17/05/2024
Latest:
საზოგადოება

დარია გოგია: ასეთი, ხალხზე გათვლილი რეფორმა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არასდროს განხორციელებულა

 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები მისაღებია კლინიკა „ენმედიცის“ მეან-გინეკოლოგ დარია გოგიასთვის. ექიმმა მოკლედ შეაფასა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმისა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები:

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა, რა თქმა უნდა, მომწონს. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევის შედეგად გაიზრდება მიმართვიანობა ექიმთან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოჯახის ექიმთან ვიზიტი უფასოა. ხშირად ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაციენტისთვის. გარდა ამისა, პაციენტების დიდ ნაწილს უჭირს იმის განსაზღვრა, თუ რომელ ვიწრო სპეციალისტს უნდა მიაკითხოს. ეს რეფორმა უზრუნველყოფს, პაციენტმა ზუსტად იცოდეს, საჭირო დროს ვის მიმართოს, ანუ ამ შემთხვევაში,ოჯახის ექიმს. საჭიროების შემთხვევაში კი, სწორედ ოჯახის ექიმის მოვალეობაა პაციენტის გადამისამართება ვიწრო სპეციალისტთან.

რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ძალიან კარგი და უმნიშვნელოვანესი რეფორმაა. პაციენტები ნამდვილად კმაყოფილები არიან. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ხელმოკლედ ცხოვრობს. მათ ნამდვილად არ ჰქონდათ საშუალება,გაეკეთებინათ ძვირადღირებული ოპერაციები. ამ პროგრამამ კი უამრავ ადამიანს აჩუქა სიცოცხლე და იხსნა სიკვდილისგან. მსგავსი, ხალხზე გათვლილი რეფორმა,  საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არასდროს განხორციელებულა“.

დარია გოგიამ მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა გაძვირებული პრეპარატების გამო:

„რაც შეეხება მედიკამენტების ფასებს, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან გაძვირდა წამლები. ადამიანების იმ ჯგუფისთვის, რომლებსაც არ აქვთ დაფინანსება მედიკამენტებზე,  ძალიან რთული სიტუაციაა. ისინი ფიზიკურად ვერ ახერხებენ მედიკამენტების ყიდვას და გამოთქვამენ უკმაყოფილებას. ასევე მეტისმეტად რთული ვითარებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს. მოგეხსენებათ, ამ პაციენტებისთვის პრეპარატის შეწყვეტა შესაძლოა, სიკვდილის ტოლფასიც იყოს. ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს გარკვეული ზომები, რაც გამოასწორებს ამ სიტუაციას.

ამ რთული ვითარებიდან ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ფარმაცევტული ბაზრის გენერიკებით გაჯერება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გენერიკული მედიკამენტები უნდა იყოს ხარისხიანი, რასაც შესაბამისი ორგანოები მკაცრად გააკონტროლებენ,“ – განაცხადა დარია გოგიამ.