04/05/2024
Latest:
საზოგადოება

ჩინეთი მზად არის საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის

ჩინეთი მზად არის საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, – ამის შესახებ პეკინში ჩინეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე საკონსულტაციო შეხვედრაზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ორი ქვეყნის ტურიზმისა ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მხარეებმა განიხილეს ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ კონსულტაციები საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის 1994 წ. გაფორმებული შეთანხმების ტურისტული ჯგუფების უვიზო მიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების ზრდას.

მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო შეხვედრების რეგულარული ხასიათის თაობაზე და დაიგეგმა შესაბამის სამოქმედო გეგმასთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის უახლოეს მომავალში გაფორმება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მხარეს ჩინეთში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობების წახალისების კუთხით.