აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი თბილისში ახალ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი EEU ახალ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს. უნივერსიტეტის ასაშენებლად 8287 კვ.მ. ფართი უნივერსიტეტმა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე 1 328 000 ლარად შეიძინა.
უნივერსიტეტი საუნივერსიტეტო კომპლექსს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ააშენებს.
ახალ უნივერსიტეტში რამდენიმე სასწავლო-სამეცნიერო კორპუსი, ბიზნეს აქსელატორი, ლაბორატორიები, ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი შენობები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლიტერატურის მაღაზია, საცურაო აუზი, სპორტული და რეკრეაციული მოედნები მოეწყობა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში 5 ფაკულტეტია და შვიდი საბაკალავრო, შვიდი სამაგისტრო და 2 სადოქტორო პროგრამა ხორციელდება. ამჟამად უნივერსიტეტში 1000-მდე სტუდენტი სწავლობს. მენეჯმენტში აცხადებენ, რომ სამომავლოდ აგრომენეჯმენტის მიმართულებით აგროტექნოლოგიების განვითარებას და ინოვაციური პროექტების დანერგვას აპირებენ.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ასევე ჩართულია Erasmus+ პროგრამაში და მაგისტრატურის სტუდენტები სწავლას აგრძელებენ ლინცის (ავსტრია), ლოძის (პოლონეთი), ბრატისლავას, ტალინის, რიგის და კონსტანტას უნივერსიტეტებში.
ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ თანამედროვე, დასავლური ტიპის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ქვეყნის განათლების სისტემაში.