04/05/2024
Latest:
საზოგადოება

“არჩევნებზე აქტიურობა რომ ყოფილიყო 78-80%-ის ფარგლებში, ამდენ პროცენტს ”ნაცმოძრაობა” ვერ აიღებდა”

არჩევნებზე აქტიურობა რომ ყოფილიყო 78-80 პროცენტის ფარგლებში, ამდენ პროცენტს ”ნაციონალური მოძრაობა” ვერ აიღებდა, – ამის შესახებ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრმა, ზაზა ხუციშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ”ნაციონალების” რეიტინგი დაახლოებით 15%-ის ფარგლებში ტრიალებს და ბევრჯერ აღმინიშნავს, რომ რაც უფრო მაღალი იქნებოდა ამომრჩევლის აქტიურობა, მათი პროცენტი დაბლა დაიწევდა და პირიქით, თუკი შედარებით ნაკლები ხალხი მივიდოდა, ეს პროცენტი შედარებით გაიზრდებოდა. შეიძლება სხვადასხვა მოსაზრება იყოს აქტიურობაზე, მაგრამ განსაკუთრებით მაღალს ვერ დავარქმევთ. არჩევნებზე აქტიურობა რომ ყოფილიყო 78-80 პროცენტის ფარგლებში, ამდენ პროცენტს ”ნაციონალური მოძრაობა” ვერ აიღებდა”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, 50%-იანი ბარიერი ძალიან სერიოზული გამოწვევაა და სერიოზული მხარდაჭერაა იმისთვის საჭირო, რომ კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვოს.

”50%-იანი ბარიერი არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. ჩვენთან დაახლოებით 44 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან ნაწილმა მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერაა საჭირო, იმისთვის, რომ მოიგო პირველივე ტურში. რა თქმა უნდა, ამ ბარიერის გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო მეორე ტურები ბევრ ოლქში. ამას აქვს ახსნა, ნებისმიერი კვლევა, რომელზეც ჩვენ ვაკეთებდით განცხადებას, იყო რეალურ გათვლებზე დაყრდნობილი და ალბათ საზოგადოებამ ნახა, რომ იმას, რასაც ვაცხადებდით არჩევნების წინ პრაქტიკულად შესრულდა. ეს არის როგორც პარტიული, ასევე მაჟორიტარული რეიტინგები, რომლებიც ტრიალებს 48-49-50 პროცენტის ფარგლებში. ჩვენ ტყუილი არ გვითქვამს და ჩვენთვის არ იყო მანიპულირების მეთოდი არარეალური პროცენტების დასახელება”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

ხუციშვილის განცხადებით, ”ქართული ოცნება” მეორე ტურებში 100%-იან გამარჯვებას ელოდება.

”ჩვენს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ხმები წაართვეს ”თავისუფალმა დემოკრატებმა”, ”რესბუბლიკურმა პარტიამ” სხვა კანდიდატებმა, რომლებიც არავითარ შემთხვევაში ”ნაციონალურ მოძრაობასთან” არ წავა. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” რა შედეგიც დადო, ეს არის მისი მაქსიმუმი. სამთვიანი დაუღალავი შრომის შედეგი, რომელიც მათ გაწიეს. ჩემს რაიონში ბინა არ დაუტოვებიათ, რომ არ დაეკაკუნებინათ. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” უარი განაცხადოს მეორე ტურში, რადგან პრაქტიკულად არანაირი შანსი არ აქვთ, მათი ფინანსური რესურსიც ამოწურვადია. მე ვფიქრობ, რომ მათი მთავარი ფინანსისტი ვინც არის დიდი ენთუზიაზმით მეორე ტურს აღარ დააფინანსებს, რადგან პრაქტიკულად ეს იქნება წყალში გადაყრილი ფული”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.