17/05/2024
Latest:
ეკონომიკა

მე-9 და მე-10 ენერგობლოკები რუსებისგან ბეჟუაშვილებმა იყიდეს

რუსული კომპანია “ინტერ რაო” საქართველოში აქტივების ნაწილს ყიდის. ამის შესახებ როგორც ქართული, ასევე რუსული წყაროები საუბრობენ. საქმე ეხება “მტკვარი ენერგეტიკას”, ანუ თბოელექტროსადგურის მე-9 და მე-10 ენერგობლოკს. რუსულ კომპანიაში ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ამგვარი გარიგება არ მომხდარა.

თუმცა, “ინტერ რაოსა” და ქართულ მხარეს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის ფაქტი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში დაადასტურეს.

“ჩვენ ვადასტურებთ, რომ ნამდვილად მიმდინარეობს მოლაპარაკებები “ინტერ რაოსა” და “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს” შორის, თუმცა, საბოლოო შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის”, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

“მტკვარი ენერგეტიკა” ელექტროენერგიის წარმოებასა და რეალიზაციას ახორციელებს. ელექტროენერგიის წარმოება ხდება თბოელექტროსადგურის მეშვეობით, რომელიც ქალაქ გარდაბანთან მდებარეობს. სადგური ორი ენერგობლოკისგან შედგება, თითოეულის სიმძლავრე 250-300 მეგავატია. “მტკვარი ენერგეტიკას” გარდა “ინტერ რაოს” აქტივებს საქართველოში წარმოადგენს ელექტროსადგურები “ხრამი ჰესი-1” და “ხრამი ჰესი-2”, ასევე ენერგოკომპანია “თელასი”. გარდაბნის ენერგობლოკების გარდა აპირებს თუ არა რუსული კომპანია სხვა აქტივების გაყიდვას, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” ერთ-ერთი დირექტორი გელა ბეჟუაშვილია. იგი 2005–08 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი საქართველოს პირველი სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი იყო. ბეჟუაშვილი 2004–05 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობდა.

 მისი ძმა, ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი 1994 წლიდან არის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ორი კომპანიის – CHEMEXIM INTERNATIONAL LTD-სა და KEMBLE TRADING LTD -ს პარტნიორი. სწორედ ეს კომაპნიაა “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მფლობელი.

“ინტერ რაოს” მიერ ქართული აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით კომენტარის მისაღებად “კომერსანტი” ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნული ბლოკების მიმართ დაინტერესება არის ინდუსტრიული ჯგუფის მხრიდან, თუმცა რამდენადაც სამინისტროსთვისაა ცნობილი, ჯერ მოლაპარაკებები დასრულებული არ არის.

პარალელურად კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიკა ვალიშვილი ადასტურებს რუსული ენერგოგიგანტის მიერ ქართული აქტივების ქართული კომპანიისთვის მიყიდვის ფაქტს და აცხადებს: “დოკუმენტი არ მინახავს, თუმცა ინფორმაცია მაქვს, რომ საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ “ინტერ რაოსგან” ეს აქტივი შეიძინა.”

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრი თემურ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ძალიან კარგია, როდესაც რუსული გიგანტი ყიდის თავის აქტივებს და მას ყიდულობს ქართული კომპანია. ასეთი რამ საქართველოსთვის უცხო რამაა.

“რატომ გაყიდა “ინტერ რაო ეესმა”? აქ ორი მიზეზია – პირველი იმიტომ, რომ მეათე ბლოკი აფეთქებულია და დღემდე არ მუშაობს. მეცხრე ბლოკი საკმაოდ ნორმალურად მუშაობს, მაგრამ ბეჟუაშვილის კომპანია დღეს ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა და თბოელექტროსადგურებში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. შედეგად, ამ აქტივების შეძენა არ არის ცუდი და ისეთს არაფერს არ შეცვლის. ჩემი აზრით, ეს არ იმოქმედებს არც ტარიფზე. “ინტერ რაოს” რომ გაეყიდა სხვა აქტივი, მაგალითად, ხრამჰესები, მაშინ ეს ბევრ კითხვის ნიშანს გააჩენდა”, – განაცხადა თემურ ჭიჭინაძემ.

წყარო: For.ge