07/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ირაკლი თედორაძე: საქართველოში მევახშეობის შესახებ კანონია მისაღები

საქართველოში არსებული სოციალურ ეკონომიკური ფონი ბოლო დროის განმავლობაში არც თუ ისე სახარბიელოა და ის ვერ აკმაყოფილებს თუნდაც განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დამოკიდებულია ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, კერძო მევახშეების ვალზე, რომლებიც საერთოდ სამართლებრივი რეგულირების გარეთ არის დარჩენილნი და ძნელია ვივარაუდოთ თუ რაოდენ კაბალურ ხელშეკრულებებს და საპროცენტო განაკვეთებს აწესებენ ისინი.

ხშირ შემთხვევაში ასეთი ვალები ხდება პრობლემური და მსესხებელი სულ რაღაც თვეებში კარგავს მის ქონებას, რომლითაც სესხი იყო უზრუნველყოფილი სასამართლო პრაქტიკის შესწავლის შემდგომ ააიპ ეკონომიკის და სამართლის საერთაშორისო  საბჭოს ახალგაზრდა სპეციალისტების ჯგუფმა დაიწყო მუშაობა კანონპროექტზე, რომლის მთავარი მიზანი იყო სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცია „კერძო მევახშეობა“ და ასევე  ქმედითი ცვლილებები შეეტანა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების პირობებში, რათა გამოესწორებია არსებული პრაქტიკა.

 მუშაობის შედეგად გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:

1. პირგასამტეხლოს გაანგარიშების არასამართლიანი მეთოდიკა, რომელიც გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს მსესხებელს.

მოგეხსენებათ მისი გათვლა ხდება ძირი თანხიდან და ხშირად ის დარჩენილ შესატანზე მეტია/

2. იპოთეკურ ხელშეკრულებებში ეფექტური პროცენტი წლიური აღემატება 150%–ს, რაც ალბათ ეჭვს არავის უტოვებს, რომ არასამართლიანია

3. კერძო მევახშეობა საერთოდ არ რეგულირდება სამართლებრივი ნორმებით და ხშირ შემთხვევაში ასეთი გარიგებები არ აისახება მევალეთა რეესტრში, რაც ხელს უშლის სფეროს განვითარებას და ისედაც ეკონომიკურად გასაჭირში მყოფი მსესხებელი დაუცველი რჩება მომავალში.

4. სესხით უზრუნველყოფილი ქონების აუქციონზე რეალიზების მანკიერი პრაქტიკა

თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან მაგალითს კალიფორნიის შტატში თუ როგორ რეგულირდება მევახშეობა

• მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი არის 10%

• სესხი შეიძლება გახდეს ,,მევახშური” თუ ის გადაცდა 10%–ს წელიწადში. (ანუ არა პირდაპირ ფიქსირებული პროცენტი, არამედ დამატებითი ღირებულებები, რამაც საბოლოოდ სესხის პროცენტი აწია, ანუ არაპირდაპირ, მაგ: დამატებითი გადასახადებით საკომისიოებით და ა.შ.)

• კალიფორნიის კანონით მევახშეობის შესახებ (California’s usury law) 15–ე თავის პირველი ნაწილით, კონსტიტუციით და 10 სხვადასხვა კოდიფიცირებული კანონით იზღუდება პროცენტის ლიმიტი.

• თუ დამტკიცდება, რომ გარიგება არის ,,მევახშური,”  სესხის გამცემს დაეკისრება მკაცრი საჯარიმო სანქციები, მაგ:

1. მსესხებელს შეუძლია სარჩელი აღძრას იმ ფულზე, რომელიც წინასწარ გადაიხადა 2 წლის პერიოდში საქმის წარმოებამდე.

2. მსესხებელს შეუძლია მოითხოვოს 1 წლის განმავლობაში გადახდილი არაკანონიერი თანხის 3–ჯერ მეტი რაოდენობის უკან დაბრუნება.

3. იმ შემთხვევებში, როცა მევალის პირობები ავიწროებს, თაღლითურია ან წინასწარგანზრახულად ცუდი, მსესხებელი შესაძლოა არ გადაიხადოს ზარალი

4. მსესხებელს შეუძლია მიიღოს განაჩენი, რომ გაწყვიტოს ყველა მომავალი პროცენტი, რის თანახმადაც შეიცვლება სესხის პირობები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შინაარსიდან გამომდინარე ვხვდებით რომ ის უპირატეს მდგომარეობაში აყენებს სესხის გამცემს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც სამართლიანობის პრინციპს ასევე თანასწორობის პრინციპს

თვალსჩინოებისთვის

• სსკ-ის 301-ე მუხლს 2007 წელს დაემატა შემდეგი შინაარსის 1¹ ნაწილი: “მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.

ამავე დროს სსკ–ის 870–ე მუხლის 1 ნაწილში ვკითხულობთ:

1. თუ კრედიტის გაცემისას შეთანხმებულია სანივთო ან პიროვნული უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტის გამცემს სესხის არასრულად დაფარვისას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება.

სსკ-ის 870-ე I მუხლი უპირატეს მდგომარეობაში აყენებს კრედიტის გამცემ ორგანოს, აძლევს  მას შესაძლებლობას თვითნებურად გამოიყენოს უზრუნველყოფის სხვა საშუალება, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებით სრულად ვერ დაიფარა მის მიერ გაცემული სესხი.

