საზოგადოება

ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე ადრეანტიკური ხანის ნაქალაქარი აღმოაჩინეს

ანაკლიაში, მშენებარე პორტის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ორი ძლიერი კულტურული ფენა, რომელიც წმინდა კოლხურ ნამოსახლარს წარმოადგენს და ძვ. წ.აღ. VI-IV საუკუნეებით თარიღდება. ინფორმაციას რადიო “ათინათი” ავრცელებს.

არქეოლოგიური კვლევა-ძიება ე.წ. ლაზიკის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. აღნიშნულ ექსპედიციას არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა. ზუგდიდის გამგეობის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას ინფორმაციით,   კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 4 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული.

“დაფიქსირდა ბათქაშებით წარმოდგენილი ძელურ-ბათქაშიანი შენობის ნანგრევები და სხვადასხვა არტეფაქტები, მათ შორის იმპორტული და ადგილობრივი კერამიკული ნაწარმი. მაგალითად, ამფორის პირგვერდი და ძირგვერდი, კოლხური სასმისი, ვაზისებური ჭურჭელი და სხვა”, – თქვა ლაშა ჯიქიამ.

ექსპედიციის მონაწილე არქეოლოგების ვარაუდით, პირველ ფენაზე არსებული ნაგებობები, რომლებიც სპეციალურად გაკეთებულ მკვრივ ყვითელ თიხატკეპნილზე მოზვინულ ფენაზე იყვნენ განლაგებული, გაურკვეველი მიზეზების გამო განადგურდა.

ექსპედიციის მონაწილეები მიიჩნევევნ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი დასახლება ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული არქეოლოგიური ობიექტია ენგურ-რიონის ორმდინარეთში, გამოკვეთილია “ციტადელით”, გარშემო თხრილით და მის მიღმა ვაკეზე გამართული საცხოვრებელი სახლებით.

“წარმოდგენილია 2 500 წლის წინანდელი ერთი კოლხური სოფლის, თუ ქალაქური ტიპის დასახლება, რომელიც ჩანს, რომ მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბერძნულ სამყაროსთან”, – აცხადებენ ექსპედიციის მონაწილეები.

აღმოჩენილი დასახლების მიმართ არქეოლოგების ინტერესს ის გარემოებაც ზრდის, რომ ის ზღვის სანაპიროდან 1 კმ-თაა დაშორებული, რაც იშვიათობას წარმოადგენს. ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, რომ არქეოლოგიური აღმოჩენით “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” წარმომადგენლები დაინტერესდნენ. მათივე თქმით, პროექტი უკვე მზადდება და ანაკლიაში გათხრები მომდევნო წლის ზაფხულში განახლდება.

წყარო: 2030