავლების 200 მლნ ლარით შემცირება.

მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსავლები ნოემბრის ბოლოს კორექტირების შედეგად 8,048 მლრდ ლარს შეადგენს, ხარჯები კი 8,11 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, მისი შემოსავლები 200 მლნ ლარით არის გაზრდილი 8.555 მლრდ ლარამდე, ხოლო ხარჯები დაახლოებით 170 მლნ ლარით და 8,543 მლრდ ლარს შეადგენს.

2016 წლის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით 7,98 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, რაც დაახლოებით 200 მლნ ლარით აღემატება თავდაპირველ პროგნოზს, ხოლო 460 მლნ ლარით 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მომავალ წელს მთავრობა ბიუჯეტში 3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს იმ ფონზე, როცა 2015 წლის ათი თვის მონაცემებით ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა. გასული წლის იმავე პერიოდში მშპ–ს ზრდა 5.6% იყო.

მერაბ ჯანიაშვილი