თავად საბანკო დაწესებულებებში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ დაწესებულებასა და კლიენტს შორის დასადები იპოთეკის ხელშეკრულების შაბლონი ყოველთვის შეიცავს მსგავსი შინაარსის დათქმებს, მაგალითად: თუკი მესამე პირთა მოთხოვნის გამო საფრთხე ექმნება უზრუნველყოფილ მოთხოვნას, საბანკო ან საკრედიტო დაწესებულება უფლებამოსილია მესაკუთრისაგან მოითხოვოს იპოთეკის საგნის (ან მისი ნაწილის) შეცვლა ან/და იმ დამატებითი ქონების ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის დატვირთვა თავის სასარგებლოდ, რომლითაც შესაძლებელი იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველყოფა. მესაკუთრე ვალდებულია ბანკის მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ასეთის არ არსებობისას ბანკის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დააკმაყოფილოს მოთხოვნა იპოთეკის საგნის (ან მისი ნაწილის) შეცვლის ან/ და დამატებითი ქონების ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მის სასარგებლოდ დატვირთვის შესახებ. თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით დაგახდევინება მიაქციოს მოვალის სხვა ნებისმიერ ქონებაზე.

რაც შეეხება აღსრულებას, აქაც ვაწყდებით ხარვეზებს:

სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ მოვალეს ან მესამე პირის მიერ გადახდილი თანხა აუქციონის გაუქმებას არ გამოიწვევს და აუქციონი ჩვეულებრივი წესით ჩატარდება.

ქართულ სამართალში მას შემდეგ, რაც კრედიტორის განცხადების საფუძველზე სააღსრულებლო წარმოება დაიწყება და დაინიშნება აუქციონი, საკმაოდ მწირ შესაძლებლობას აძლევს მოვალეს იძულებითი აუქციონს და შესაბამისად ქონების დაკარგვას აარიდოს თავი. მთავარი აქცენტი კანონმდებელს კრედიტორის ნებისმიერი ფორმით დაკმაყოფილებაზე აქვს გაკეთებული

გამომდინარე აქედან კანონპროექტი შეიცავს შემდეგ მთავარ იდეას:

1. ცვლილებები შევიდეს სამოქალაქო კოდექსი მანკიერი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად

2. კერძო მევახშე აუცილებლად უნდა იყოს ინდ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირი და მისი საქმიანობა უნდა ექვემდებარებოდეს როგორც ზემოთაღნიშნულ კანონს და სფეროში მოქმედ რეგულაციებს

3. განისაზღვრება მევახშე როგორც ცნება სამართლებრივად

4. მოხდება მევახშეთა დაბეგვრა საგადასახადო კოდექსის თანახმად

5. მსესხებლის უფლებები იქნება დაცული და ისენი თანაბარ პირობებში იქნებიან მიკროსაფინანსოებსა და  მევახშეებთან

6. კერძო მევახშეს უნდა დაუწესდეს სესხის გაცემის ლილიტი (5000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში)

7. საქართველოს ტერიტორიაზე კერძო მევახშეებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარში ყოველგვარი დათქმების და ექვივალენტების გარეშე

8. პირგასამტეხლო უნდა გაითვალოს მხოლოდ დარჩენილი ძირი თანხიდან და არა თავდაპირველი სესხს ოდენობიდან

9. აუქციონზე გატანილი ქონება უნდა იქნას რეალიზებული მხოლოდ საბაზრო ფასად ხოლო თუ ეს შეუძლებელი იქნება რეალიზებული ქონებიდან ამოღებული თანხით ხდება სესხის უზრუნველყოფა და ამით ქრება ვალი სრულად.

10. მსესხებლის მიერ მომავალში შეძენილი ქონებაზე არ შეიძლება გავრცელდეს აღსრულება (ამ შემთხვევაში უკვე კრედიტორი თავიდან გათვლის რისკებს და აღარ მოხდება კაბალური ხელშეკრულებების დადება, ისევე როგორც  საკმარისი უზრუნველყოფის გარეშე თანხების გასესხება)

პროექტი

მევახშეობის შესახებ კანონი

კანონის მიზანია

დაარეგულიროს და სამართლებრივ სივრცეში მოაქციოს მევახშეობა.

მიკრო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაცემული სესხების  პირგასამტეხლოს და საჯარიმო სანქციების დარიცხვის რეგლამენტირება

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს კანონი არეგულირებს მევახშეთა და მსესხებელს შორის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1. მევახშეობა – კერძო სამართლებრივი ურთიერთობა მევახშესა და მსესხებელს შორის.

2. მევახშე  – ფიზიკური პირი, რომელიც გასცემს ფულად თანხას სესხის სახით პროცენტით

ან/და ქონების უზრუნველყოფით მსესხებელზე;

3. მსესხებელი – ფიზიკური პირი ან იურიდიული რომელზეც მევახშე გასცემს სესხის თანხას;

მუხლი 3. მოთხოვნები მევახშისადმი

მევახშე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე რომელიც არის:

• სრული ქმედუნარიანი;

• 21 წლის ასაკიდან;

• საბანკო ანგარიშზე გააჩნია არანაკლებ 5000 ლარისა;

• გააჩნია დადასტურებული შემოსავალი;

• რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.

მუხლი 4. ხელშეკრულების დადების პირობები

1. ხელშეკრულება ფორმდება წერილობით ფორმით და მოწმდება ნოტარიულად ან რეგისტრერდება საჯარო რეესტრში.

2. ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ძირი თანხა, პროცენტი და პირგასამტეხლო.

3.კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფორმის პირველადი დარღვევის შემთხვევაში მევახშეს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით, ხოლო მესამედ დარღვევის შემთხვევაში მოხდება საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

მუხლი 5. პირგასამტეხლო გაანგარიშების წესი

1. პირგასამტეხლო ანგარიშდება ძირი თანხის დარჩენილი ნაწილიდან.

2. პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდება თუ იგი გაუტოლდება დარჩენილ ძირ თანხას.

წყარო: commersant.ge