19/05/2024
Latest:
ეკონომიკა

რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის სახელმწიფო ქონების განკერძოებას

საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების ეფექტურ გზად “ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დამფუძნებელი” მათე გარდავა სახელმწიფო ქონების განკერძოებას მიიჩნევს. ორგანიზაციამ კონკრეტული პროექტიც შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ქონების განკერძოების პროცესი, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

საბაზრო ეკონომიკა მოითხოვს კერძო საკუთრების დომინირებას. საქართველო, როგორც პოსტკომუნისტური სახელმწიფო, ჯერ კიდევ ვერ ახერხებს მის ფორმირებას. დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია ქვეყნის ძირითადი  აქტივების 60-70%, რომელთა უმეტესი ნაწილი უნდა იყოს კერძო მესაკუთრეების საკუთრებაში. ესენია:

  1. სასოფლო-სამეურნეო მიწების 65%
  2. ხე-ტყის რესურსის 100%
  3. სასარგებლო წიაღისეული (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუთია და ა.შ.) 100% სახელმწიფო საკუთრებაში
  4. შენობა-ნაგებობები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გამოუყენებელია
  5. 1400 სახელმწიფო კომპანია

ერთადერთი გზა, რათა მოხდეს ამ ქონების ტრანსფორმაცია კერძო საკუთრებად არის მისი უფასო პრივატიზაცია!

ვერცერთი სახელმწიფო, მისი ქონების ამხელა წილის გაყიდვას ვერ შეძლებს ბაზარზე სწრაფად და ეფექტიანად!  ამ ქონების ბაზრისთვის მიწოდება ნიშნავს მიწოდების ზრდის შედეგად არსებული ფასების დაბლა დაწევას, კაპიტალის მოზიდვის ყველა შანსის გაქრობას. ასევე ეს პროცესი გაწელილია დროში!

მესაკუთრეებად უნდა ვაქციოთ თითოეული ჩვენი მოქალაქე! ეს შეუძლებელია ამ აქტივების გაყიდვით, რადგან მათი უმეტესი ნაწილი მსყიდველობითი უნარის გარეშეა!

რატომ არის საჭირო სახელმწიფო ქონების განკერძოება?

მაგალითად რუსთაველის გამზირზე, მანამ, სანამ კომერციული ფართების მიმწოდებელი და მისი გამყიდველი იყო სახელმწიფო, 1 კვ/მ კომერციული ფართის ფასი შეადგენდა 40 აშშ. დოლარს. ამ აქტივების განკერძოებას მოყვა ფასების თავისუფალი ნახტომი და მიაღწია 3000 აშშ. დოლარს. ფასების ასეთმა ზრდამ მოიზიდა კაპიტალი და გაზარდა მესაკუთრეების ეკონომიკური თავისუფლება!

ასევე იყო სხვა ურაბანული მიწების ფასებიც. მაგალითად დიღომში, 1 კვ/მ მიწის ფასი შეადგენდა დაახლოებით 50 ცენტს, მანამ სანამ ამ ქონების მესაკუთრე და მიმწოდებელი ბაზარზე იყო სახელმწიფო. როგორც კი ეს ქონება გადავიდა კერძო მესაკუთრეების საკუთრებაში მაშინვე მივიღეთ ფასების ზრდა დაახლოებით 30 აშშ. დოლარამდე.

სახელმწიფო ქონების სრულ განკერძოებას მოყვება ამ ქონების ფასების ზრდა, კაპიტალის მოზიდვა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ეკონომიკური თავისუფლების სხვა სიბრტყეზე გადასვლა!  ამ ეფექტს განსაზღვრავს ეკონომიკაში არსებული კანონი, რომელიც ცნობილია წარმოების ფაქტორთა ფასების გამოთანაბრების კანონად!

სახელმწიფო ქონების განკერძოების პილოტის ნუსხა:

  • 18 000 მიწის ნაკვეთი
  • 16 საბადო
  • 540 შენობა-ნაგებობა
  • 36 სახელმწიფო კომპანია

პროცესი გრძელდება 8 თვის განმავლობაში. ყოველი თვის დასაწყისში ქვეყნის თითოეული მოქალაქე იღებს 1000 ინვესტს საჩუქრად. მათი მიღება ქვეყნის რეზიდენტებს შეუძლიათ სპეციალურად შერჩეულ ბანკებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შედეგად.

როგორ ხდება აქტივების განკრეძოება?

მათი განკერძოება ხდება ღია და დახურულ აუქციონებზე. ღია აუქციონებზე ხდება მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობების განკერძოება. დახურულ აუქციონებზე – საბადოები, სახელმწიფო კომპანიები.

ყოველ თვე, მოქალაქეებმა იციან იმ ქონების რაოდენობა და ანგარიშები, რომლებიც განკერძოვდება.  ღია აუქციონები ხორციელდება დღეს არსებული მეთოდის ანალოგიურად!  მსყიდველობითი უნარი გააჩნია მხოლოდ ნაჩუქარ “ინვესტებს”! ანუ ამ ქონების ყიდვა შესაძლებელია “ინვესტებით”.

პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაძლოა მოქალაქეებმა “გაფლანგონ” მათი “ინვესტები”. მაგრამ როცა პერმანენტულად დაინახავენ, მათ მიერ “გაფლანგული” ინვესტების შედეგებს, უკვე მომდევნო თვეებში რაციონალურად გამოიყენებენ მათ. ეს კი გამორიცხავს ქონების დიდი ნაწილის კონცენტრაციას ადამიანთა ვიწრო წრის საკუთრებაში.

მაგალითი:  თვის პირველ რიცხვში აუქციონზე დაიდო მიწის ნაკვეთი  XXX. მოქალაქეები ახოეციელებენ ბიჯებს თავიანთი “ინვესტებით”. თვის ბოლოს ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იქნება ის, ვისაც ყველაზე მაღალი ბიჯი ექნება გაკეთებული! ეს პროცესი განხორციელდება ონ-ლაინ მეთოდით.

ყველა გატანილი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა განკერძოვდება მითითებულ დროში, რადგან მისი ყიდვა განხორციელდება ნაჩუქარი “ინვესტებით”!

როგორ ხდება სახელმწიფო კომპანიების და საბადოების განკერძოება?

მათი განკერძოება ხდება დახურულ აუქციონებზე.

მაგალითი:

  • სახელმწიფო ქმნის სააქციო საზოგადოებას;
  • აფასებს საბადოს მარაგებს;
  • მოცემული მარაგები გადააქვს სააქციო საზოგადოების ბალანსზე;
  • უშვებს აქციებს;
  • ახდენს აქციების მინიმუმ 75 პროცენტის განკრეძოებას;

მოქალაქეები მიდიან თვის განმავლობაში ბანკებში და წინასწარ ცნობილ ანგარიშებზე შეაქვთ “ინვესტები”.  თვის ბოლოს ანგარიშები იხურება, შედეგები იგზავნება სახელმწიფოს მიერ შექმნილ სამსახურში და ხდება შეჯამება. მესაკუთრეების სია ქვეყნდება არაუგვიანეს 3 დღეში.

თუ თქვენ შეიტანეთ 1000 ინვესტი და ჯამში შეტანილი ინვესტების რაოდენობა აღმოჩნდა 100 000, მაშინ თქვენ მიიღებთ სააქციო საზოგადოების აქციების 1 პროცენტს.

აქციონერები ირჩევენ მენეჯმენტს. საუკეთესოდ ამ საკითხს ალბათ წყვეტს ამერიკული მოდელი! თუმცა ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება.

საიდან ჩნდება კაპიტალი, დაფინანსება?

მოცემულ სააქციო საზოგადოებას, რომელსაც ბალანსზე აქვს ქონება წიაღის სახით, მაგრამ ჯერ საქმიანობა არ დაუწყია, გაუჭირდება გასვლა საერთაშორისო ბირჟებზე. მაგალითად ლონდონის ბირჟა მოითხოვს ლისტინგის გავლას, რაც, არც ისე იოლია. თუმცა, რადგან მოცემული სააქციო საზოგადოება პრაქტიკულად თავისუფალია რისკებისგან, ის შეძლებს მაგალითად ტორონტოს და სხვა საერთაშორისო ბირჟებზე აქციების გატანას, სადაც იმ კომპანიებს გააქვთ აქციები, რომელთაც წარმოება ჯერ არ დაუწყიათ.

რატომ უნდა დაინტერესედნენ ინვესტორები ამ აქციებით?

ინვესტორებმა კარგად იციან ის, თუ რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს პოსტკომუნისტური ქვეყნიდან გასული აქციები. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჭარბი მიწოდებით დაკნინებულ ფასებად გასულ ქონებას აქვს ფასების ზრდის დიდი პოტენციალი!  მოცემული წიაღის აქციებით ასევე დაინტერესედებიან ტოპ კომპანიები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი კალათის დივერსიფიცირებას.

როგორც კი, სააქციო საზოგადოებების აქციების თუნდაც 1% გაიყიდება საერთაშორისო ბირჟებზე, ეს უკვე ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების ხელთ არსებული აქციების ფასების ლეგიტიმაციას, ლიკვიდურობის ზრდას.

სააქციო საზოგადოებას შეუძლია კაპიტალის მოზიდვის მიზნით დამატებით გამოუშვას აქციები, ან არსებული უკვე ლიკვიდური ქონების უზრუნველყოფით მოიზიდოს გრძელვადიანი და იაფი სესხი. მოცემული კაპიტალი სააქციო საზოგადოებისთვის იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების შეძენის და რენტაბელობის მიღწევის წინაპირობა.

საერთაშორისო ბირჟებზე დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებენ ინტეგრაციას უკვე განკერძოებული სახელმწიფო კომპანიები, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა გახდეს მომგებიანი და დღევანდელისგან განსხვავებით თვითონ დააფინანსოს ბიუჯეტი.

სააქციო საზოგადოებებს, რომელთაც არ დაუწყიათ წარმოება, მაგრამ ბალანსზე აქვთ საბადოები ქონების სახით, არ გაუჭირდებათ მსოფლიო ბირჟებზე ინტეგრაცია!