“აქციზის ზრდა ინვესტორებისთვის ცუდი ნიშანია და სიგარეტის კონტრაბანდის რისკებს ზრდის”
პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ზუსტი პროგნოზირება, რამდენი პროცენტით შეამცირებს თამბაქოზე აქციზის ზრდა მის მომხმარებელთა რაოდენობას, შეუძლებელია.
ჯაფარიძე ცინიზმს უწოდებს მტკიცებას, რომ თამბაქოს გაძვირებით მთავრობა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და განმარტავს, რომ ადამიანები ნაკლებ ხარისხიან სიგარეტს იყიდიან.
„შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება იმის შესახებ თუ თამბაქოს გაძვირება ზუსტად რამდენი პროცენტით შეამცირებს მოხმარებას, მაგრამ მთავარი საკითხი ეს არ არის, მთავარი ის არის რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელის შემოღებით ბიუჯეტს აკლდება დაახლოებით 500 მლნ ლარი და მთავრობა ცდილობს ამ თანხის სხვა გადასახადებიდან ამოღებას, მაშინ როდესაც ის უნდა ამცირებდეს ბიუროკრატიულ და პროპაგანდისტულ ხარჯებს. ცინიზმია იმის მტკიცება რომ თითქოს მთავრობა ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობაზე და ამიტომ აძვირებს თამბაქოს. რეალობა იქნება ის რომ ადამიანები მაინც მოწევენ გაძვირებულ თამბაქოს, მაგრამ დარჩენილი ნაკლები თანხებით იყიდიან უფრო ცოტა და ნაკლები ხარისხის საკვებ პროდუქტს, ექნებათ ნაკლები ფული წამლებისთვის და ასე შემდეგ. ეს გადაწყვეტილება არის ხალხის სიგარეტის ფულით არაფრისმაქნისი ბიუროკრატიის შენახვის გადაწვეტილება და არა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თუ აქციზის გადასახადის ზრდა კარგია რატომ ვზრდით მას იმ ზომით რა ზომითაც ვზრდით და რატომ 2-3 ჯერ ან მეტად არ ვზრდით ? სინამდვილეში საქმე გვაქვს უბრალოდ გადასახადების ზრდასთან და სხვა არაფერთან“,- განმარტავს ჯაფარიძე.
„გირჩის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მთავრობის მიერ მუშაობის გადასახადების ზრდით დაწყება ინვესტორებისთვის ცუდის სიგნალია.
„მთავრობამ სამწუხაროდ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ერთი სწორი ნაბიჯი, ვგულისხმობ მოგების გადასახადზე ესტონური მოგების შემოღებას, ანუ გადასახადების შემცირებას, ჩაანაცვლა მეორე არასწორი ნაბიჯით და გაზარდა სხვა გადასახადები. ეს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ცუდია როგორც წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ცუდია როგორც სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ ახალმა მთავრობამ მოღვაწეობა გადასახადების ზრდით დაიწყო“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, თამბაქოზე აქციზის მატებით ქვეყანა კონტრაბანდის გაჩენის რისკის ქვეშ დგება.
„კონტრაბანდის რისკი არსებობს და ამ პრობლემის წინაშე ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებული ქვეყნები დგანან, ქვეყნები რომლებსაც გაცილებით დიდი რესურსი აქვთ ეფექტურად გააკონტროლონ თავიანთი ქვეყნის საზღვრები. ამის კარგი მაგალითია დიდი ბრიტანეთი სადაც თამბაქოს ბაზარზე პროდუქტის დაახლოებით 30 % -მდე კონტრაბანდულია“,- მიიჩნევს ჯაფარიძე.
აქვე „გირჩის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ქვეყანამ თავის საგადასახადო პოლიტიკაზე გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოს.
„საქართველოს მთავარი პრობლემა არის სიღარიბე, რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით არის ძალიან მცირე. იმისთვის რომ დავძლიოთ სიღარიბე საჭიროა სწრაფი ეკ. ზრდა, ხოლო სწრაფ ეკონომიკური ზრდისთვის საჭიროა მათ შორის, მინიმუმ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით კონკურენტული უპირატესობის მოპოვება. ამიტომ საქართველომ თავის საგადასახადო პოლიტიკაზე გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს თავად ,საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ინტერესი კი ინვესტიციებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემოს შექმნაა და ეს გადასახადების გაზრდით ნამდვილად არ იქმნება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.